skip to content
რესპუბლიკის ამბები

საბჭოთა ხელისუფლებამ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი დაითხოვა

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივლისი, N3

აჭარა (საკ. კორესპ).

როგორც ვიცით, აჭარას საქართველს რევკომმა (ფ. მახარაძის დეპეშით) აღუთქვა ფართე ავტონომია და მოულოცა მენშევიკების ბატონობისგან განთავისუფლება.

მეჯლისის წევრები ამ დაპირებამ აღტაცებაში მოიყვანა. ზოგი მათგანი ძველი მთავრობის დაგმობასაც შეუდგა და ახალის ქებას. მეჯლისს ბათომის რევკომმა მისცა 15 მილიონი, რამაც კიდევ უფრო მოალბო მათი გული. მამედ ბეგმა ინტერვიუც კი მისცა კომუნისტურ გაზეთს, სადაც ქება-დიდებით მოიხსენია საბჭოთა მთავრობა და გაკიცხა მენშევიკების მმართველობა.

მეჯლისი შეუდგა მუშაობას და მიღებული მილიონების განაწილებას. მაგრამ მალე მათ სიხარულს ბანდი გადაეფარა. ბოლშევიკებს მამედ ბეგი და მისი მეჯლისი მხოლოდ დროებით სჭირდებათ. ფაქტიურათ კომუნისტები შეუდგენ საკუთარ აგიტაციას ოლქში, რომ კომუნისტური მეჯლისი შეექმნათ.

რევკომის წევრები ოსმალო კომუნისტების თანხლებით დადიოდენ ოლქში, მართავდენ კრებებს, მიტინგებს, აარსებდენ რევკომებს, და უხსნიდენ ხალხს კომუნიზმის მოძღვრებას.

რევკომმა საიდუმლოთ დაადგინა უეცარი არჩევნების მოხდენა და მთელი მეჯლისის ჩამოშორება.

აქ ასპარეზზე გამოვიდა სედაი მილეთელები [ბათუმის ოლქში მოქმედი პროოსმალური პოლიტიკური ჯგუფი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. მათ გამოაცხადეს თავის თავი კომუნისტებათ და ბოლშევიკების ფულით შეუდგენ თავის საქმის კეთებას.

მეჯლისის პროტესტი ამის გამო უყურადღებოთ იქნა დატოვებული. მამედ ბეგი დიპლომატიურათ გაისტუმრეს თფილისში საქართველოს რევკომთან ავტონომიის საკითხებზე მოსალაპარაკებლათ. ამ ხანებში რევკომი შეუდგა არჩევნების მოხდენას ახალი მეჯლისისათვის.

არჩევნები მოახდინეს კიდეც. რასაკვირველია სასაცილო არჩევნები, რომელზედაც ხშირათ რამდენიმე კაცი ესწრებოდა. მაგრამ არჩევნებმა სრულია მოულოდნელი შედეგები მოუტანა ბოლშევიკებს. არჩეული გამოდგენ ქემალისტები და რუსეთის მომხრენი, რომელთაც სახელმწიფო ენათ აჭარაში თურქული ენა გამოაცხადეს და ზოგან თხოულობდენ კიდეც უშუალო კავშირის გაბმას მოსკოვთან და ანგორასთან.

რა იყო მიზეზი ასეთი დამარცხებისთვის?

ბოლშევიკებმა თავის მოქმედებით დაუკარგეს გავლენა ყოფილ მეჯლისს, ხოლო კომუნიზმი კი ხალხს ვერ შეასმინეს. ამით ისარგებლეს ქემალის აგენტებმა და თავის აგიტაცია გააჩაღეს ხალხში; რასაც ხელი შეუწყო ოსმალოს ჯარის იქ ყოფნამ. აჭარაში თითქმის ყველგან თურქოფილებია არჩეული რევკომში. ასე რომ ბოლშევიკები ასაზრდოებენ თავის მკერდზე ანტი ქართულ, ანტი კომუნისტურ ელემენტებს, აშკარათ ოსმალების მომხრეებს.

თვით აჭარლებმა საქართველოს ორიენტაციის მომხრეებს ყველას „მენშევიკები“ დაარქვეს და თუნდაც ის კომუნისტობას ჩემულობდეს, მაინც აძევებენ.

ბოლშევიკებმა ეს თვითონაც კარგათ იციან, მაგრამ მაინც ემორჩილებიან გარემოებას. მოკავშირე ქემალს აბა როგორ აწყენინებენ!

აი როგორ გაუკაფეს მათ გზა ქემალისტურ მეჯლისს.

მემედ ბეგი ისევ თფილისში იყო, როცა შეატყობინეს საქართველოს რევკომს, ძველი მეჯლისი გადაყენებულია და არჩეულია ახალი კომუნისტურიო. საქართველოს რევკომმა მაინც დიპლომატობა განაგრძო. მემედ ბეგს დაპირდნენ ავტონომიის საკითხის გამორკვევას საბჭოთა კონსტიტუციის მიღებისთანავე და უკან გაისტუმრეს, თან უთხრეს: თქვენთან ვითანამშრომლებთო. დაიმედებული ჩავიდა ძველი პრეზიდიუმი ბათუმში და განიზრახა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს გამოცემა. მაგრამ ბათომის რევკომისაგან უარი მიიღ. თქვენ ვინ ბრძანდებით: „ჩვენ ახალი მეჯლისი ავირჩიეთო, თუ წერა გნებავთ „კომუნისტში“ სწერეთო.

უშედეგოთ ჩაიარა იმაზე მითითებამაც, რომ თურქულ-რუსული მეჯლისი დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისო. ბათომის რევკომმა მაინც თავისი არ დაიშალა. მან მოსთხოვა ძველ მეჯლისს ბინის დაცლა და 15 მილიონამდე დარჩენილი თანხის ახლისთვის გადაცემა.

ასეთ მდგომარეობას ძველი მეჯლისი საპროტესტო დეკლარაციით შეხვდა, რომელშიაც აცხადებენ, რომ მეჯლისი სთვლის რა აჭარას საქართველოს განუყრელ ნაწილათ და თავის თავს მის კანონიერ მეჯლისად, უარყოფს ახალ მეჯლისს, როგორც საქართველოს ერთობის წინააღმდეგს და მის დაუკითხავად არჩეულს. ამიტომ მას არ ჩააბარებს არც ფულს არც ანგარიშს. მეჯლისმა დროებით შვებულებაში გაუშვა თავსი წევრები შექმნილ მდგომარეობის გამო და დარწმუნებულია, რომ დადგება დრო მეჯლისის ხელახლა შეკრებისთვის.

ასე დამარხეს ბოლშევიკებმა აჭარის საკითხი საქართველოსთვის.

მსგავსი/Related

Back to top button