skip to content
ახალი ამბები

პარლამენტთან შეკრებილი ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს

5 ივლისს, თბილისში, მოძალადეობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, დღეს პარლამენტის შენობასთან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს დილით იპოვნეს. 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მას მას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ და სცემეს. ლაშქარავას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენას ექსპერტიზა ცდილობს. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმართ ოჯახს უნდობლობა აქვს.

აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ და პარტია „დროას“ აქტივისტების ორგანიზებით იმართება, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები სიტყვით გამოდიან. ორგანიზატორების თქმით, ისინი პრემიერ-მინისტრს გადადგომისთვის დროს ხვალ 12:00 სთ-მდე აძლევენ.

„ყველა ჩვენგანი ახლა ვგლოვობთ“, – განაცხადა აქციაზე „ტელეკომპანია პირველის“ წამყვანმა, ეკა მიშველაძემ. „მადლობა იმისთვის, ვინც აქ ხართ, ვინც გზაშია, ვინც გვგულშემატკივრობს, ვინც ამ ქვეყანას გულშემატკივრობს, ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს“, – განაცხადა მიშველაძემ. მან ქართული ოცნების ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა – „არაფერს თქვენსას არ გავაშუქებთ იმიტომ, რომ თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა“.

„ტელეკომპანია პირველის“ კიდევ ერთმა წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ მთავრობა 5 ივლისს ძალადობისთვის „მწვანე შუქის ანთებაში“ დაადანაშაულა, რასაც სულ ცოტა 53 ჟურნალისტზე თავდასხმა მოჰყვა. „იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ… სად იყო პოლიცია, თუ არ იყო ეს თქვენი დაგეგმილი?“, – თქვა მანვე.

გრიგოლიამ ხელისუფლება იმ ბრიფინგის ჩატარებისთვისაც გააკრიტიკა, სადაც შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ნარკოტიკებით ზედოზირების „შესაძლო“ ვერსიაც გააჟღერა. გრიგოლიამ ხელისუფლებას „უნამუსოები“ უწოდა და მიმდინარე ექსპერტიზას უნდობლობა გამოუცხადა.

ჟურნალისტმა სასულიერი პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ პროტესტს უძღვებოდნენ. „ჩემი რელიგია, მე რომ მიყვარს, ჩემი ეკლესია, მე რომ მიყვარს, ძალადობას ემიჯნება… სირცხვილი ყველა იმ წვერიანს თუ უწვეროს, აქ რომ სპეცოპერაციას გვიტარებდნენ“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ვახო სანაიამ, რომელიც მანამდე „ტელეკომპანია პირველში“ მუშაობდა, ასევე მიმართა ხელისუფლებას და განაცხადა – „ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ. ჟურნალისტებს ამ ქვეყანაში ვერავინ მოუგო ომი და ჩვენ ამ ომსაც მოვიგებთ“.

სანაიას თქმით, მხოლოდ გადადგომა საკმარისი არ არის და რომ უნდა დაისაჯოს „ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა“. „ეს იყო მკვლელობა. რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოდან ორგანიზებული ძალები, რომლებიც შეთამაშებული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ“.

საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალისტის გარდაცვალების საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„ტელეკომპანია პირველის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დანაშაულებით სპეკულირებდეს.

„მთელი 9 წელი გვამადლიან, გვაყვედრიან და სპეკულაციას ეწევიან წინა ცხრა წლის თარიღებით, რომლებიც მათ არ გადაუტანიათ და ჩვენ გადავიტანეთ და მე იმ წინა ცხრა წლის დაზარალებული ადამიანი ვამბობ, რომ თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ არცერთ თარიღზე ისაუბროთ“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button