skip to content
ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების პირველ შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს.

„სამოქალაქო საქართველო“ ანგარიშიდან ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებს გთავაზობთ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 21 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში 713 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 485 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები

კვლევის ფარგლებში, გაანალიზებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 500 პაციენტის მონაცემები, მათ შორის, 243 კაცი იყო და 257 – ქალი.

პაციენტების საშუალო ასაკი და მედიანა 42 წელი იყო. 500 პაციენტიდან ყველაზე მეტი გამოვლენილი შემთხვევა – 64% – 30-69 ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.

პაციენტების მიერ სტაციონარში გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა 20.7-ს შეადგენდა.

ანგარიშის თანახმად, კოვიდ-19-ის სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად გამოვლინდა: ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი და თავის ტკივილი.

500 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს 16.6% შემთხვევა ასიმპტომური იყო.

თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო ჰიპერტენზია, დიაბეტი და თირკმლის დაავადება.

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები

11 მაისის მდგომარეობით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, ყოველ 100 000 მოსახლეზე 16.9 შეადგინა.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი R დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ 3.88-ს შეადგენდა, ხოლო ამ ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის (11 მაისი) – 0.47-ს.

მარტივად რომ ვთქვათ, ერთ დაინფიცირებულ ადამიანს ახლა შეუძლია კორონავირუსი საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს გადასდოს, ვინაიდან ვირუსის გავრცელებამ საგრძნობლად იკლო.

11 მაისის მდგომარეობით, კოვიდ-19-ით საქართველოში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობაა 10, ლეტალობის მაჩვენებელი – 1.7%.

მოულოდნელი არ არის, რომ კოვიდ-19-ს არ მოუხდენია გავლენა ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე საქართველოში (საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12 474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (12 989) 4%-ით ნაკლებია).

ტესტირების მიმოხილვა

30 იანვრიდან 11 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ჩატარებული ტესტების (პირველადი და განმეორებითი) რაოდენობა არის 32 283, მათ შორის, განმეორებითი – 1 392. ტესტირების დიდი ნაწილი (43%) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიამ განახორციელა.

როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამა აჩვენებს, საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა ტესტირების რაოდენობა აპრილის შუა რიცხვებიდან და მაისის დასაწყისისთვის 1 500 ტესტს მიაღწია ყოველდღიურად.

ფოტო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მასშტაბური ტესტირებისა, ტესტირების დადებითი შედეგი, რომელიც აჩვენებს თანაფარდობას იმ პირებს შორის, რომელთაც ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და რომელთაც დადებითი შედეგი აჩვენეს – მარტის ბოლოს არსებული 9.5%-დან მაისის დასაწყისში 0.3%-მდე შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, კვლევის პერიოდში საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების კოვიდ-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 11 მაისის მდგომარეობით, დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულიქნა 3 500-მდე კონტაქტის მოძიება. კონტაქტების მიდევნების მიზნით ხდებოდა მათი თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინესივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება.

საერთო ჯამში, საკარანტინე სივრცეში გადაყვანილია 20 000-ზე მეტი (შემთხვევათა ახლო კონტაქტები და მაღალი დაზარალების ზონიდან ჩამოსულები) ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებით, იმ პირებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ ან გავრცელების რისკს წარმოადგენენ – ანუ დაინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ან საჯარო მოხელეები არიან – კოვიდ-19-ზე ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button