ახალი ამბები

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად გააცნეს

Tags

დღეს გენერალურ პროკურატურაში თიბისი ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და ასევე მის ყოფილ მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად გააცნეს. უწყება მათ ფულის გათეთრებას ედავება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს გენერალურ პროკურატურაში საკუთარ ადვოკატთან ზვიად კორძაძესთან ერთად, საღამოს ხუთი საათისთვის მივიდნენ. ბრალის ოფიციალურად გაცნობის შემდეგ, ზვიად კორძაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ბრალის დადგენილებას გარდა სათაურისა „ფულის გათეთრებასთან არაფერი აქვს“ საერთო.

„ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ სადავო ტრანზაქციას მასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

ჟურნალისტებთან თავად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემაც ისაუბრეს. ხაზარაძის თქმით, სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მოძრაობას უკვე ერთ წელზე მეტია აგრძელებს და ამაში ხელისუფლების ბევრი შტოა ჩართული. ის მთელ ამ პროცესს „ორკესტრირებულ შეტევად“ აფასებს, რამაც უკვე „სერიოზული ზიანი“ მიაყენა, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებებს და „საქართველოს საინვესტიციო კლიმატს“.

„დღეს ვიღებთ ამ განცხადებას ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონებლად, ისევ იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, არამედ საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს“, – აღნიშნა ხაზარაძემ და იქვე განმარტა, რომ ეს არა ხაზარაძის, არამედ მომავალი თაობების პროექტი, „საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა“ და „ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯია“.

„ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი…. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და ევროპული ორიენტაციის“, – განმარტა ბიზნესმენმა.

მანვე არ გამორიცხა, რომ, იმ „სამწუხარო ქაოსში, რომელიც დღეს ქვეყანაშია“ და რომელიც მშენებლობასა და ხვალინდელ დღეზე არ არის ორიენტირებული, სამართალდამცველი ორგანოები მათ დააკავებენ. ხაზარაძემ წაყენებულ ბრალს აბსურდი უწოდა და დასძინა: „ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შსს-ს ხელში ვართ ჩვენ“.

უკვე დამდგარ ზიანზე გაამახვილა ყურადღება ბადრი ჯაფარიძემაც და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ხაზარაძისა და მის მიმართ „პირადი დევნის“ გაგრძელება უწოდა. ჯაფარიძემ განმარტა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ყველა ის პროექტი, სადაც ის და მამუკა ხაზარაძე არიან ჩართულები, არ შეფერხდეს და მათ განხორციელებას პრობლემა არ შეექმნას.

„სამწუხაროდ ყოველი ასეთი ბრიფინგი, რომელიც ტარდება, იწვევს აფორიაქებას მთელ საინვესტიციო სამყაროში და ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არანაირი საფრთხე არცერთ ინსტიტუტს, სადაც აქციონერები ჩვენ ვართ, არ ემუქრება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შესახებ გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს და განმარტეს, რომ გამოძიება მათ 16.7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და ამის შესახებ ოფიციალურად 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს, დაახლოებით ორი კვირით ადრე, წინ მამუკა ხაზარაძის განცხადება უძღოდა, სადაც მან ქვეყანაშია არსებული „საგანგაშო“ ვითარების დეესკალაციის მიზნით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button