
ასობით ქართულმა კომპანიამ საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მუშაობა შეაჩერა
15 იანვარს ასობით ქართულმა კომპანიამ უპრეცედენტო სამსაათიანი გაფიცვის ფარგლებში მუშაობა შეაჩერა. თბილისის მასშტაბით საპროტესტო ბანერები, რომლებიც საზოგადოებას გაფიცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, უკვე დილიდან გამოჩნდა. მასშტაბურ გაფიცვაში ბიზნესის ფართო სპექტრი ჩაერთო, მათ შორის მეწარმეები, მცირე და საშუალო ბიზნესები, მაღაზიები, უნივერსიტეტები, რესტორნები, ოფისები და უფრო დიდი კომპანიები. გაფიცულები დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრში ბევრ ლოკაციაზე შეიკრიბნენ, მათ შორის კაფე სტამბასთან, რომელიც რუსთაველის მეტროსთან მდებარეობს, ასევე რესპუბლიკის მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზე. აქციის მონაწილეებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი – თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი – უშუალოდ არ მონაწილეობდა გაფიცვაში. თუმცა, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიკა გუნცაძე, დაკავებული აქციის მონაწილე ანდრო ჭიჭინაძის დედა, ორივე ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც დაადასტურეს თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა და აქციაში შეერთების უფლება. ორივე ბანკმა განაცხადა, რომ ისინი იყვნენ და დარჩებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერები. მათი ზოგიერთი თანამშრომელი გაფიცვას შეუერთდა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფარმაცევტული კომპანია და სააფთიაქო ქსელი „პსპ“ მონაწილეობდა სიმბოლურ ხუთწუთიან გაფიცვაში. კომპანიის თანამშრომლებმა გამოფინეს ბანერები სამართლიანობისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით და აღნიშნეს, რომ მათი ხანმოკლე მონაწილეობა მათი მომსახურების კრიტიკული ხასიათით იყო განპირობებული.
გაფიცვას ასევე შეუერთდა თბილისის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“. მისმა დირექტორმა ზურაბ ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ცენტრს აქვს 100-მდე საცალო ვაჭრობის ობიექტი და 250-მდე ოფისი, რომელთა უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო გაფიცვაში. გაფიცვას სოლიდარობის ნიშნად ადმინისტრაციაც შეუერთდა.
იმავდროულად, დოლიძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, სადაც აქციის მონაწილეებს ე.წ. „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს. მათ გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მანამდე, 14 იანვარს, 43-მდე ტელეარხი და მედია საშუალება გაიფიცა, რომელთაც „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/01/2025 – პოლიციამ „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე დააკავა
- 12/01/2025 – გაზეთის დამფუძნებელზე გამოძიება სისხლის სამართლის ბრალდებით მიმდინარეობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)