კარგად ნაცნობი უცნობი გრიპი
ძვ. წ. 412 წელს, ზამთრის მზებუდობისას, როცა ძველი საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქ პერინთოსში ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ზამთრის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, ადამიანები უცნაურმა სიმპტომებმა შეაწუხა. Poseidonia იმ პერიოდის საბერძნეთის დიდ ქალაქებში იმართებოდა მსხვერპლშეწირვებით, სხვადასხვა რიტუალით და წვეულებებით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ღვინით შემთვრალი, თავდავიწყებულ გართობაში ეშვებოდა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ქალაქში მომაკვდინებელი ეპიდემია იწყებდა გავრცელებას. ადამიანებს ჯერ ხველება დაეწყოთ, შემდეგ – ყელისა და თავის ტკივილი, ასევე უჭირდათ ყლაპვა. მათ ჯერ არც ის იცოდნენ, რომ ეს დაავადება ჰიპოკრატეს ყურადღებას მიიპყრობდა და ის თავის მეექვსე წიგნში „ეპიდემიები“ დეტალურად აღწერდა ამ მოვლენას. დაავადებას ჰიპოკრატემ უწოდა „ხველა პერინთოსში” და სწორედ მის აღსაწერად გამოიყენა სიტყვა “ეპიდემია,” რაც ნიშნავს “გავრცელებულს ხალხში” (ორი ბერძნული სიტყვის შეერთებით: ეპი – დემოს). სიმპტომების მიხედვით, ხველა პერინთოსში ძალიან ჰგავს გრიპს, ხოლო ჰიპოკრატეს ჩანაწერები, სავარაუდოდ, გრიპის ერთ-ერთ პირველი სიმპტომატური აღწერაა ისტორიაში.
ამ სტატიაში უკეთ გავიცნობთ გრიპს, მის ბუნებას და ხასიათს, მის ისტორიას, საფრთხეებს, რომელსაც ეს ერთი შეხედვით მარტივი ინფექციური დაავადება გვიქადის. მის უკეთ გასაცნობად კი გრიპის ევოლუციის საინტერესო ისტორიის გადაფურცვლა მოგვიწევს.
ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია
ჰიპოკრატეს პერიოდის საბერძნეთში ადამიანებმა არაფერი იცოდნენ მიკრობული სამყაროს, ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ. ეს კი დაავადებების წარმოშობის ბუნებას სრულიად გაურკვეველს ხდიდა. მათ ხშირად აღიქვამდნენ ღმერთების ზეციური სასჯელის ნიშნად. იმდროინდელი მკურნალებს კი – შუამავლებად ადამიანებსა და ღმერთებს შორის. ისინი დაავადებების მკურნალობას ლოცვებით, მსხვერპლშეწირვით და სხვა რიტუალური მეთოდებით ცდილობდნენ, თუმცა, ამავე დროს, ბუნებრივია, არსებობდა უძველესი ცოდნა სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეებისა და პროცედურების შესახებაც.
იმის მიუხედავად რომ გრიპის არსებობის დამადასტურებელი უფრო ძველი წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება, მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაავადება ათასწლეულების მანძილზე არსებობდა.
ადამიანებისა და გრიპის ვირუსის ურთიერთობა დაახლოებით 12 000 წლის წინ, ნეოლითის ეპოქის გარიჟრაჟზე უნდა ვეძიოთ. მომთაბარე, შემგროვებელმა და მონადირე ადამიანებმა ნელ-ნელა მიწათმოქმედება და პირველი მუდმივი საცხოვრებლების შექმნა დაიწყეს. ამ მოვლენას ნეოლითის რევოლუციასაც უწოდებენ ხოლმე. ადამიანების ყოფის ცვლილება რევოლუციური აღმოჩნდა გრიპის ვირუსისთვისაც.
არასამედიცინო გაგებით რომ ვთქვათ, გრიპის ვირუსი პარაზიტია. მას დამოუკიდებლად, მასპინძელი ორგანიზმის გარეშე არც სიცოცხლე შეუძლია და არც გამრავლება. ამდენად მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მასპინძელი ორგანიზმი, რომელსაც სხვა, თავის მსგავს ორგანიზმებთანაც უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, რათა მათაც გადასდონ ინფექცია და ამგვარად ვირუსმა სიცოცხლე გააგრძელოს.
ეს პროცესი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა ნეოლითის ეპოქამდე, როცა ადამიანები მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ და საკვების მოსაძიებლად მუდმივად მოგზაურობდნენ. ამიტომ, პირველი დასახლებების გაჩენა და ამ დასახლებებში ადამიანების რაოდენობის ზრდა ვირუსის გავრცელებისა და გადარჩენის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენდა.
ამდენად, ადამიანთა საზოგადოების აგრარულ რევოლუციას ინფექციური დაავადებების რევოლუციაც თან ახლდა.
ადამიანთა საზოგადოების აგრარულ რევოლუციას ინფექციური დაავადებების რევოლუციაც თან ახლდა.
ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე ინფექციური დაავადებები არ ვრცელდებოდა. არქეოლოგიური მონაცემებით ვიცით, რომ ყვავილი, კეთრი, მალარია, ტუბერკულოზი (ადრე ცნობილი როგორც ჭლექი – იხილეთ ჩვენი სტატია ტუბერკულოზი – ჯიუტი ინფექციის ქრონიკები ) და სხვა ბაქტერიული, ვირუსული თუ პარაზიტული ინფექციები მანამდეც იყო. ყველა მათგანი ასევე ევოლუციონირებდა გადარჩენის ახალი გზების საძიებლად.
სად ბუდობდნენ ეს ვირუსები მანამ, სანამ ახალ მომთაბარე ადამიანებს გადაეყრებოდნენ? ბუნებრივ რეზერვუარებში: ანუ ცხოველებისა და ფრინველებში. მიკრობების ნაწილი ექსკლუზიურად ფრინველების, ცხოველების ან ადამიანების ბინადარია, მაგრამ ზოგ მათგანს შეუძლია მოგზაურობა სახეობიდან სახეობაში.
ადამიანის ექსკლუზიური თანამგზავრია, მაგალითად ე.წ. ბავშვთა ინფექციების ტრიადა: წითელა, წითურა და ყბაყურა. გრიპი კი ბუნებრივად ფრინველების, მეტწილად გედების და იხვების ბინადარია თან ისე, რომ მათ ზიანს არ აყენებს. მაგრამ სადღაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაახლოებით ძვ. წ. 8000 წელს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა: სავარაუდოდ დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე, ადამიანმა პირველად მოიშინაურა – ღორი!
მანამდე თუ გრიპი მეტწილად იხვის ორგანიზმში ბინადრობდა, ახლა უკვე მეორე მასპინძელი, ღორიც დაემატა. ვირუსისთვის სხვადასხვა სახეობას შორის მოგზაურობა იოლი საქმე ნამდვილად არაა. იმისათვის, რომ მან სახეობრივი ბაერიერის დაძლევა შეძლოს, უამრავი მოლეკულური, გენეტიკური მუტაციის (ცვლილების) საფეხური უნდა გაიაროს, თუმცა ღორების გამოჩენა ადამიანების სიახლოვეს ვირუსისათვის ნამდვილად ბედნიერი შემთხვევა იყო. საქმე ისაა, რომ ღორები გენეტიკური თვალსაზრისით საკმარისად ახლოს არიან ჩვენთან, რომ სახეობათაშორისი გადაცემა ადვილად შესაძლებელი გახდეს.
ამასობაში ადამიანმა იხვები და სხვა გარეული ფრინველებიც მოიშინაურა და ადამიანები, ღორები და იხვები ერთად ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ. გრიპის ვირუსი ამ ორგანიზმებს რეზერვუარებად იყენებდა, იცვლიდა ფორმებს, იძენდა ახალ უნარებს, რაც მას უფრო ადვილად გადადებადს ხდიდა და ერთ დღესაც სავარაუდოდ ადამიანები სასიკვდილოდ დააავადა. ზუსტად როდის მოხდა პირველი ასეთი შემთხვევა, არ ვიცით.
ეს, სავარაუდოდ, ძვ. წ. 3000 წლისთვის უნდა მომხდარიყო, როცა დედამიწაზე პირველი დიდი ქალაქები გაჩნდა და მათ ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობები დაამყარეს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გრიპმა ცოდვა პირველად უდიდეს ქალაქ ურუქში დაატრიალა. ურარტუს ამ ქალაქში სადაც 80 ათასამდე ადამიანს უნდა ეცხოვრა, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე.
ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ, გრიპი განაგრძობდა ევოლუციას და თანდათან იღებდა იმ ფორმას, რა ფორმათაც მას დღეს ვიცნობთ.
გრიპის სამედიცინო სახელწოდება “ინფლუენცა” 1357 წლიდან ჩნდება, რაც “ზეგავლენას” ნიშნავს და უკავშირდებოდა იმ პერიოდის წარმოდგენას, რომ დაავადებების პერიოდული შემოტევა ციური სხეულების ზეგავლენის შედეგი ეგონათ. დაახლოებით ვიქტორიანული პერიოდის დასაწყისიდან დაიწყო ამ სიტყვის (influenza) შემოკლება და „flu“-დ წოდება.
სულაც არაზეციური ზემოქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო ამერიკის კონტინენტზე გრიპის გავრცელება. დიდი ალბათობით, 1493 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის მეორე მოგზაურობამ კარიბის კუნძულებზე გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის არმქონე ადგილობრივ მოსახლეობას ისეთივე ჯოჯოხეთი მოუწყო, როგორც ეს ურუქში უნდა მომხდარიყო ძალიან დიდი ხნით ადრე. დღეს უკვე ვიცით, რომ სწორედ გრიპისა და სხვა გადამდები დაავადებების მიზეზით გაჩანაგდა სამხრეთ ამერიკის დიდი ცივილიზაციები იმდენად სწრაფად, რომ როცა ევროპელებმა კონტინენტის სიღრმეში შეაღწიეს, ის უკვე უკაცრიელი იყო. არადა, დღეს უკვე დადასტურებით ვიცით, რომ აქ მილიონობით ადამიანი სახლობდა.
ფაქტობრივად დოკუმენტირებული გვაქვს 1580 წლის ზაფხულში აზიაში დაწყებული გრიპის პანდემია, რომელიც აქედან აფრიკაში, ევროპაში და საბოლოოდ ამერიკაშიც გავრცელდა. დადასტურებით ვიცით, რომ ამ ეპიდემიამ ყოველი მეათე რომაელი იმსხვერპლა.
1729 წელს გრიპის პანდემია უკვე რუსეთში დაიწყო. ექვს თვეში მან მოიცვა მთელი ევროპა, ხოლო სამ წელიწადში – მთელი მსოფლიო. გრიპის მორიგი პანდემია 1781 წელს, ამჯერად ჩინეთიდან დაიწყო. გავრცელდა რუსეთში და საბოლოოდ მიაღწია ევროპას და, მომდევნო წელს, ჩრდილოეთ ამერიკასაც. პანდემიის პიკზე პეტერბურგში დღეში 30,000 ადამიანი ავადდებოდა.
მეცხრამეტე საუკუნე კაცობრიობის ევოლუციის კიდევ ერთი საფეხურის მომსწრე გახდა – დაიწყო სამრეწველო რევოლუცია, ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია – გაჩნდა დიდი ქალაქები, სოფლის მოსახლეობა აქტიურად მიგრირებდა ქალაქებისკენ. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ინფექციურმა დაავადებებმა ამ ვითარებაშ ევოლუციური განვითარების მწვერვალს მიაღწიეს.
1830 წელს გრიპის ახალი პანდემია დაიწყო ჩინეთიდან. მან მოსახლეობის 20%-25%-ზე იმოქმედა, თუმცა ყველაფერი წინ იყო. 1889 წელს გრიპმა ისევ იფეთქა, ამჯერად შუა აზიაში, სავარაუდოდ უზბეკეთში. მას რუსული გრიპის პანდემიის სახელით ვიცნობთ. ის თანამედროვე ეპოქის გრიპის პირველი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიაა. მოსახლეობის დაახლოებით 40% გახდა ავად და საშუალოდ მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მე-19 საუკუნის ბოლო გრიპის პანდემია იყო, ის იყო პირველი, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა რკინიგზისა და ტრანსატლანტიკური საზღვაო მიმოსვლის მეოხებით.
დადგა მეოცე საუკუნე. მეცნიერებმა უკვე დაადგინეს ბაქტერიების არსებობა – 1590 წელს ზაქარია იანსენის მიერ მიკროსკოპის შექმნამ საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროს განვითარებას. 1676 წელს ანტონ ვან ლევენჰუკმა მიკროსკოპის საშუალებით პირველად აღმოაჩინა ბაქტერიები და მათ „მომცრო ცხოველები“ უწოდა. ჰიპოთეზა, რომ ეს “მომცრო ცხოველები” შეიძლება იმ ტრაგედიების მთავარი მიზეზები ყოფილიყვნენ, რომელსაც კაცობრიობა ეპიდემიების და პანდემიების სახით ეჩეხებოდა, მხოლოდ 1850 წლებში დაადასტურეს რობერტ კოხმა და ლუი პასტერმა. დაიწყო მიკრობების თეორიის ეპოქა. სამყარო მეოცე საუკუნეს იმედით და მეცნიერებისადმი ნდობით შეხვდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ ვირუსების შესახებ, გრიპი კი ბაქტერიით გამოწვეული დაავადება ეგონიათ.
ესპანური გრიპი – თანამედროვე პანდემიების დედა
1918 წელია. ამასობაში გრიპმა გვარიანი ევოლუციური საფეხურები აიარა და მოხდა საბედისწერო ცვლილება. ეს შემთხვევითი ვარიაცია ისევ სადღაც გარეულ ფრინველებში მობინადრე გრიპის ვირუსებში დაიწყო. ჩვეულებრივ, გრიპის ვირუსის ზედაპირზე H და N ცილების მრავალ ვარიაციას ვხვდებით. როგორც ზემოთ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ფრინველებს შეუძლიათ ვირუსები სხვა ორგანიზმებსაც გადასდონ, მაგალითად, ღორებს. ალბათ ასეც ხდებოდა მუდმივად, მაგრამ ამჯერადაც უკვე დოკუმენტურად ვიცით, რომ ღორი ერთდროულად დაინფიცირდა ფრინველის, ადამიანის და ღორის გრიპის ვირუსებით. ამის შემდეგ რაც მოხდა, “გენეტიკური რეასორტაცია” ეწოდება, სხვადასხვა ტიპის ვირუსებმა ღორის ორგანიზმში გენები ერთმანეთში “გადაცვალეს” და შეიქმნა ვირუსის H და N ცილების ახალი კომბინაცია, რაც საშუალებას აძლევდა ვირუსს ადვილად გადასულიყო ადამიანებზე, დაავადების ხასიათი კი ბევრად, ბევრად მძიმე ჰქონოდა. ამ ახალი ვერსიის სახელწოდება იყო H1N1 – აი, ასე, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პანდემიებიდან უდიდესს.
1918 წლის 4 მარტს აშშ-ში, კანზასის შტატში, სამხედრო ბანაკის მზარეული ალბერტ გიჩელი მაღალმა სიცხემ, თავის და ყელის ტკივილმა შეაწუხა და საავადმყოფოს მიაკითხა. მალევე ასამდე ადამიანმა მიაკითხა ექიმს. საბოლოოდ კი თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანი დაავადდა. ესპანური გრიპის, იგივე “ესპანკას” პანდემია დაიწყო.
ალბერტი არ იყო პირველი ინფიცირებული, თუმცა ერთ-ერთ პირველებს შორის ნამდვილად იქნებოდა. დღემდე დავაა იმ საკითხზე, თუ საიდან დაიწყო პანდემია. ზოგი აშშ-ს ასახელებს, ზოგი ჩინეთს, ზოგი საფრანგეთს, მაგრამ დანამდვილებით არაფერი ვიცით. სახელის მიუხედავად, პანდემია ესპანეთიდან არ დაწყებულა, ესპანეთმა მხოლოდ პირველმა დაიწყო მედიაში დაავადების გავრცელების აქტიური გაშუქება, რასაც არ აკეთებდნენ იმხანად პირველ მსოფლიო ომში ჩართული ქვეყნები. სწორედ ამიტომ შერჩა პანდემიას ესპანეთის სახელი.
ვირუსმა გამაოგნებელი სისწრაფით მოიცვა მსოფლიო, შეაზანზარა ინდოეთი, ჯოჯოხეთი დაატრიალა ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, მისწვდა წყნარი ოკეანის შორეულ კუნძულებს. სულ 18 თვეში მსოფლიოს მოსახლეობის მინიმუმ მესამედი უკვე იყო ინფიცირებული. ფიჯის კუნძულებზე მან 16 დღეში მოსახლეობის 14% შეიწირა. ლაბრადორსა და ალასკაზე ვირუსმა მკვიდრი მოსახლეობის მინიმუმ ერთი მესამედი იმსხვერპლა. ფატალური შემთხვევების რაოდენობა ზუსტად არაა დადგენილი და ვარირებს 20 მილიონიდან 50 მილიონამდე, ხოლო ზოგიერთი შეფასებით კი 100 მილიონამდე. თუ ეს ბოლო შეფასება ზუსტია, გამოდის, რომ 1918 წლის პანდემიამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ორივე მსოფლიო ომმა ერთად.
ესპანური გრიპი თავის მსხვერპლებს გასაოცარი სისწრაფით კლავდა. აშშ-ში გავრცელებული იყო ისტორიები, თითქოს ადამიანები დილით ავად ხდებოდნენ და სამსახურში წასვლისას იღუპებოდნენ. სიმპტომები ძალიან მძიმე იყო: დაავადებულებს მაღალი ტემპერატურა უვითარდებოდათ და სუნთქვა უჭირდათ. ჟანგბადის ნაკლებობის გამო მათ სახეებს ლურჯი ელფერი ჰქონდა. ფილტვებში სისხლჩაქცევები ვითარდებოდა, რაც იწვევდა სისხლის ჩაგუბებას, ძლიერ ღებინებას და ცხვირიდან სისხლდენას, რის შედეგადაც ადამიანები საკუთარ სითხეებში იხრჩობოდნენ. განსხვავებით სხვა გრიპის შტამებისგან, ესპანური გრიპი არამხოლოდ ბავშვებსა და მოხუცებს, არამედ 20-40 წლის ჯანმრთელ ზრდასრულებსაც ესხმოდა თავს. მსხვერპლთა საშუალო ასაკი 28 წელი იყო.
ვირუსის გავრცელების მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, მიმდინარე პირველი მსოფლიო ომი იყო, რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა. ახალი შტამი გლობალურად გავრცელდა ჯარისკაცებს შორის და კიდევ უფრო – მათი მასობრივი და სწრაფი მიგრაციის გამო.
ესპანური გრიპის პირველი ტალღა რამდენიმე კვირის შემდეგ ჩაცხრა. ადამიანებმა იფიქრეს, რომ ყველაზე რთული უკან მოიტოვეს, თუმცა 1918 წლის აგვისტო – სექტემბერში პანდემიის მეორე და ყველაზე მომაკვდინებელი ფაზა დაიწყო.
1918 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდი ყველაზე ინტენსიური იყო და ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. იმატა პნევმონიებმა, ანუ ფილტვების ანთებამ, ადამიანებს ლოყებზე უჩნდებოდათ წითელი ლაქები, რომლებიც შემდეგ იზრდებოდა და ფერს იცვლიდა. რაც უფრო მოლურჯო-იასამნისფერი ხდებოდა ადამიანის სახე, ითვლებოდა რომ ის უკვე განწირული იყო. ექიმები ამ მდგომარეობას ჰელიოტროპულ ციანოზს უწოდებნენ. ზოგჯერ მოლურჯო – მოშავო ლაქები ხელის მტევნებზე ან ფეხის ტერფებზე ჩნდებოდა და ნელ-ნელა მიიწევდა ზემოთ, გულ-მკერდისკენ. რაც უფრო მეტად იყო სხეული სიშავით მოცული, მით ნაკლები დრო ჰქონდა ავადმყოფს სიცოცხლისთვის დარჩენილი. ორსულებს ნაყოფი სწყდებოდათ და იხოცებოდნენ. ამბობდნენ, რომ ადამიანების ნაწილს ნესტის, შმორის სუნი ასდიოდათ. ზოგი სმენას, ყნოსვას, გემოს შეგრძნებას კარგავდა, ზოგი კი – ფერების აღქმის უნარს – სამყარო უფერულდებოდა მათთვის. პაციენტთა ნაწილს მძიმე ნერვული აშლილობები ჰქონდათ, გახშირდა თვითმკვლელობები. ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ფანჯრებიდან ხტებოდნენ თვითმკვლელობისთვის, ზოგიც პირდაპირ ქუჩაში იჭრიდა ყელს.
რიო დე ჟანეიროში, მეორე ტალღისას, გვამები პირდაპირ ქუჩაში ეყარა. იმხანად სამოქალაქო ომში ჩაძირულ რუსეთში ერთმა ექიმმა თქვა, ტიფი ისევე მიჰყვება ლენინის კომუნიზმს, როგორც საკუთარი ჩრდილი ფეხით მოსიარულესო. იმხანად რუსეთში ტიფის და გრიპის ეპიდემიები ერთდროულად მძვინვარებდა და საწყის ეტაპზე, ექიმებს სიმპტომების მსგავსების გამო, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირდათ.
დაიბადა თავდაცვის მეთოდები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ: იაპონიაში პირზე ასაფარებლად რამდენიმეფენიანი დოლბანდების გამოყენება დაიწყეს, ამერიკის ზოგიერთ შტატში კი ნიღბის გამოყენება სავალდებულო გახდა. სამაგიეროდ, ვითარდებოდა მავნე ცრურწმენებიც: შვეიცარიაში გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა აბსურდული მოსაზრება, რომ ალკოჰოლი და თამბაქოს კვამლი გრიპს ორგანიზმში კლავდა. ადამიანთა დიდი ნაწილი ამ რეკომენდაციას მისდევდა და საკუთარ ჯანმრთელობას კიდევ უფრო უქმნიდა საფრთხეს.
გაზეთის სტატია (The Washington Times, 1918 წლის 27 სექტემბერი), რომელშიც ნაჩვენებია თხელი ბინტის ნიღაბი, რომლის გამოყენებას წითელი ჯვარი რეკომენდაციას უწევდა ესპანური გრიპის გავრცელების შესაჩერებლად.
წყარო: flu.com
20 ოქტომბერს ეკრანებზე გამოვიდა ჩარლი ჩაპლინის ფილმი “თოფი მხარზე”. სხვებისგან განსხვავებით, ნიუ იორკის ჯანდაცვის კომისარმა კინოთეატრის დახურვის რეკომენდაცია არ გასცა. ფილმის ჩვენების შემდეგ კინოთეატრის ხელმძღვანელმა გაზეთში გამოაქვეყნა შეფასება, რომ ფილმის დაფასებას მოწმობდა ხალხის დიდი რაოდენობა, რომელმაც ფილმი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ნახა. თავად ამ სიტყვების ავტორი, გაზეთის გამოქვეყნებამდე მოკლა ესპანურმა გრიპმა. ასეთი შემთხვევები მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წერტილში ფიქსირდებოდა. ვირუსი არავის პატიობდა კომპრომისებს და შეღავათებს.
პანდემიის პიკის პერიოდში, სამედიცინო სერვისები გადატვირთული აღმოჩნდა. შეუძლებელი გახდა დაკრძალვების ნორმალურად ჩატარებაც.
ყველა პანდემიას თავისი დასასრული აქვს, ვირუსიც და იმუნური სისტემაც ნელნელა ადაპტირდება, სასიკვდილო შტამი ნაკლებად სახიფათო ხდება. 1918 წლის ბოლოს დაავადების გავრცელება შეწყდა, ხოლო 1919 წლის იანვარში დაიწყო მესამე და საბოლოო ფაზა, რომელიც ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა. 1920 წელს პანდემია დასრულდა.
პანდემიამ ყველა ქვეყანას გადაუარა და დაამჩნია თავისი მსახვრალი კვალი. დიდი ბრიტანეთში 228,000 ადამიანი დაიღუპა, აშშ-ში დაახლოებით 675,000 ადამიანი, იაპონიაში 400,000-მდე. წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე დასავლეთ სამოამ (დღევანდელი სამოა) თავისი მოსახლეობის მეხუთედი დაკარგა. ინდოეთში გარდაცვლილთა რიცხვი 12-17 მილიონამდე იყო. საერთო ჯამში, დაიღუპა იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3-5%. ამ მაჩვენებლების მიხედვით, ესპანური გრიპის პანდემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი გლობალური მოვლენაა.
ესპანურმა გრიპმა შეცვალა სამყარო, დათესა პანდემიის შიში, მაგრამ მისი წარმოშობისა და მექანიზმის შესახებ კვლავაც ცოტა რამ იყო ცნობილი: არც გამომწვევი მიზეზი ვიცოდით, არც მისი პრევენცია შეგვეძლო და არც წამალი გვქონდა. მხოლოდ 1930-იან წლებში გახდა შესაძლებელი ვირუსების და ბაქტერიების განსხვავებული ბუნების საბოლოოდ დადგენა.
ესპანური გრიპის დაბრუნება 21-ე საუკუნეში
მე-20 საუკუნეში გრიპის კიდევ ორი პანდემია მოხდა: 1957 წლის აზიური გრიპი (გამოწვეული H2N2 ვირუსით), რომელმაც 1,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა მსოფლიოში და 1968 წლის ჰონგ კონგის გრიპი (H3N2), რომელმაც მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ისევე, როგორც ესპანური გრიპის შემთხვევაში, გრიპის ეს ორივე შტამი ისევ ადამიანის და ფრინველის ვირუსებს შორის გენეტიკური რეასორტაციის შედეგად წარმოიშვა.
2009 წელს, ჩრდილოეთ ამერიკაში გრიპის ახალი პანდემია ნაცნობი ვარიანტით დაიწყო: გრიპის A ტიპის H1N1 ვირუსი, ესპანური გრიპის მონათესავე, ცოტა ფორმაშეცვლილი ვარიანტი იყო, რომელსაც ამჯერად “ღორის გრიპი” ეწოდა.
2009 წელს, ჩრდილოეთ ამერიკაში გრიპის ახალი პანდემია ნაცნობი ვარიანტით დაიწყო: გრიპის A ტიპის H1N1 ვირუსი, ესპანური გრიპის მონათესავე, ცოტა ფორმაშეცვლილი ვარიანტი იყო, რომელსაც ამჯერად “ღორის გრიპი” ეწოდა. პანდემიამ ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები დააზარალა, რომელთაც არ ჰქონდათ იმუნიტეტი ახალი ვირუსის მიმართ, თუმცა 60 წელს გადაცილებული ადამიანების თითქმის მესამედს – ესპანურ გრიპს გადარჩენილებს – ჰქონდათ ანტისხეულები, ანუ იმუნიტეტი ამ შტამის წინააღმდეგ.
წინა პანდემიებთან შედარებით, 2009 წლის ღორის გრიპი შედარებით მსუბუქი იყო და მაინც, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 203 000 ადამიანი იმსხვერპლა.
სეზონური გრიპის შტამები: როგორ წარმოიშვა და რა ცირკულირებს დღეს
დღეს გრიპი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ყოველწლიურად ცირკულირებს სეზონური გრიპი, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანთა ჯანმრთელობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, სეზონური გრიპი ყოველწლიურად 3-დან 5 მილიონამდე ადამიანს აინფიცირებს და 290,000-დან 650,000-მდე ადამიანს მოუსწრაფებს სიცოცხლეს. ხშირად ჩნდება კითხვა: პანდემიური გრიპები განსხვავდება სეზონურისგან? ეს ორი სხვადასხვა რამეა თუ ერთსა და იმავე ვირუსზე ვსაუბრობთ? მოკლედ პასუხია – ეს ორი ვირუსი ერთი და იგივეა.
დღეს, თანამედროვე კლასიფიკაციით, გრიპის ვირუსის ოთხი ტიპი არსებობს: A, B, C და D.
A ტიპი ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ადამიანებში პანდემიების მიზეზი ხდება. A ტიპი ცირკულირებს ადამიანებსა და ცხოველებში (ფრინველები, ღორები და სხვა). B ტიპი ძირითადად ადამიანებში ცირკულირებს და პანდემიების გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ მძიმე სეზონურ ეპიდემიებს იწვევს. C ტიპი იშვიათად იწვევს დაავადებებს და სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია. D ტიპი კი ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გრიპის A ტიპის ვირუსებია. მათ ზედაპირზე ორი მთავარი ცილაა: ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N), რომლებიც ვირუსის ინფექციისა და გავრცელებისთვის კრიტიკული კომპონენტებია. ჰემაგლუტინინი საშუალებას აძლევს ვირუსს მიემაგროს და შეაღწიოს მასპინძლის უჯრედებში, ხოლო ნეირამინიდაზა ეხმარება ვირუსს ინფიცირებული უჯრედიდან გამოსვლაში, რათა ვირუსული ნაწილაკები სხვა უჯრედებზეც გავრცელდნენ.
ამ ორი ცილის (პროტეინის) განსხვავებულმა ვარიაციებმა შექმნა 18 ტიპის H და 11 ტიპის N გენი, რომელთა კომბინაციებიც წარმოქმნიან გრიპის A ტიპის ვირუსის ქვეტიპებს, როგორიცაა მაგ. H1N1 ან H3N2. ეს ორი შემთხვევით არ გვიხსენებია. დღეს თუ სეზონურად გრიპის ვირუსი გემართებათ და ექიმი გეუბნებათ, რომ ეს A ტიპის გრიპის ვირუსია, სწორედ ის ძველი, პანდემიური შტამები გესტუმრნენ: ან H1N1 (იგივე ღორის გრიპი, მანამდე ესპანური გრიპი) ან H3N2, ანუ ჰონკ-კონგის გრიპი.
ახალი ქვეტიპები წარმოიქმნება, როდესაც გრიპის ვირუსი გადის გენეტიკური რეასორტაციის პროცესს. ეს ხდება, როცა სხვადასხვა სახეობის ვირუსები ერთდროულად აინფიცირებენ ერთსა და იმავე ცხოველს (მაგალითად, ღორს). ამ პროცესში ვირუსები გენებს ცვლიან ერთმანეთში, რის შედეგადაც ჩნდება ახალი, უნიკალური ვირუსული შტამი. სიახლის გამო, ადამიანებს ამ ვირუსისადმი იმუნური პასუხიც ჯერ საკმარისად არ გვაქვს გამომუშავებული, ამიტომაც ასეთი ვირუსები ადვილად შეიძლება გავრცელდეს ადამიანებში.
“Covid 19-მა მოკლა გრიპის ერთ-ერთი შტამი Yamagata” – იუწყებოდა მსოფლიო პრესა.
დღესდღეობით, სეზონურად ცირკულირებს ორი ძირითადი გრიპის A ტიპის ქვეტიპი: H1N1 და H3N2, ასევე, Covid 19-ს პანდემიამდე იყო – B ტიპის ორი ხაზი: Yamagata და Victoria. ეს ქვეტიპები წარმოქმნილია მუტაციის და ანტიგენური დრეიფის, ანუ ვირუსში მიმდინარე გენეტიკური მუტაციების მეშვეობით. ისინი ყოველწლიურად განიცდიან მცირედ იცვლებიან. სწორედ ამ ცვლილებების გამოა გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ხანმოკლე.
საინტერესო ისტორია განვითარდა კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ. “Covid 19-მა მოკლა გრიპის ერთ-ერთი შტამი Yamagata” – იუწყებოდა მსოფლიო პრესა. იამაგატას შტამის გავრცელება პანდემიამდეც კლებულობდა, მაგრამ ყველა იმ პრევენციულმა ზომამ, რომელიც COVID-19-ის თავიდან აცილებისთვის იყო მიღებული, როგორიცაა ნიღბის ტარება, სახლში დარჩენა, უკეთესი ვენტილაცია და სხვ., როგორც ჩანს, მათ სრულ გაქრობაში დაგვეხმარა. იამაგატას შტამები ტესტირებაში 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
გრიპის ვაქცინის შექმნის ისტორია
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გრიპის A ტიპის ვირუსი გამოავლინეს, დაიწყო მუშაობა გრიპის ვაქცინის შექმნაზე, და პირველი კლინიკური ცდები 1930-იან წლებში ჩატარდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს გრიპის მაღალი სიკვდილიანობის გამო, აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის გრიპის ვაქცინა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს კი აშშ-ის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ახალი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევებში.
1942-1945 წლების ტესტების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს გრიპის B ტიპი, რამაც საჭირო გახადა ახალი ბივალენტური (ორკომპონენტიანი) ვაქცინის შემუშავება, რომელიც იცავდა როგორც H1N1-სგან, ისე გრიპის B ტიპის ვირუსისგან. 1957 წელს აზიური გრიპის პანდემიის შემდეგ შეიქმნა ახალი ვაქცინა, რომელიც იცავდა H2N2 ვირუსისგან.
1978 წლის პანდემიის დროს მეცნიერებმა შეიმუშავეს პირველი ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) გრიპის ვაქცინა, რომელიც იცავდა ესპანური გრიპის გამომწვევი H1N1 და ჰონგ-კონგის გრიპის გამომწვევი H3N2 გრიპის ვარიანტებისგან, ასევე გააჩნდა B ტიპის ვირუსის ერთი შტამის საწინააღმდეგო მოქმედებაც. მას შემდეგ, აშშ-ში ლიცენზირებული სეზონური გრიპის ვაქცინების უმეტესობა ტრივალენტური იყო, სანამ 2012 წელს არ დამტკიცდა პირველი კვადრივალენტური (4 კომპონენტიანი) გრიპის ვაქცინა, რომელიც ხშირადმოცირკულირე გრიპის B ტიპის კიდევ ერთი შტამის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
დღესაც, ქართველი მომხმარებლები ე.წ. 4 კომპონენტიან ვაქცინებს ითხოვენ ხოლმე, თუმცა 2012 წლის შემდეგ პირველად ისევ შეიძლება შეგხვდეთ სამკომპონენტიანი ვაქცინები, ვინაიდან WHO-ს რეკომენდაციაა, რომ ვაქცინებიდან Yamagata-ს შტამები ნელ-ნელა ამოიღონ. მეცნიერები თვლიან, რომ მისი კვლავ გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მეცნიერები და პარტნიორი ქვეყნების ექიმები გრიპის ვარიანტების ცირკულაციას მუდმივად აკვირდებიან და ამის შემდეგ განსაზღვრავენ, რომელი შტამების წინააღმდეგ უნდა დამზადდეს ვაქცინები. როგორც წესი, სხვადასხვა ვაქცინაა საჭირო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროსთვის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო წამლები
გრიპის საწინააღმდეგო წამლების ისტორია იწყება 20-ე საუკუნის შუა პერიოდიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები გრიპის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი საშუალება გახდა, მეცნიერებს სურდათ პრეპარატების შექმნაც, რომლებიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
პირველი ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებოდა გრიპის სამკურნალოდ, შეიქმნა 1960-იან წლებში. ერთ-ერთი პირველი ეფექტური პრეპარატი იყო ამანტადინი, რომელიც ხელს უშლიდა ვირუსის უჯრედში შეღწევას. თუმცა, მას მრავალი გვერდითი ეფექტი ჰქონდა და ვირუსმა მალე “ისწავლა” მისგან თავდაცვა – ანუ, როგორც ექიმები იტყვიან, რეზისტენტული გახდა. .
შემდეგი ნაბიჯი იყო ოსელტამივირის (Tamiflu) და ზანამივირის (Relenza) განვითარება 1990-იან წლებში. ეს პრეპარატები ნეირამინიდაზას (იგივე N ცილის) ინჰიბიტორები, ანუ დამთრგუნველებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხელს უშლიან ვირუსს ინფიცირებული უჯრედებიდან გამოსვლაში და სხვა უჯრედების ინფიცირებაში. ამ წამლების ეფექტს ვიღებთ, როცა ავადმყოფი მედიკამენტის მიღებას დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 48 საათის განმავლობაში იწყებს. თუმცა ვირუსის მუტაციის პროცესმა და წამლისადმი რეზისტენტობამ პრეპარატების ეფექტურობა შეიძლება შეამციროს.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, შეიქმნა ახალი პრეპარატები, როგორიცაა პავაპირავიერი (Favipiravir) და ბალოქსავირი (Xofluza). ისინი მოქმედებენ ვირუსის ორგანიზმში შეჭრის უფრო ადრეულ ეტაპზე და ვირუსის გენეტიკური მასალის რეპლიკაციის (გამრავლების) პროცესის დამუხრუჭებით ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში. ეს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია, თუ გამოყენებას დაავადების ადრეულ ეტაპზე იწყებენ, რაც ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
მომავლის პერსპექტივები
სეზონური გრიპი, უმეტესწილად, არ ითვლება მძიმე ინფექციურ დაავადებად, თუმცა საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტს, რომელიც საშუალოდ ექვს თვემდე გრძელდება. ამ პერიოდის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების დონე იკლებს, ამიტომ ყოველწლიურად საჭიროა ვაქცინაციის განახლება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში: ბავშვებში (6 თვიდან), ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში და ხანდაზმულებში.
ჩვენს ქვეყანაში, გრიპის გავრცელების სეზონი, როგორც წესი, იწყება შემოდგომაზე და სრულდება თბილი პერიოდის დაწყებისთანავე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ როგორც მაღალი რისკის ჯგუფებმა, ისე საზოგადოების სხვა წევრებმა. ეს საზოგადოების პასუხისმგებლობის ნაწილია, რადგან სანამ ყველა არ იქნება დაცული, ვერავინ იქნება დაცული.
როგორც ვნახეთ, გრიპის ვირუსი მუტაციური ხასიათისაა, რაც იწვევს მუდმივ საფრთხეს ახალი, პოტენციურად პანდემიის გამომწვევი შტამების წარმოქმნისა. გრიპის ასეთი მუტაციები იწვევს სეზონური შტამების ხშირ ცვლილებასაც, რის გამოც ვაქცინების ყოველწლიურად გაახლებაა საჭირო.
გლობალური მონიტორინგი და შტამების მუდმივი კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალი ტექნოლოგიების განვითარება, როგორიცაა mRNA ვაქცინები, აჩქარებს პროგრესს. mRNA ვაქცინებს (როგორიც იყო კოვიდ 19-ს საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა) აქვს პოტენციალი, სწრაფად ადაპტირდეს გრიპის მუტაციებზე.
გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნა მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა ჯერ ის უნდა ვიკმაროთ, რაც არსებობს და ჯანმრთელად ვიყოთ ჩვენც და ჩვენი გარშემომყოფებიც დავიცვათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Pale Rider: The Spanish Flu of 1918 and How It Changed the World Hardcover, Laura Spinney, 2017
- https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2118275
- https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/history-disease-outbreaks-vaccine-timeline/flu
- https://www.who.int/news-room/spotlight/history-of-vaccination/history-of-influenza-vaccination
- https://www.history.com/topics/inventions/flu
- https://www.nationalgeographic.com/history/history-magazine/article/history-spanish-flu-pandemic