Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

22 ივნისი, 1921: ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს თავისუფალ საქართველოს

ჟურნ. თავისუფალი საქართველოს, 1921 წლის 15 ივლისი, N3

ინგლისის მუშათა პარტია

22 ივნისს, ინგლისის მუშათა პარტიის (ლაბურპარტი) კონგრესზე დღიურ წესრიგში ერთ უმთავრეს საკითხათ იყო დასმული საკითხი საქართველოს დაპყრობის შესახებ. მომხსენებლათ გამოვიდა ამხანაგი ქალი ეთელ სნოუდენი*. აი მის სიტყვა:

„ამხანაგებო იმ საკითხზე, რომლის შესახებ მე მინდა მოგმართოთ, ორი აზრი არ შეიძლება ამიტომ, არ მგონია, თუნდ ერთი ხმაც აღმოჩნდეს იმ რეზოლიუციის წინააღმდეგ, რომლის დაცვა მე დამავალა აღმასრულებელმა კომიტეტმა.

ეს საკითხი სრულიად გარეშე დგას იმ უთანხმოებისაგან, რომელიც არსებობს სოციალისტებსა და კომუნისტებს შორის, რადგან არიან პრინციპები, რომელთაც ერთნაირათ აღიარებს ორივე მიმდინარეობა, და უფლება ერთა თვითგამორკვევისა – ერთი ასეთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპთაგანია.

საქართველოს საკითხი, ესაა საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა სოციალისტებს, შეუძლია თუ არა მუშათა კლასს დაუშვას ხალხის ნების დარღვევა შეიარაღებული ძალით და ხალხის მიერ თავისუფლად არჩეული მართველობის ფორმის გაუქმება დაპყრობის საშუალებით?

სამი წლის წინეთ ქართველმა ხალხმა გამოაცხადა თავის დამოუკიდებლობა და თავისუფლათ აირჩია თავის მთავრობა. 80%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა სოციალისტებს და ამათგან შედგა სოციალისტური მთავრობა საქართველოს რესპუბლიკის. და აი ამ რესპუბლიკას ყოველ მხრიდან შემოესია მტრის ჯარები, მას თავს დაესხენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. შემოჭრილმა ჯარებმა დაანგრიეს მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გააუქმეს ქვეყნის თავისუფლება და დაამყარეს ნაძალადევათ რევოლიუციურ კომიტეტების ხელისუფლება. მთავრობა, არჩეული ხალხის მიერ, იძულებული იყო მიეტოვებია თავის მიწაწყალი. და აი აქ ამ ესტრადაზე ჩენ შორის დგას ნოე ჟორდანია, პირველი სოციალისტური მთავრობის თავმჯდომარე  (აპლოდისმენტები ნოე ჟორდანიასადმი). როგორც სოციალისტი ის მოვიდა ჩვენთან, რომ მორალური დახმარება გვთხოვოს თავის ხალხისათვის.

რას მოითხოვენ ჩვენგან ქართველი სოციალისტები? ისინი მოითხოვონ რომ შეიქმნას საერთაშორისო შერეული კომისია, რომელშიაც შევლენ სოციალისტები და კომუნისტები, და რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშვალება თავისუფლათ, ამ კომისიის ზედამხედველობის ქვეშ, გამოსთქვას რეფერენდუმის საშვალებით თავის ნებისყოფა და აირჩიოს ესა თუ ის ფორმა მართველობისა.

შეგვიძლია ჩვენ არ დავუჭიროთ მხარი ქართველ ამხანაგების ასეთ მოთხოვნას?

არა. უფლება ქართველი ხალხის თვითგამორკვევისა ჩვენთვის ისეთივე სავალდებულოა, როგორც თვითგამორკვევა ირლანდიის ხალხისა. და მე გთხოვთ თქვენ ერთსულოვნათ დაუჭიროთ მხარი წარმოდგენილ რეზოლიუციას, რომელსაც მე ვიცავ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ შემთხვევაშიაც არ უღალატებთ თქვენს თავს, არ უღალატებთ თავის სოციალისტურ რწმენას, და ერთხმათ მიიღებთ ამ რეზოლუციას (აპლოდისმენტები)“.

რეზოლიუცია

ვინაიდან ყოფილი საქართველოს მართველობა გაუქმებულ იქმნა შეიარაღებულ ძალის მიერ, და რადგან საქართველოს ხალხის წარმომადგენლებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ შერეულ კომისიას, შემდგარს დანარჩენი ქვეყნის სოციალისტებისა და კომუნისტებისაგან, დაევალოს გამოარკვიოს საქართველოს ამომრჩეველთა თავისუფალი ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, თუ როგორი მართველობის ფორმა სურს უმრავლესობას, კონფერენცია უცხადებს რა ქართველ ხალხს თავის თანაგრძნობას, გამოსთქვამს რწმენას, რომ მას უნდა მიეცეს საშვალება სამხედრო ძალდატანების გარეშე, თავისუფლათ აირჩიოს ფორმა მართველობის, რომელიც მას სასურველათ მიაჩნიათ.

ამიტომ იგი მხარს უჭერს წინადადებას იმის შესახებ, რომ მოხდეს აღნიშნული ხმის მიცემა შერეული კომისიის კონტროლის ქვეშ, ან რაიმე სხვა წესით, რომელიც მიზანშეწონილათ იქნება ცნობილი.

(რეზოლიუცია მიღებული იქნა ერთხმად. დამსწრე კომუნისტებმაც მას ხმა მისცეს).

[1920 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში ევროპელ სოციალისტებთან ერთად – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]

მსგავსი/Related

Back to top button