Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაძლო სანქციებზე, ჟურნალისტის გარდაცვალებასა და ლგბტ უფლებებზე 

კითხვაზე განიხილავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების დაწესების საკითხს საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ 5 ივლისის ძალადობის გამო, რის შედეგადაც სულ ცოტა 53 ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო მოგვიანებით სასტიკად ნაცემი ოპერატორი გარდაიცვალა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა – „ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებებათა დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია“.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ ავამოქმედებთ მათ“, – განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ დიდი ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და იმედოვნებენ, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. „რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, გავიმეორებ ჩვენ მოწოდებას, რომ საჭიროა სრულყოფილად გამოიძიონ ეს საქმე, რის შედეგადაც ამ საზარელ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი სამართლის წინაშე პასუხს აგებს“, – აღნიშნა მან.

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას, პრესსპიკერმა განაცხადა – „ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას“.

„თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას იდენტიფიცირებული. ისინი უნდა დააკავონ და მათ პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა მან.

ნედ პრაისმა საქართველოს ხელმძღვანელ პირებს და სამართალდამცველებს შეახსენა, რომ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა ის პირი, ვინც საკუთარ  საკონსტიტუციო უფლებას იყენებს. „შევახსენებთ მათ ვალდებულებას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი გამოხატვის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ საჯაროდ დაგმოს ამ ტიპის ძალადობა, რომლის ადგილიც დემოკრატიაში არ არის“, – დასძინა პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად განაგრძობს ძალისხმევას, რათა დაიცვას ლგბტ თემი ძალადობის, შეურაცხყოფის, კრიმინალიზაციის, დისკრიმინაციისა და სტიგმისგან, და ცდილობს გააძლიეროს ადგილობრივი ლგბტ მოძრაობები და ადამიანები. „ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი+ თემის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის, აწ უკვე გარდაცვლილი კოლეგის მიმართ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button