skip to content
ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მეორე ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ კიდევ ერთი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მეორე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 11 ივნისის მდგომარეობით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 18 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 739 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 14 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული გადანაწილების მახასიათებლები

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემი, მათ შორის, 390 კაცი (48.7%) და 410 ქალი (51.2%).

პაციენტების მაქსიმალური ასაკი 90 წელი, მინიმალური 9 თვე, საშუალო 42 წელი, მედიანა კი – 43 წელი იყო. 800 პაციენტიდან ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა – 51.5% (412 შემთხვევა) 30-59 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის სიმპტომებიდან, ყველაზე ხშირად ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელისა და თავის ტკივილები ვლინდება.

800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური.

თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო: გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰიპერტენზია, დიაბეტი, თირკმლისა და ფილტვის ქრონიკული დაავადება.

კვლევით მოცული პაციენტების მიერ სტაციონარში გატარებული საწოლდღეების საშუალო რაოდენობა 22 დღე იყო.

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები

11 ივნისის მდგომარეობით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, ყოველ 100 000 მოსახლეზე 17.3-მა შეადგინა.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი R დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ 3.88-ს შეადგენდა, ხოლო ამ ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის (11 ივნისი) – 0.44-ს.

აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელებამ საგრძნობლად იკლო და ახლა ერთი დაინფიცირებული ადამიანი კორონავირუსს საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს გადასდებს.

11 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევების ჯამური რაოდენობა 13, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1.57% იყო.

კოვიდ-19-ს საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე გავლენა არ მოუხდენია. ქვეყანაში 2020 წლის 1 იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა (17 509) წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, 8%-ით ნაკლებია.

ტესტირების მიმოხილვა

30 იანვრიდან 11 ივნისამდე პერიოდში, საქართველში კოვიდ-19-ის გამოსავლენად, PCR მეთოდით, ჯამში, 75 374 ტესტირება ჩატარდა, მათ შორის, 4 225 განმეორებით. ტესტირების დიდი ნაწილი (35.5%) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიამ ჩაატარა.

როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამიდან ჩანს, საქართველოში ყოველდღიურად ჩატარებული ტესტირებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისის თვეში ფიქსირდება და თვის მეორე ნახევარში დღეში საშუალოდ 1 469 ტესტი ტარდებოდა.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

11 ივნისის მდგომარეობით, კოვიდ-19-ზე ჩატარებული ტესტირების საერთო რაოდენობიდან დადასტურებული შემთხვევების წილი მხოლოდ 1.2% იყო.

ანგარიშის მიხედვით,  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების სიხშირე 5%-დან 20%-მდე მერყეობს.

აგრეთვე, 11 ივნისის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დადასტურებული შემთხვევების 4 500 კონტაქტის მოძიება განხორციელდა. ინფექციის გავრცელების მიდევნების მიზნით, ხდებოდა კონტაქტების თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინე სივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება.

საქართველოს მთავრობამ 15 ივნისის დადგენილებით, იმ რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთაც კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ. მათ შორის არიან: შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტები, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, თვითიზოლაციასა და კარანტინის რეჟიმში მყოფი პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და სხვ.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button