ახალი ამბები

შსს: ალექსანდრე ლაშქარავასთვის ჰეროინის მიყიდვის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ივლისს განაცხადა, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის დროს სასტიკად ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავასთვის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ჰეროინის მიყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს,, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციის ქმედებას წინ შსს-ს მიერ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის გამოქვეყნება უძღვოდა, რომლის თანახმადაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება ყოფილიყო. უწყების თქმით, ექსპერტიზის შედეგად, მის სხეულში ხუთი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს, მათ შორის, მარიხუანა და მორფინი.

ოპერატორის ოჯახი, მეგობრები, კოლეგები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები გამოძიებას უნდობლობა უცხადებენ და ხელისუფლებას გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ლაშქარავას ოჯახი აცხადებს, რომ იგი მორფინს 5 ივლისს მიღებული დაზიანებების შედეგად გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად იღებდა.

5 ივლისს, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ ორგანიზაებული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობის შედეგად სულ მცირე 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორიც, რომელიც მასზე თავდასხმიდან 5 დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა. 19 ივლისის მდგომარეობით, ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით სულ ხუთი პირია დაკავებული. „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გარდაცვლილი ოპერატორის ცემაში სულ ცოტა 20 ადამიანი მონაწილეობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button