skip to content
რესპუბლიკის ამბები

საბჭოთა საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა ფართოვდება – თფილისელი მუშები სტალინს პროტესტით შეხვდნენ

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 10 აგვისტო, N5

ბოლშევიკების თარეში ჩვენში

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება ბოლშევიკების განზრახვები.

უხეში ძალით, რუსეთის წითელ არმიელთა ხიშტებით გაიმარჯვეს მათ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და იმავე ძალის შემწეობით ბატონობენ ისინი დღეს ჩვენში.

მართალია, მათ დიდის ამბით ამცნეს ქვეყანას, რომ ისინი საქართველოში არ გაიმეორებდენ კომუნისტურ ექსცესებს, რომ მხედველობაში მიიღებდენ და ანგარიშს გაუწევდენ ადგილობრივი ცხოვრების თავისებურ პირობებს, დაიცავდენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, არ აყვებოდენ შურისძიების გრძნობებს და არ დაუწყებდენ დევნას თავის პოლიტიკურ მოპირდაპირეთ მარტო მათი რწმენისა და შეხედულებისათვის.

მარა მიუხედავათ ასეთი სარეკლამო განცხადებებისა და მოსკოვის დალაილამის – ლენინის ამგვარი ხასიათის ინსტრუქციებისა, ბოლშევიზმი შემოვიდა საქართველოში ყველა თავისი კომუნისტური ატრიბუტებით და განაგრძობს თავის ბატონობას რუსის წითელ არმიელთა შემწეობით და ამავე დროს მოკლებულია სავსებით პოლიტიკურ და მორალურ გავლენას თვით ქართველ საზოგადოებაში.

დღეს თვით ბრმაც კი ხედავს მათი სასახელო მოღვაწეობის შედეგებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ნიშან-წყალიც აღარ არსებობს. ცხოვრება საშინლათ გაძვირდა, ხალხი სოფელსა და ქალაქებში დაიმშა, გაღატაკდა, სასოფლო მეურნეობა დაეცა, სუსტი მრეწველობა და ხელოსნობა მთლად განადგურდა, ომისა და რევოლიუციის დროს გადარჩენილი მამულები და წარმოებანი აოხრდა, ხოლერა, ტიფი, სურავანდი ხალხს მუსრს ავლებს და სადაც გუშინ წინ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, იქ დღეს სიკვდილი თავის გამარჯვებას დღესასწუალობს და სამარისებური სიცარიელე მეფობს!

მთელი ქართველი ხალხი სულს ღაფავს ბოლშევიზმის სახით შემოჭრილ უცხო ძალის სამხედრო დიქტატურის ქვეშ, მარა ყველაზე უფრო დაჩაგრული და დევნილი დღეს საქართველოს მუშები და გლეხებია. სწორეთ ისინი, ვისი სახელითაც შემოვიდენ აქ კომუნისტები და თითქო ვისი ინტერესების გულისთვისაც  მსხვერპლათ გასწირეს საქართველოს რესპუბლიკის არსებობა. თავისი „სისკით“, „ჩრეზვიჩაიკებით“ და ციხეებით ჯერ-ჯერობით ისინი მარტო ამ ელემენტებს და მათ მოწინავე ავანგარდს დაატყდენ თავს.

მიუხედავათ მათ მიერვე „ნაბოძები“ ამნისტიისა, ციხეები სავსეა დღეს ძველი მებრძოლებით, რომელთაც არა ერთი და ორი წელი გაუტარებიათ მეფის სატუსაღოებში, ციმბირსა და კატორღაში. ბრალდების წაუყენებლათ, ყოველგვარ მიზეზის გარეშე ატუსაღებენ  ყველა ცოტათ და ბევრათ შემჩნეულ მოწინავე მუშას და სოციალ-დემოკრატ ინტელიგენტებს. ატუსაღებენ და ყრიან ბინძურ საკნებში, სადაც არც საჭმელია, არც წამალი და არც სხვა რაიმე პირობა ადამიანური ცხოვრებისა. თავის ბრაზმორეულ შურისძიებაში ისინი აჭარბებენ თვით მეფის ჟანდარმერიას, მიყავთ ლოგინიდან მძიმე ავადმყოფები.

ამ უმაგალითო თვითნებობისა და თარეშის მიზანი ერთია – დააშინონ ქართველი ხალხი, მოშალონ მისი ოპოზიციური სულისკვეთება, ხოლო თავისი პოლიტიკური მოპირდაპირენი მექანიკურათ მოაშორონ თავიდან.

მარა კითხვა იბადება: აღწევენ ან მიაღწევენ ამით თავის მიზანს ჩვენი ბოლშევიკები?

რა საკვირველია, ვერა!

ზიზღით და გულჩათხრობილი მრისხანებით შეხვდა ქართველი დემოკრატია ბოლშევიკების შემოსვლას საქართველოში და დღეს, მათი 5 თვის ბატონობის შემდეგ, კიდევ უფრო მეტ სიძულვილს გრძნობს იგი მათდამი. ქართველი საზოგადოება შემთხვევას არ უშვებს, რომ ხაზი გაუსვას თავის უარყოფით დამოკიდებულებას ბოლშევიკურ რეჟიმის მიმართ. სოფელში თუ ქალაქში, მიტინგებზე თუ კრებებზე, ქუჩაში თუ ოჯახში, წარმოდგენის დროს თუ კერძო შეხვედრისას – ყველგან ბოლშევიზმი და მისი წარმომადგენლები სიძულვილისა და ცინვის საგანს წარმოადგენენ.

დღესაც ისე, როგორც გუშინ მთელი ერის ოპოზიციურ მოძრაობას სათავეში უდგას ქართველი მუშა. იგი უშიშრათ და პირდპაირ ებრძვის კომუნისტურ რეჟიმს ჩვენში. ამ მხრივ მეტად საყურადღებო იყო 7 ივლისს ნაძალადევში გამართული დიდი კრება მუშებისა, სადაც მოხსენებით გამოვიდა მოსკოვის კომისარი სტალინი-ჯუღაშვილი. ვერ უშველა ვერც სოფისტიკამ, ვერც მისმა „მოთაფლულმა“ ენამ. წამ და უწუმ გაისმოდა რეპლიკები: „სიცრუეა“, „მოღალატეობაა“ და სხვა. და როცა ტრიბუნაზე გამოჩნდენ ბოლშევიკების მიერ უკვე არა ერთხელ „დასამარებული“ სოციალ-დემოკრატები [იგულისხმებიან დამფუძნებელი კრების წევრები ისიდორე რამიშვილი და ალექსანდრე დგებუაძე – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], კრება მოიცვა ისეთმა ენთუზიაზმმა, რომ თვით სტალინიც დარწმუნდა, რომ ბოლშევიზმის საქმე საქართველოში საბოლოოთ წაგებულია. იმის მაგიერ, რომ „დიდ“ კომუნისტს ჩვენი მუშების გული მოენადირებია და „განდგომილნი“ მოეშინაურებია, – მან მიაღწია სულ წინააღმდეგ შედეგს: კრება გადაიქცა – უდიდეს ანტი-ბოლშევიკურ დემონსტრაციათ. და ეს იმის შემდეგ,რ აც ბოლშევიკებმა თავისი ტერორისტული მეთოდი უკვე ფართოდ სცადეს საქართველოში!

ამ კერძო ფაქტში ნათლად იხატება საქართველოს მუშათა კლასის და მთელი დემოკრატიის სულის სიმტკიცე და სიდიადე. მიუხედავათ საშინელი გაჭირვებისა, სიმშილისა, დამცირებისა და დევნისა, მიუხედავათ იმისა, რომ მოპირდაპირეს პატარა ქვეყანა უჭირავს ნახევრად ველური სალდათის ჩექმის ქვეშ, ის მაინც გულს არ იტეხს, სულით არ ეცემა, მომავალს იმედით შესცქერის და ხელფეხშებორკილი და დამუნჯებული მაინც პოულობს საშვალებას ბრძოლისა და აქტიური მოქმედებისას. ლუკმა პურს მოკლებული; იგი უმაღლესი იდეალებისათვის თავს დებს და კომუნისტების პოლიტიკურ შემოძახილს ამაყათ უპასუხებს: „ვერ გაგვტეხთ, ვერ დაგვიმონებთ!“

ეს სულისკვეთება, რომელიც ახასიათებს არა მარტო საქართველოს მუშათა კლასს, არამედ ერის ყველა ცოცხალ ძალებს, თითო-ოროლა გარეწარისა და ორიოდე სპეკულიანტის გამოკლებით – ეს სულისკვეთება მომასწავებელია იმის, რომ არ მოკვდარა საქართველო და მისი დამოუკიდებლობა: იგი უტყუარი თავდებია იმის, რომ არ მომკვდარა საქართველო და მისი დამოუკიდებლობა: იგი უტყუარი თავდებია იმის, რომ დროებითია უცხოელთა უხეში ძალის ბატონობა, რომელსაც ვერასოდეს ვერ შეითვისებს და ვერ შეიგუებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ცხოვრება!

მოსკოვის ჯალათებს და მათ ქართველ ლაქიებს შეუძლიათ კიდევ მოაყარონ საქართველოს შიშველ-ტიტველი და უვიცი წითელ-არმიელები, მათ შეუძლიათ მეტის ენერგიით აამუშაონ ჩრეზვიაჩკები და გააძლიეორნ დევნა და შევიწროება, მარა ისინი ვერასოდეს ვერ დაიმორჩილებენ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს სიცოცხლე და უყვარს თავისუფლება.

ამის თავდებია ჩვენი მუშათა კლასის 30 წლის სახელოვანი ბრძოლის ისტორია, ხოლო ქართველი ხალხის ათასწლოვანი კულტურა. ამის მჭერმეტყველური დამამტკიცებელია მისი დღევანდელი საქციელი.

საქართველო მალე აღსდგება! ის მალე კვლავ მოიპოვებს დაკარგულ თავისუფლებას!

ეს სწამს ქართველ ხალხს, ამისთვის იბრძვის იგი.

და, ამ ღრმა რწმენით აღჭურვილი ჩვენც ვეტყვით ჩვენი ქვეყნის ჯალათებს:

განაგრძეთ თქვენი ბნელი მუშაობა! რასაც მეტს იერთგულებთ, მით უფრო დაუნდობელი იქნება ისტორიისა და ხალხის სამსჯავრო თქვენს მიმართ!

მსგავსი/Related

Back to top button