რესპუბლიკის ამბები

10.06.1921, პარიზი: კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა საერთო დეკლარაცია გამოაქვეყნეს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2

დეკლარაცია

ამის ქვემორე ხელის მომწერნი წარმომადგენელნი სომხეთის, აზერბეიჯანის, ჩრდილო კავკასიის და საქართველოს რესპუბლიკების, კავკასიის ხალხების დამოუკიდებლობისა, დემოკრატიული წყობილებისა და ეკონომიურ წარმატების განსამტკიცებლად, ამ რესპუბლიკათა შორის ყოველივე უთანხმოებათა მიზეზის მოსასპობათ, და მათ შორის სოლიდარობის მკვიდრ საფუძველზე დასამყარებლად, ვაცხადებთ შემდეგ:

  1. ზემოთ აღნიშნული წარმომადგენლები ერთხმათ აღიარებენ, რომ კავკასია, რომელსაც უჭირავს ყელი ევროპასა და აზიას შორის, თავის გეოგრაფიულ მდებარეობით წარმოადგენს დიდ საერთაშორისო გზას, რომელიც აერთიანებს შავ ზღვას და ხმელთა შუა ზღვას ცენტრალურსა და წინა აზიასთან, და რომ თავისუფლება ამ გზის ყველა ერთა სასარგებლოდ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმტკიცებულ იქნა ამ რესპუბლიკების სრული დამოუკიდებლობა და მათ შორის დამყარებული კავშირი.
  2. ზემოთ აღნიშნულ რესპუბლიკების წარმომადგენელნი ერთხმად აღიარებენ აგრეთვე, რომ, რათა დაცული იქნეს ამ რესპუბლიკათა დამოუკიდებლობა და კავკასია შეიქმნას მართლა დამაკავშირებელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, საქრისტიანო და სამუსლიმანო ქვეყნების, აუცილებელია მჭიდრო და ძმური კავშირი დამყარება ამ ხალხთა შორის.
  3. რათა თავიდან აცილებულ იქნეს ყოველივე მიზეზი კონფლიქტების, რომელთაც სამწუხაროთ ადგილი ქონდა წარსულში კავკასიის ხალხებ შორის, და რათა რაც შეიძლება სწრაფად დამკვიდრდეს მეგობრობა ამ რესპუბლიკებ შორის, რომელნიც შეერთებულნი არიან მრავალ საუკუნიან მეზობლობის კავშირით და საერთო ისტორიული ბედით, კავკასიის რესპუბლიკები ადგენენ: ამიერიდან ყოველივე განხეთქილება და დავა რომელიც არსებობს ან მომავალში აღიძვრის მათ შორის პირველ ყოვლისა საზღვრების საკითხი, გადაჭრან სავალდებულო არბიტრაჟის საშუალებით.
  4. იღებენ რა მხედველობაში, რომ ამ დეკლარაციაში დასახული მიზნის მისაღწევად, სრულიად აუცილებელია საერთო შეხედულებანი და საერთო ორიენტაცია საგარეო პოლიტიკაში, კავკასიის რესპუბლიკები აცხადებენ, რომ თავს შეიკავებენ ყოველგვარი ვალდებულებისა, მოქმედებისა, შეთანხმებისა და საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებისგან, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს საერთო კავშირს ან მის რომელიმე წევრს. და ისინი ხელს შეუწყობენ საგარეო პოლიტიკის სფეროში ამ ერთა მოქმედების გაერთიანებას და კოორდინაციას, რომელნიც შეერთებული არიან ამ საკავშირო ხელშეკრულებით.
  5. აღიარებენ რა, რომ თვითეულ ამ ხალხთაგანის დამოუკიდებლობა მჭიდროთ დაკავშირებულია დანარჩენების დამოუკიდებლობასთან, აღნიშნული რესპუბლიკები აარსებენ სამხედრო თავდასხმის კავშირს, რომ დაიფარონ გარეშე თავდამსხმელისაგან თითეული მათგანი ცალცალკე და ყველანი ერთად.
  6. იღებენ რა მხედველობაში კავკასიის ყველა ხალხების ეკონომიურ ინტერესთა ერთობას, რომელიც მათ ღრმათ აქვთ შეგნებული, და რომ უფრო გაამტკიცონ პოლიტიკური სოლიდარობა ამ ხალხების, ამის ხელის მომწერნი აცხადებენ, რომ ყოველივე სადამოჟნო, საბაჟო და სხვა დაბრკოლებანი საქონლის თავისუფალი ტრიალისა – კავკასიის რესპუბლიკებ შორის უქმდება და აღნიშნული რესპუბლიკები ამიერიდან შეადგენენ ერთ სადამოჟნო ერთეულს, და ერთ მთლიან ტერიტორიას საერთაშორისო კომერციული ტრანსპორტისათვის.
  7. ამყარებენ რა საკავშირო ურთიერთობას ზემო აღნიშნულ პრინციპების თანახმად, კავკასიის რესპუბლიკები ხელმძღვანელობენ წრფელი სურვილით დაამყარონ მათი სრული დამოუკიდებლობის და ტერიტორიალურ ხელშეკრულების საფუძველზე მეგობრული და კეთილმეზობლური განწყობილება მეზობელ სახელმწიფოებთან, რუსეთთან, ოსმალეთთან და სპარსეთთან. ამასთანავე კავკასიის რესპუბლიკების: სომხეთის, აზერბეიჯანის, ჩრდილო-კავკასიის და საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რესპუბლიკები მზათ არიან სრული დაკმაყოფილება მისცენ რუსეთის ეკონომიურ ინტერესებს რომელიც ამ უკანასკნელს ექნება კავკასიაში, მას შემდეგ, რაც მოწესრიგებული იქნება მათი ურთიერთობა რუსეთთან.
  8. დარწმუნებულნი, რომ ევროპის სახელმწიფოები მორალურ და პოლიტიკურ დახმარებას გაუწევენ დამოუკიდებლობის საქმეშ ამ კავკასიის რესპუბლიკებს რომელნიც ცნობილი არიან მრავალი საერთაშორისო აქტებით, აღნიშნულ რესპუბლიკათა მთავრობანი მთელი ძალღონით შეეცდებიან განამტკიცონ პოლიტიკური, ინდუსტრიალური და კომერციული ურთიერთობა უცხო სახელმწიფოებთან და შექმნან შესაფერი პირობები, რომელიც გააადვილებს უცხო კაპიტალის თანამშრომლობას კავკასიის ბუნებრივ სიმდიდრეთა დასამუშავებლად.
  9. სომხეთის, აზერბეიჯანის, ჩრდილო კავკასიის და საქართველოს რესპუბლიკების წარმომადგენელნი, დარწმუნებულნი იმაში, რომ აღნიშნულ დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კავშირი აუცილებელია  მახლობელ აღმოსავლეთში მშვიდობიანობის და წესრიგის დასაცველად, აცხადებენ, რომ დასახულ მიზნების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ამ სახელმწიფოებისათვის, თუ მეზობელი სახელმწიფოები პატივისცემით მოპყრობიან და დაიცავენ აღნიშნულ რესპუბლიკების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ტერიტორიალურ მთლიანობას.
  10. კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოველი შეთანხმება და ხელშეკრულება, რომელსაც თავზე მოახვევენ კავკასიის სახელმწიფოებს, და რომელნიც შეეხებიან ტერიტორიის დათმობას, ან გადაცემას აგრეთვე ყოველგვარი კონცენსიები და პრივილეგიები, რომელიც გაიცემიან სომხეთსა, აზერბაიჯანსა, ჩრდილოკავკასიასა და საქართველოში, იმ ხელისუფლების, ჯგუფის თუ ორგანიზაციების მიერ, რომელნიც არ არიან წარმომდგარი ამ რესპუბლიკათა ხალხის მიერ თავისუფლათ გამოთქმულ ნებისყოფიდან, მოკლებულია ყოველივე კანონიერ მნიშვნელობას და არა ნამდვილათ იქნებიან ჩათვლილი.

დადებულია პარიზში 1921 წელს, ივნისის 10-ს 4 ეგზემპლიარად.

ავეტის აჰრონიანი სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე

ალი მანდარ-ბეი ტოფჩიბაშევი – აზერბეიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე

ა. მ. ჩერნიაევი [ტაპა ჩერმოევი]- ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე

აკაკი ჩხენკელი – საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი

[1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმართებოდა კავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციები. საქართველოს მთავრობის ინიციატივითვე იგეგმებოდა კავკასიის რესპუბლიკათა ერთიანი სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ტერიტორიალური დავების და ღია საომარი მოქმედებების გამო მსგავსი ხელშეკრულება 1919 წელის 16 მაისს მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ მოინდომა სომხეთმა, ხოლო მთიელთა რესპუბლიკა ამ დროისათვის უკვე დენიკინის ჯარების მიერ ფაქტობრივად განადგურებული იყო – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button