skip to content
ახალი ამბები

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინიციტიავით შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობასა“ და პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად – „ლელო საქართველოსთვის“ ჩამოყალიბდა. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მჭიდრო თანამშრომლობის გეგმის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს.

ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 22 დეკემბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე, გენერალურ მდივნად – ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ კი, დავით უსუფაშვილი აირჩიეს.

პარტიის 17-წევრიან პოლიტიკურ საბჭოში, დავით უსუფაშვილსა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ასევე შევიდნენ „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერები – ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეები – ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი – ლაშა ბაქრაძე, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი – მედეა მეტრეველი, ასევე ბიზნესმენები, იურისტები, აკადემიურ სფეროში მოღვაწე პირები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვები.

ყრილობაზე გამოსვლისას, პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ხელისუფლებაში დღეს მყოფი პარტიის – ქართული ოცნების მმართველობა გააკრიტიკა.

მან განაცხადა, რომ „უკვე წლებია ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ „ლელო“ არის ამის  ალტერნატივა და სწორედ „ლელო“ გახდება ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ღიად პრორუსული ძალები“ და რომ „ჩვენს თვალწინ სხვადასხვა ფორმით თავს ესხმიან ქვეყნის სულიერ საყრდენს – მართლმადიდებელ ეკლესიას“.

ხაზარაძემ პარტიის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის მიზანი უახლოეს წლებში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა, საქართველოს „რეგიონის ფინანსურ ცენტრად“ გადაქცევა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი უნდა აშენდეს, რაც დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე „პირველი გაჩერება“ იქნება.

ხაზარაძის განცხადებით, „ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება“, უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები  და განხორციელდეს მმართველობის დეცენტრალიზაცია.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“, – აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ „მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია“.

ყრილობაზე სიტყვით ახალი პარტიის სხვა დამფუძნებლებიც გამოვიდნენ.

„ლელოს ამოცანაა, რომ, უკომპრომისო ბრძოლით და პროფესიონალიზმით, ის გახდეს დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალის პირველი ოპონენტი, რომელიც შეცვლის ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ახალად დაფუძნებული პარტია, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაში. „ლელო იქნება ამ ბრძოლის გამწევი ძალა“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით „შენების მოძრაობის“ ლიდერმაც, დავით უსუფაშვილმაც მიმართა.

„მე და ჩემმა კოლეგებმა „შენების მოძრაობიდან“ ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ სერიოზული პოლიტიკური გაერთიანების თანადამფუძნებლები ვყოფილიყავით. მე მოხარული ვარ, რომ ეს დღე დადგა“, – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ახალი პარტიის მთავარი პრინციპებია: „ჯერ ქვეყანა და მერე პარტია“, „ჯერ პროგრამა – მერე ხელისუფლება“, „პრინციპულობა და არა სიჯიუტე“.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, 2019 წლის სექტემბერში, მისი ბიზნესპროექტების – ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და თიბისი ბანკის ირგვლივ, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაპირისპირების ფონზე დააფუძნა. მას და ბადრი ჯაფარიძეს, ახლად შექმნილი პარტიის გენერალურ მდივანს, გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს ბრალი ფული გათეთრებაში წარუდგინა, რაც 11 წლის წინ თიბისი ბანკის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ტრანზაქციას უკავშირდება.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ 2017 წლის ივნისში განაცხადა, თუმცა პარტია ოფიციალურად არ დაურეგისტრირებია. „შენების მოძრაობა“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა იურიდიულად მას პარტია „ეროვნული ფორუმი“ წარმოადგენდა.

„ახალი მემარჯვენეები“ 2001 წელს, იმდროინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობით მოქმედი პარტიიდან – „მოქალაქეთა კავშირიდან“ გასულმა ლიდერებმა დააფუძნეს. პარტია ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდა.

2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, „ახალმა მემარჯვენეებმა“, რომლებიც „მრეწველებთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდნენ, პარლამენტში 17 დეპუტატის შეყვანა შეძლეს. 2008 წლის და შედეგი მოწვევის პარლამენტებში „ახალ მემარჯვენეებს“ წარმომადგენლობა აღარ ჰყოლიათ.

„ახალ მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ პარტია არსებობას ოფიციალურად, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შეწყვეტს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button