skip to content
ახალი ამბები

ხელფასების ზრდაზე შეთანხმების შემდეგ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხელფასების მომატებაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი ქიმიური საწარმოს – „რუსთავის აზოტის“ 2 000-მდე თანამშრომელმა ერთკვირიანი გაფიცვა შეწყვიტა, სადაც ისინი „ადამიანურ სამუშაო პირობებსა“ და ხელფასების დაპირებულ ზრდას ითხოვდნენ.

რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, „რუსთავის აზოტის“ იმ თანამშრომლებს, რომელთა თვიური დარიცხული ხელფასიც 1 000 ლარამდეა (290 აშშ დოლარი), შრომის ანაზღაურება 250 ლარით (72 აშშ დოლარი) გაეზრდებათ, ხოლო მათ ვისი ანაზღაურებაც 1 000-1 500 ლარს (290-436 აშშ დოლარი) შორის მერყეობდა, გასამრჯელო 125 ლარით (36 აშშ დოლარი) მოემატებათ. საქართველოს პროფკავშირებში „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია 4 მაისს დაუდასტურეს.

1 მაისის შეთავაზებაზე დათანხმების მიუხედავად, კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც „რუსთავის აზოტის“ შეთავაზება მათ მიერ მოთხოვნილ 50%-იან ზრდაზე ნაკლებია, ამასთან ის არც ინფლაციის შესაბამისად ხელფასების ინდექსაციას ითვალისწინებს.

თუმცა, კომპანიამ მზადყოფნა გამოხატა, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დასაქმებულთა ხელშეკრულების პირობების სამომავლო გაუმჯობესებაზე იზრუნებს, ასევე გადახედოს დამოუკიდებელი კონტრაქტორების, გამომუშავებაზე მყოფთა და იმ თანამშრომელთა ხელფასებს, რომელთა თვიური ანაზღაურება 1 500 ლარზე მეტია.

ერთკვირიანი გაფიცვას თან ახლდა კომპანიის თანამშრომელთა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთბრალდებები. დასაქმებულების მტკიცებით, ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლასა და მუქარას ჰქონდა ადგილი. პარალელურად კი – ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, 28 აპრილს „რუსთავის აზოტში“ თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ „უწყვეტი სამუშაო პროცესის“ ხელშეშლა „საბოტაჟია“, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

ბოლო წლებში „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ. 2017 წელს, კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, რასაც რუსთავსა და თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2018 წელს 56-მა მათგანმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და „რუსთავის აზოტს“ მათი სამსახურში აღდგენა დაევალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button