skip to content
რესპუბლიკის ამბები

სოციალისტური ინტერნაციონალის კონფერენცია საქართველოდან ბოლშევიკური ჯარების გაყვანას მოითხოვს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921  წლის 26 ივლისი, N4

ფრანკფურტში-მაინზე

(ვენის ინტერნაციონალის ბიუროს სხდომა)

ვენის ინტერნაციონალის ბიუროს დავალებული ქონდა წინა კონფერენციისგან საქართველოზე თავდასხმის საკითხის შესწავლა და სათანადო რეზოლიუციის შემუშავება. და ამ საგანზე ბიუროს კრება უნდა მომხდარიყო 8 ივლისს.

უნდა აღინიშნოს რომ ეგრეთ წოდებული 2-ნახევარი ინტერნაციონალი შეიცავს რამოდენიმე კომუნისტურ ჯგუფებსაც [მეორე ინტერნაციონალი ტრადიციულ სოციალისტურ პარტიებს აერთიანებდა, ხოლო მესამე ინტერნაციონალად თავს მოიხსენიებდნენ რუსეთის ბოლშევიკური პარტიის გარშემო გაერთიანებული კომუნისტური პარტიები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], როგორიცაა რუსეთის მემარცხენე ესერები და სხვა ასეთი ჯგუფები და საერთოდ ამდენხანს მოსკოვის ინტერნაციონალის ერთგვარ გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავათ ამისა სრული იმედი იყო, რომ საქართველოს საკითხში ისინი ჩვენ სავსებით დაგვიჭერდენ მხარს. მით უმეტეს, რომ ყველა დიდი და მნიშვნელოვანი პარტიები, რომელნიც შედიან ამ ინტერნაციონალში, როგორც მაგალითად საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიის უკვე გადაჭრით ჩვენს მხარეზე იყვნენ.

ბიუროს სხდომაზე ფრანქფურტში გაემგზავრენ ნოე რამიშვილი და კარლო ჩხეიძე

რადგან საქართველოს სოც-დემ. ოფიციალურათ შედის მე-2 ინტერნაციონალში, ამიტომ ისინი დაშვებულ იქნენ ბიუროს სხდომაზე მხოლოდ საქართველოს საკითხის განხილვის დროს. მათ მართლაც გააკეთეს მოხსენება, რომლის შემდეგ მიიღეს შეკითხვები: სხვათა შორის აბრამოვიჩი შეეკითხა თუ რა ტაქტიკას ვადგივართ ბოლშევიკების მიმართ. თავმჯდომარე ლედებერმა ამაზე ცხარე პროტესტი განუცხადა მას, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი პარტიისათვის მაგნაირი საკითხის დასმა არ შეიძლებაო. მაგრამ ჩვენმა წარმომადგენლებმა მაინც საჭიროთ სცნეს განეცხადებიათ შემდეგი: საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა გადასწყვიტა შეიარაღებულ ექსცესებს და პარტიზანულ გამოსვლებს ადგილი არ უნდა ექნეს, ვინაიდან თვით ბოლშევიკები ეძებენ საპროვოკაციო მიზეზს, რომ ხალხი გაკლიტონ [დააპატიმრონ]. ფრიდრიხ ადლერი შეეკითხა ანტანტასთან დამოკიდებულებაზე. ჩვენებმა გადაჭრით განაცხადეს, რომ რეაქციის იარაღით ვერავითარი ანტანტა ვერ გაგვხდის, და ყოველთვის მიიღებს ისეთსავე უარს, როგორც დენიკინის ბატონობის ჟამს მიიღოო.

აქვე აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მემარცხენე ესერების წარმომადგენელი შრეიდერი შეეხო იმას, რომ საქართველოში არ იყო მოსპობილი სიკვდილით დასჯა, და განაცხადა, რომ საქართველოს ამბები – ეს ბოლშევიკ-მენშევიკთა შეჯახებაა – მეტი არაფერიო. პარტიულ პოლემიკაზე ჩვენმა წარმომადგენლებმა უარი სთქვეს, ხოლო შრეიდერს არსებითად საკადრისი პასუხი გასცეს. მათ ამჟამად შრეიდერის ცხარე სიტყვით უპასუხა ჟან ლონგემ.

და ბოლოს ბიურომ გამოიტანა რეზოლიუცია, რომელიც აქვე მოგვყავს. სრული იმედი გვაქვს, რომ დღეიდან ვენის ინტერნაციონალიც კიდევ უფრო ჩამოშორდება მოსკოვს და მეტი აქტიური დამცველი შეიქმნა საქართველოსი.

რეზოლიუცია

მიღებული ერთხმად ვენის ინტერნაციონალურ ბიუროს მიერ ფრანქფურტში – მაინზე. 9 ივლისი.

სოციალისტურ პარტიათა ინტერნაციონალურ კონფერენციაზე ვენაში (1921 წ. თებერვლის დასასრულს) მიღებული იქნა პირველი ცნობა ბოლშევიკების ჯარების საქართველოს რესპუბლიკაზე თავდასხმის შესახებ. კონფერენციამ მიანდო აღმასრულებელ კომიტეტს „საქმის გამორკვევა და მისდამი თავის დამოკიდებულების განსაზღვრა“.

სოციალისტურ პარტიათა ინტერნაციონალურ ბიუროს კრება ფრანკფურტში – მაინზე, 9 ივლისს, ადასტურებს, რომ იმ მასალების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებული იქნა როგორც ქართველების, აგრეთვე ბოლშევიკების მიერ და საქართველოს წარმომადგენელთა (ჩხეიძე და რამიშვილი) სიტყვიერი განცხადების შემდეგ შეუძლებელია არსებობდეს რაიმე ეჭვი, რომ მართლა ადგილი ქონდა ბოლშევიკური ჯარების თავდასხმას, რომელიც გამოწვეული იყო წმინდა მილიტარისტულ-სტრატეგიული მიზეზებით. ამნაირათ, უკვე არსებობს ყველა საბუთები, რომლებიც თანახმად ვენის ინტერნაციონალის კონფერენციისა, სავსებით ამართლებენ მსოფლიო პროლეტარიატის პროტესტს ამ თავდასხმის წინააღმდეგ.

საქართველოდან ბოლშევიკური ჯარების დაუყონებლივ გაყვანა და ქართველი ხალხის მიერ უცხო ძალთა გავლენის გარეშე თავისუფალი ნების-ყოფის გამოთქმა თავისი მომავალი ბედის გადასაწყვეტათ წარმოადგენს სოციალისტური სამართლიანობის თალსაზრისით თავის-თავად საგულისხმო მოთხოვნილებისა.

დ.

მსგავსი/Related

Back to top button