Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ჩეკამ 26 მაისს მოსალოდნელი დემონსტრაციის თავიდან ასარიდებლად დამფუძნებელი კრების წევრები დააკავა

წყარო: ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბილისი, 2016.

1921 წლის მაისში საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან – 26 მაისთან – დაკავშირებით მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად გავლენიანი სოციალ-დემოკრატები, დამფუძნებელი კრების წევრების დაპატიმრება დაიწყო. 1921 წლის აპრილ-მაისის მიჯნაზე „ჩეკას“ უკვე დაპატიმრებული ჰყავდა კრების 10-მდე წევრი.

1921 წლის 21 მაისს თბილისში დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატი იოსებ ირემაშვილი, დაკავების ძირითად მიზეზად ირემაშვილის მიერ ანტისაბჭოთა დემონსტრაციის ორგანიზება მიიჩნეოდა. 1922 წლის ოქტომბერში საბჭოთა რეჟიმმა ირემაშვილი ისევე, როგორც ათეულობით სხვა ქართველი პოლიტიკოსი თავისი საზღვრებიდან გააძევა, სიცოცხლის ბოლომდე, 1944 წლამდე ცხოვრობდა ბერლინში.

1921 წლის 22 მაისს ერთდროულად დააკავეს, სოციალ-დემოკრატები, დამფუძნებელი კრების წევრები – ანანია სალუქვაძე, გრიგოლ ურატაძე და ვასო ნოდია.

გრიგოლ ურატაძე 2 თვის შემდეგ ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს, მცირე ხნით მშობლიურ ოზურგეთში დაბრუნდა, სადაც ასევე დააკავეს და ციხეში გამომამწყვდიეს, ხოლო 1922 წლის იანვარში შეძლო ემიგრაციაში წასვლა, თავდაპირველად პრაღაში ხოლო შემდგომ პარიზში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1959 წელს..

ვასილ ნოდია 1921 წლის ზაფხულში მცირე ხნით გაათავისუფლეს, ხოლო 1921 წლის 25 აგვისტოს კვლავ დააკავეს, პატიმრობაში იმყოფებოდა 1922 წლის ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ საზღვრებიდან გააძევეს, თუმცა 1922 წელსვე მოახერხა საქართველოში ფარულად დაბრუნება და ანტისაბჭოთა საქმიანობაში ჩართვა. 1924 წლის პირველ ნახევარში დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ მივლენილი იყო პარიზში აჯანყების საკითხის განსახილველად. 1924 წლის მაისში ვალიკო ჯუღელთან და ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, 1924 წლის ივლისში საბჭოთა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს, ხოლო 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების შემდეგ, 30 აგვისტოს  სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დახვრიტეს.

ანანია სალუქვაძე დაპატიმრებიდან 2 კვირის შემდეგ გაათავისუფლეს, გათავისუფლებისთანავე ჩაერთო ანტისაბჭოთა საქმიანობაში, რის გამოც იძებნებოდა ჩეკას მიერ. 1922 წლის აგვისტოში ანანია სალუქვაძე კვლავ დააპატიმრეს. 1922 წლის დეკემბერში სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად სუზდალის პოლიტიზოლატორში გადაიყვანეს. 1928 წლის დეკემბრიდან გაათავისუფლეს თუმცა კავკასიაშ ცხოვრება აუკრძალეს.  1931 წელს კვლავ დააპატიმრეს. 1935 წელს ალმა ათაში გადასახლებაში მყოფი გარდაიცვალა.

მსგავსი/Related

Back to top button