skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალებში ფულის გათეთრების ელემენტები არ იკვეთება

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც 9 იანვარს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, განაცხადა, რომ საქმის მასალებში „არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად“.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში და უფლება აქვს საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება 15 იანვარს, რომ ლომჯარიას წერილობითი მოსაზრება ეყრდნობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ანალიზს“.

დოკუმენტში განხილულია, თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია არსებობდეს უკანონოდ მოპოვებული „შავი ფული“, რომლის ფულად-საკრედიტო სისტემაში ინტეგრაციას ცდილობს დამნაშავე. პრედიკატული დანაშაული, როგორც წესი, რეგულარულ, არაერთგზის დანაშაულს გულისხმობს“, – ნათქვამია მოსაზრებაში, რომლის თანახმადაც, „საქმეში არ იკვეთება არათუ მსგავსი განმეორებადი, არამედ თუნდაც ერთჯერადი წინასწარი, პრედიკატული დანაშაულის ჩადენა“.

დოკუმენტის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით, არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები და ამავდროულად, საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის მათ ანგარიშზე უკან დაბრუნება, რაც „დანაშაულის ჩადენის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს“.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, „სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, რომელიც ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს“. ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ „აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში“.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს, თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ფულის გათეთრებაში წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა, მოგვიანებით კი, მათი საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებდნენ, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

მიმდინარე სამართლებრივი დევნის ფონზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ – ჯერ თიბისი ბანკში, შემდეგ კი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული პოსტები დატოვეს.

ამჟამად, ხაზარაძე პოლიტიკური კავშირის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button