
მედიასაშუალებები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გაიფიცნენ
რამდენიმე ათეული ქართული ტელევიზია და ონლაინ მედიასაშუალება 14 იანვარს 17:00-დან 20:00 საათამდე გაიფიცა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“, – ეს შეტყობინება სამი საათის განმავლობაში ჩანდა გაფიცული ტელევიზიების ეკრანებსა და ონლაინ მედიასაშუალებების ვებგვერდებზე.
გაფიცვას 43 მედიასაშუალება შეუერთდა, მათ შორის „სამოქალაქო საქართველო“. გაფიცულებს შორის იყვნენ: ტელეკომპანიები „ფორმულა“, „პირველი“ და „მთავარი“, ასევე ონლაინ გამოცემები „პუბლიკა“ და „ტაბულა“, მრავალენოვანი პლატფორმები, როგორიცაა OC Media და Jamnews, და არაერთი რეგიონური მედია საშუალება. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებად მედიას მაუწყებლობა არ შეუწყვეტია.
მაუწყებლობა ასევე გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. თუმცა, მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საღამოს საინფორმაციო გამოშვების დროს, სოლიდარობა გამოუცხადა თავის დაპატიმრებულ კოლეგას. თითოეული ინფორმაციის დასაწყისში ის იმეორებდა ფრაზას „სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს“, რომელიც საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში სულ თერთმეტჯერ გაიმეორა. ივანოვ-ჩიქოვანმა ასევე ისარგებლა შემთხვევით და შეახსენა მაყურებელს, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებისთვის პასუხისგებაში ჯერ არც ერთი პოლიციელი არ მიუციათ.
მზია ამაღლობელი ბათუმში 12 იანვრის ღამეს დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად და პატიმრობა ემუქრება.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/01/2025 – პოლიციამ „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე დააკავა
- 12/01/2025 – გაზეთის დამფუძნებელზე გამოძიება სისხლის სამართლის ბრალდებით მიმდინარეობს
- 08/03/2024 – საქართველო ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2024 წლის ანგარიშში
- 12/12/2023 – მამუკა მდინარაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე კონსენსუსი მიღწეულია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)