skip to content
ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 5 ივლისს თბილისში მომხდარი ჰომოფობიური ძალადობის დროს „ტვ პირველის“ ოპერატორსა და კიდევ ერთ სხვა ადამიანზე თავდასხმისთვის პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავდამსხმელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე თავდასხმა კი – ქაშუეთის ეკლესიის მახლობლად მოხდა, სადაც სასულიერი პირები თბილისი პრაიდის წინააღმდეგ წირვას ატარებდნენ.

„ტელეკომპანია პირველის“ ამავე ოპერატორზე თავდასხმისთვის, შსს-მ 8 ივლისს კიდევ სამი პირი დააკავა. შემთხვევა იმავე დღეს მოხდა, როდესაც ასევე „ტელეკომპანია პირველის“ კიდევ ერთ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას დაესხნენ თავს. იგი 11 ივლისს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, 15 ივლისის მდგომარეობით, პოლიციამ ძალადობასთან დაკავშირებით სულ 23 პირი დააკავა – 19 მათგანი ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, სამი – თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ხოლო ერთი – მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button