skip to content
ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 21 ივლისს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მეექვსე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

„სამოქალაქო საქართველო“ ანგარიშის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 22 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 369 483 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 5 636 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები

დოკუმენტის მიხედვით, 1 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 367 058 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათ შორის, 58% იყო ქალი, 42% კი – მამაკაცი იყო.

ამასთან, ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 19% – 30-39 ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა, ყველაზე დაბალი კი – 2% – 75-79 ასაკობრივ ჯგუფში.

დოკუმენტის მიხედვით, კვლავ დაბალი 1.4% იყო გარდაცვლილთა შეფარდება დადასტურებულ შემთხვევებთან. 1 ივლისის მდგომარეობით ვირუსის მქონე 5 327 პაციენტი იყო გარდაცვლილი.

ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. გარდაცვლილთა 71.7%-ს პნევმონია ჰქონდა.

ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილ პაციენტთა 49.4%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება. მათგან 28.3%-ს კარდიოვასკულური დაავადებები, 17%-ს ჰიპერტენზია, 11.3%-ს დიაბეტი, 3.6%-ს ონკოლოგიური დაავადება, 2.4%-ს კი – ფილტვის ქრონიკული დაავადება.

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები

1 ივლისის მდგომარეობით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, ყოველ 100 000 მოსახლეზე 9 844 იყო. წინა ანგარიშში ეს მონაცემი 6 145 იყო.

საანგარიშო პერიოდში, კუმულაციური ინციდენტობის ყცელაზე მაღალი მაჩვენებელი – 13 421 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 3 695 ქვემო ქართლში.

კოვიდ-19-ის მიმდინარეობის კიდევ ერთი მთავარი ინდიკატორი – ეფექტური რეპროდუქციის ინდექსია, რომელიც რეალურ დროში ინფექციის გადაცემის პოტენციალს აფასებს, საანგარიშო პერიოდში 1.18 იყო. გასული წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 0.62- უდრიდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2.25 კი – 2020 წლის სექტემბრისთვის დაფიქსირდა.

ტესტირების მიმოხილვა

2020 წლის 30 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 6 015 070-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში 2 959 652 ანტიგენზე დაფუძნებული ტესტიც გაკეთდა. ტესტირებების 23% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიების მიერ ჩატარდა.

1 ივლისის მდგომარეობით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 6.1% იყო, გასული წლის ბოლოსთვის ეს მონაცემი 11.6%-ს შეადგენდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 1 ივლისის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირებულთაგან 7% სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო. წინა ანგარიშში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა.

ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 1 ივლისის მდგომარეობით, ჯამში სულ 265 246 მოქალაქე აიცრა, მათგან 103 678 ორი დოზით. ეს მოზრდილი მოსახლეობის 3.6%-ს შეადგენს. მთავრობის გეგმით, წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული.

ანგარიშის მიხედვით, 1 ივლისის მონაცემებით, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალიდან სულ 10 580 პირი აიცრა, მათგან ორი დოზით 5 906.

სრულად აცრილებში 10.1%-ით – 70-74 წლის ასაკობრივი ჯგუფი ლიდერობს, შემდეგ მოდიან – 65-69 ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები 8.8%-ით და 75+ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები – 6.6%-ით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button