skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილებით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს და ასევე, მის ყოფილ მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს 700 000-700 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ და პროკურორთან შეთანხმების გარეშე, ქვეყნის საზღვრების დატოვება შეეზღუდათ.

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ბიზნესმენებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით დღეს მიმართა. საგამოძიებო უწყება თითოეული მათგანისთვის მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ თანხის მოცულობა შეამცირა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ფულის გათეთრებას ან რაიმე ტიპის დანაშაულს აქვს ადგილი, არ არსებობს“, – განმარტა მან და იქვე დასძინა: „დაზარალებულთან დაკავშირებით პროკურატურამ თქვა, რომ არც არის და არც არასდროს იქნება“.

მისივე თქმით, საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს არის ჩანიშნული. „გადავდივართ იმ რეჟიმში, როდესაც ჩვენ უპირობოდ დავადასტურებთ ჩვენს სიმართლეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მედიასთან თავად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემაც შეაფასეს. „დღეს მე დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ ეს ჩემს თავზე დავინახე, მე დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან“, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და იქვე დასძინა, რომ „ეს ინსტიტუციები თავიდან არის ასაშენებელი“.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ერთი პირი მართავს ინსტიტუციების გარეშე, რომელიც ამ ქვეყნის დირიჟორია და მას „ძალიან ცუდი და უცოდინარი შემსრულებლები“ ჰყავს. მას ამ პირის ვინაობა ღიად არ დაუსახელებია, თუმცა ცხადია, რომ ის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა.

„მათგან განსხვავებით, არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში. მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს“, – თქვა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მან მის მიერვე დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, ეს მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური“ და „ძალიან ფართომასშტაბიანი“.

„აქ იქნება აბსოლუტურად ახალი თაობა და პროფესიონალები. ძალა, რომელსაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად და იქ ნეპოტიზმს და კლანურ, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

ხაზარაძემ ბრძოლის პირობაც დადო და ხაზგასმით აღნიშნა: „ეს სისტემა, მე გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა. ძალიან მალე ესენი სახლში წავლენ. ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ დღეს გირაო დამადეს… ეს არის სირცხვილი. მე ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ქვეყანაში“.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით კი, მიმდინარე პროცესი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი უნდა გახდეს და „ასეთი აბსურდული ბრალდებები“ მომავალში არავის მიმართ უნდა იყოს წაყენებული და ეს ბოლო შემთხვევა უნდა იყოს. „ეს არის იმდენად დიდი ზიანის მიმყენებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამის დაშვება აღარ შეიძლება. ჩვენ უნდა დავუშვათ პრეცედენტად, რომ ეს იყოს ბოლო შემთხვევა“, – განაცხადა მან.

ჯაფარიძის შეფასებით, „ფაქტია და პირდაპირ ჩანს“, რომ საქმეზე სიმართლისა და ფაქტების დადგენის სურვილი არავის აქვს და გამოკვეთილი მიზანი მისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის ზიანის მიყენება, საქმიანობის შეზღუდვა და მათი წონასწორობიდან გამოყვანაა, რაც „არ მოხდება“. მისივე თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და საქმის ყველა დეტალს გაასაჯაროებენ.

იმისათვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნას და ის არ შეფერხდეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მათ მიერ დაკავებული თანამდებობების დატოვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრეს და განმარტეს, რომ მათ ადგილს მაღალი რეპუტაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანები დაიკავებენ, რომლებიც მოლაპარაკებებს ყველა მხარესთან გააგრძელებენ, მათ შორის, ხელისუფლებასთან. 

შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საჯარო რეესტრში 2014 წელს დარეგისტრირდა. კონსორციუმში მამუკა ხაზარაძეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძეს კი – მისი მოადგილის თანამდებობა უკავია.

„კარგი გამოცდა იქნება შესაბამისი სტრუქტურებისათვის, რათა დაადასტურონ რომ მათ უნდათ ანაკლიის პროექტის გაკეთება. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობებს, მოვა ახალი ხალხი, თუ მათ უნდათ ანაკლიის [პროექტის დასრულება] მათ ეს შეუძლიათ, თუ [ამის შესახებ] მათი განცხადებები არის გულწრფელი, მაშინ მათ ხელი უნდა შეუწყონ პროექტის განვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს, 2008 წლის ტრანზაქციაზე, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში წაუყენა. პროკურატურა მათ ფულის გათეთრებას ედავება.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button