რესპუბლიკის ამბები

ნოემბერი, 1921 წელი. მეორე ინტერნაციონალი საბჭოთა რუსეთს: დაუყოვნებლივ გაიყვანეთ საოკუპაციო ჯარები საქართველოდან

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 ნოემბერი, N13

საქართველო და ევროპა

მეორე ინტერნაციონალი საქართველოს შესახებ

22 და 23 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა მეორე ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზედაც განხილული იქნა საერთაშორისო მიმდინარე საკითხები. აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა აგრეთვე საქართველოს საკითხი და კერძოთ საქართველოს კომუნისტური პარტიის პასუხი მეორე ინტერნაციონალის ცნობილ წინადადებაზე – ქართველი ხალხის დაკითხვის (რეფერენდუმის) შესახებ და მიიღო შემდეგი დადგენილება:

„გაეცნო რა საქართველოს კომუნისტური პარტიის პასუხს მეორე ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის წინადადებაზე, რომელსაც სახეში ჰქონდა საქართველოში ხალხის თავისუფალი დაკითხვა (რეფერენდუმი) შერეული [პარიტეტული წესით დაკომპლექტებული ევროპელ სოციალისტთა და კომუნისტთა  მიერ შედგენილი კომისიის – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] კონტროლის ქვეშ, აღმასრულებელი კომიტეტი უყურადღებოთ სტოვებს იმ ლანძღვა-გინებას, რომლითაც კომუნისტების პასუხი იხსენიებს საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობას, და აღნიშნავს:

  1. რომ საქართველოს ტერიტორია დაპყრობილ იქნა მოსკოვის ჯარების მიერ და რომ მოსკოვის მთავრობას დანიშნული ჰყავს საქართველოში ხალხისათვის უცხო ხელისუფლება, რომლისადმი მცხოვრებლები მტრულად არიან განწყობილნი; რომ მსოფლიო პროლეტარიატის თვალში მოსკოვის მთავრობაა ერთად-ერთი პასუხმისგებელი საქართველოს რესპუბლიკის დანგრევისა და იქ გამეფებულ ტერორის რეჟიმისათვის.
  2. რომ მოსკოვის მთავრობის ამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში უკანასკნელად მომხდარი ამბები, სახელდობრ მუშათა საპროტესტო გაფიცვები, რომელიც ჩახრჩობილ იქმნა უხეში ძალით, ისე, როგორც ეს რეაქციონურ მთავრობებს სჩვევიათ;
  3. იმ დროს, როცა მოსკოვის მთავრობა მოითხოვს, რომ ის ცნობილი იქნას სხვა სახელმწიფოთა მიერ, ის პატივისცემით უნდა მოეპყრას სხვა ხალხების უფლებას, თუ უნდა, რომ მის უფლებებს სცენ პატივი, და არ უნდა გათელოს ის ელემენტარული პრინციპები, რომელნიც საფუძვლათ უნდა დაედოს კულტურულ ერების ურთიერთობას.

ამიტომ აღმასრულებელი კომიტეტი: ა) კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთის მთავრობამ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და ამითშეძლება მისცეს ქართველ ხალხს თვით გახდეს თავისი ბედის ბატონი;

და ბ) წინადადებას აძლევს მეორე ინტერნაციონალის მომხრე ყველა პარტიებს: როცა მათ წინაშე დადგება საკითხი მოსკოვის მთავრობის ცნობის შესახებ, ანგარიში გაუწიონ იმ მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს ამ საკითხსა და საქართველოს დემოკრატიის განთავისუფლებას შორის, რომელიც საქვეყნოთ მოითხოვს ყოველივე უცხო ძალებისაგან განთავისუფლებას“.

მსგავსი/Related

Back to top button