skip to content
ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები ხელფასების ზრდისა და უკეთესი შრომის პირობების მოთხოვნით გაიფიცნენ

ჭიათურელი მაღაროელები მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ხელფასების ზრდასა და ღირსეული შრომის პირობების შექმნას მოითხოვენ. მაღაროელები და მათი ოჯახები პროტესტს ქუჩებში განაგრძობენ. გაფიცვის შედეგად ყველა მაღარო გაჩერებულია და სამი ათასზე მეტი დასაქმებული არ მუშაობს.

Infoimereti-ს ცნობით, 13 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

6 ივნისს დაწყებული პროტესტის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 9 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, მიმდინარე წელს პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია.

მსოფლიო კრიზისის ფონზე, „ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომლებს შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას და ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლას. ამასთან, უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს კომპანიის თანამშრომლების უკმაყოფილება მოყვა. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას საკუთარი წუხილები შუქრუთის მაღაროს თანამშრომელმა, გიორგი ნეფარიძემ გამოთქვა. „თუ, მაგალითად, მაღაროელი მუშაობდა 12 საათის განმავლობაში და ამ დროში გამოჰქონდა გარკვეული რაოდენობით მადანი, ახლა რვა საათში უნდა მოგვეპოვებინა მადნის რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ძველი ხელფასით, მოკლე დროში უნდა მოიპოვო ორჯერ მეტი ნედლეული“.

პროტესტის ქუჩაში გაგრძელებამდე, მაღაროელები კომპანიასთან მოლაპარაკების წარმოებას შეეცადნენ და ხელფასის 12%-ით გაზრდა, შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება, შესაბამისი აღჭურვილობა, მაღაროებში უკეთესი ვენტილაცია და წინა სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება მოითხოვეს. თუმცა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რამაც მაღაროელებს ქუჩის აქციების განახლებისკენ უბიძგა. მაღაროელების მტკიცებით, რაც დრო გადის, გაიზრდება მოთხოვნებიც და მალე შეიძლება ხელფასის 40%-ით გაზრდაც მოითხოვონ.

12 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ყოველთვის მზად ვართ, მედიატორის როლი შევასრულოთ ასეთ პროცესში, მაგრამ აქ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობლემა არის კერძო სუბიექტებს შორის და ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალური გააკეთოს – მოახდინოს მედიაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს და შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

12 ივნისს „ღირსეული შრომის პლატფორმამ“, რომელიც დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს აერთიანებს, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სამთავრობო ინსტიტუტებს, მედიას და სახალხო დამცველს საკითხის სწრაფად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ის მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და შრომის ინსპექციის სამსახურს დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ სახალხო დამცველს პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს; გამოსცეს წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიმართ, გააკეთოს  განცხადებები მაღაროელთა შრომითი უფლებების დასაცავად.  

რაც შეეხება მედიას, მან აქტიურად უნდა გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია, ხელი შეიწყოს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას.

განცხადებას ხელს აწერენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ღია საზოგადეობის ფონდი“, „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია“, „გილდია“, „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“, „სოლიდარობის ქსელი“.

ეს ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის პირველი შემთხვევა არ არის. ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მაღაროელები 2019 და 2021 წლებშიც მოითხოვდნენ. 2021 წლის საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობის აქციის დროს პირი ამოიკერა.  

შენიშვნა: სტატია 13 ივნისს განახლდა და შეიცავს ინფორმაციას შიმშილობის დაწყების შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button