skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

პარლამენტმა 16 ნოემბერს გირჩი-მეტი თავისუფლებისა და ლელო საქართველოსთვის ლიდერებს – ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა.

მამუკა ჯაფარიძემ პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც 31 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე თქვა, რომ იგი პარლამენტს დატოვებდა. ამჟამად, საკანონმდებლო ორგანოში ლელოს სამი დეპუტატი რჩება, თუმცა ისინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპარლამენტო სესიებს ბოიკოტს უცხადებენ.

მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში მისი რომელიმე პარტიის სხვა ვეღარ ჩაანაცვლებს, რამდენადაც ლელომ 2020 წლის დეკემბერში პარტიული სია გააუქმა. ლელომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 3.15% მიიღო.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, იგი მანდატის შეწყვეტას 2021 წლის ივლისიდან, მას შემდეგ ითხოვდა, რაც ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა.

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის პროპორციული სიით მოხვდა, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 2.89% მიიღო და 4 მანდატი მოიპოვა. 2020 წლის დეკემბერში გირჩი გაიყო და ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია – გირჩი მეტი თავისუფლება დააფუძნა.

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის წევრი ჰერმან საბო ჩაანაცვლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button