skip to content
ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა

თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თანაგუნდელებთან ერთად, დღეს, 12 სექტემბერს, ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა ხაზარაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს განვითარების დასავლური ვექტორი „ერთხელ და სამუდამოდ უნდა განმტკიცდეს“ და ქვეყანამ ყველა სფეროში „მოწინავე“ ადგილის დაკავების მიზანი უნდა დაისახოს.

„საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან“, – აღნიშნა ხაზარაძემ. მან ასევე თქვა, რომ სურს, „საქმე გააკეთოს ყველასთვის“ და თავისი გამოცდილება სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანებისთვის პერსპექტივის გაჩენას და მსოფლიოს მასშტაბით მიმოფანტული, ნიჭიერი ქართველების სამშობლოში დაბრუნებას მოახმაროს.

ხაზარაძის თქმით, უახლოეს მომავალში დააფუძნებს პარტიას, „რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის“. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე მისი მომავალი პარტია არავისთან არ ითანამშრომლებს. ხაზარაძე აპირებს მისმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა „დამოუკიდებლად, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე“ მიიღოს.

პრეზენტაციაზე ხაზარაძემ თქვა, რომ პარტიაში სხვადასხვა სფეროს „ლიდერები“ და „წარმატებულ ადამიანები“ გაერთიანდებიან. „ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში: 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში… იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი“, – აღნიშნა მან.

ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი, ბადრი ჯაფარიძეც გამოვიდა. „ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავამარცხოთ დამარცხებულის სინდრომი. ახლა არის გამარჯვების, გაერთიანების და ლელოს გატანის დრო“, – თქვა ჯაფარიძემ. მანვე მედიასთან საუბარში განმარტა, რომ ხაზარაძის პარტიის დაფუძნება ოქტომბერში იგეგმება.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 2019 წლის 7 ივლისს განაცხადა. მის განცხადებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში გამართული მასშტაბური ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომლის ძალისმიერი მეთოდებით დაშლასაც ასობით ადამიანის დაშავება, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოჰყვა.

„20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“, – განაცხადა 7 ივლისს ხაზარაძემ და განმარტა, რომ მისი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი „ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს, თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ფულის გათეთრებაში წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა, მოგვიანებით კი, მათი საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებდნენ, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

მიმდინარე სამართლებრივი დევნის ფონზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ – ჯერ თიბისი ბანკში, შემდეგ კი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული პოსტები დატოვეს.

მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button