skip to content
რესპუბლიკის ამბები

ბოლშევიკური პრესა გაზეთ „ახალ სხივს“ კრიტიკული წერილების გამოქვეყნების გამო ემუქრება

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 26 აპრილი, N46

„ერთობა“ „ახალი სხივი“-ს პსევდონიმით

მენშევიკური პარტიისა და მთავრობის მოღვაწეობამ, განსაკუთრებით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყრუ უკმაყოფილება დაჰბადა მუშებისა და გლეხების იმ ნაწილშიაც კი, რომელიც დიდი ხნით მათ ჯარს შეადგენდა. რაც დრო მიდიოდა ეს უკმაყოფილება მით უფრო და უფრო გარკვეულ ხასიათს ღებულობდა და ფართოვდებოდა. ეს აშკარა იყო ყველასთვის, აშკარა შეიქმნა, რასაკვირველია, თვით მენშევიკებისთვისაც და არა ერთხელ თქმულა ამის შესახებ მათი პასუხისმგებელი მოღვაწეების მიერ ოფიციალურ ორგანოშიაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შუბის ხალთაში დამალვა შეუძლებელი შეიქმნა თვით მოხერხებულ ერთობელებისთვისაც.

უკმაყოფილება იკვებებოდა იმ გარემოებით, რომ მწვავე ეკონომიურ კრიზისით და მის გამართულებელ მთავრობის პოლიტიკით შევიწროებული ხალხი შეიქმნა დამდგარი პირისპირ პარტიის წინაშე, რომელმაც ვერ გაამართლა ვერც ერთი „სოციალისტური“, ვერც ერთი „დემოკრატიული“ დაპირება, რომლებსაც ის უხვათ აბნევდა ათეულ წლების განმავლობაში, როგორც რევოლუციამდე, ისე მის პირველ დღეებში. ხოლო დარიგებული თამასუქების გაუნაღდებლობა ბუნებრივი იყო პარტიისთვის, რომელიც მიმდინარე რევოლუციონური დროის პოლიტიკას კაპიტალიზმის უნივერსალური ნგრევის ხანაში ხედავდა ბურჟუაზიულ ურთიერთობათა გამაგრებაში, ზოგად-ნაციონალური ბურჟუაზიული პროგრამის გატარებაში და მის მიმდევარ მუშათა წრეების ინტერესების დავიწყებაში, რაც თავის თავად უნდა მომხდარიყო.

ამ უკმაყოფილებამ საგრძნობი ნაწილი მენშევიკების მიმდევარ მუშებისა ისროლა ჩვენი ბანაკისკენ, რომელიც გამოიწვია მენშევიკური პარტიის ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში პროფესიონალურ კავშირებში მომხდარმა ამბებმა, როდესაც ამ კავშირების პასუხისმგებელ პოსტებზე ჩვენი პარტიის მეირ წამოყენებულ კანდიდატებისათვის ხმის მიცემამ მასიური ხასიათი მიიღო თვით მენშევიკების მიმდევარ მუშებშიაც (ამგვარი ფაქტი მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენდა პროფესიულ კავშირებში დომინირებდნენ სოციალ-დემოკრატები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა). მენშევიკური პარტიით, ამ საერთო უკმაყოფილების ატმოსფერაში ჰპოვა იმპულსი დამფუძნებელი კრების მენშევიკური ფრაქციის ზოგიერთ სხვა-და-სხვა მიზეზების გამო „აჯანყებული“ წევრების გაბედულებამ და „დამოუკიდებელი“ სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის სახით ორგანიზაციულათ გამოეყვნენ პარტიას. ფაქტიურათ ამ ჯგუფის ორგანოთ ითვლებოდა წინეთაც „ახალი სხივი“.

მენშევიკური პარტიისა და მისი გზა აბნეული „სხიველების“ „ოპოზიციის“ შორის სადაო საკითხებში იყო, მხოლოდ ერთი, რომელიც ატარებდა რამოდენიმეთ პრინციპიალურ ხასიათს და სწორეთ ამიტომაც ვერ ჰპოვა მან სათანადო განვითარება. შიშით, კრძალვით, ყრუთ ისმოდა აქა-იქ „ოპოზიციაში“ ბუტ-ბუტი იმის შესახებ, რომ მენშევიკურმა პოლიტიკამ გათქვიფა მუშათა კლასიური ინტერესები (რომლის ჭეშმარიტი გამომხატველნი, უნდა ვთქვათ ჩვენ, ისინი არასოდეს არ ყოფილან) ზოგად ეროვნულში. და ვინაიდან ეს არის ერთ მტკივნეულ კითხვათაგანი მთელი თანამედროვე მენშევიზმის, თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის არა მარტო საქართველოში და ამ მტკივნეულ ადგილის თითის მინანიებას უფრთხის და გაურბის ეს პარტია და მისი შინაური „ოპოზიცია“, რამდენადაც ეს უკანასკნელი განაგრძობს ისევ და ისევ სოციალ-დემოკრატიულ ტრადიციულ პროგრამის ნიადაგზე დგომას, ამიტომ ამ სადავო კითხვამ ჩაილურის წყალი დალია და ამნაირათ, მადლობა ღმერთს, საქმე მშვიდობიანათ დათავდა ეგრედ წოდებული „სხიველების“ „ოპოზიციასა“ და „პოზიციის“ შორის.

ამის შემდეგ მთელი „ბრძოლა“ სწარმოებდა იმ კითხვის ირგვლივ თუ ვინ უკეთ გაატარებდა საქართველოში მენშევიკურ პოლიტიკას: „ერთობელები“ თუ „სხიველები“ და ამნაირათ მთელი ეს ოპოზიციონორობითი თამაში გადაიქცა უბრალო ღლაბუცობათ. რამდენადაც  ამ „ოპოზიციას“ საზოგადოთ რაიმე პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და შიგ არ იყო ჩარეული კითხვა მაღალი „პოსტებისა“ და“პორტფელების“ შესახებ. ასე დათავდა „სხიველების“ „ოპოზიცია“ და დაგვრჩა ხელში იგივე „ერთობელები“, რამოდენიმეთ დაშინებულნი თავის სამწყსოს ზოგიერთ უკმაყოფილო წრეების გამოსვლით.

მენშევიკური მთავრობის დამარცხებისა და გაქცევის შემდეგ „სხიველებმა“ ჰპოვეს თავის თავში საკმაო გაბედულობა და მოგვევლინენ საკუთარი ტრიბუნით. ეს მოიმოქმედა იმ ხალხმა, რომელიც ერთობელებთან ერთად საერთოდ ნაციონალურ ბლოკში ჩარაზმული ხელს უწყობდა თავის მცირე ძალების ფარგლებში კომუნისტების დევნას, მხურვალე მონაწილეობას იღებდა ჩვენ წინააღმდეგ მიმართულ პირაშვებულ დემაგოგიაში. საბჭოთა რეჟიმის დამცირებაში და რუსეთის რევოლიუციის სახელის გატეხვაში.

დღეს საქართველოში სხვა და სხვა ცნობილ გარემოების გამო „ერთობა“ ვეღარ გამოდის საკუთარი ფირმით, მაგიერათ მის ალაგს იჭერს „ახალი სხივი“. შეიძლება უფრო უნიჭოთ, უფრო მოუხერხებლათ, ტლანქათ და პირველ ორ ნომერში და განსაკუთრებით უკანასკნელში  (24 აპრილის ნომერი იგულისხმება, რომლის შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლებამ გაზეთი აკრძალა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა) არც ისე ძალიან მორცხვათ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. დროისა და გარემოების მიხედვით მას, რასაკვირველია, არ შეუძლია არ აღინიშნოს გაკვრით, რომ ყოფილ მთავრობის ნაბიჯებშიც ესე თუ ის მისთვის დასაწუნარი იყო. მაგიერათ მთელი უკანასკნელი ნომერი ამ გაზეთის არის აპოლოგია ყოფილ მენშევიკური მთავრობის განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის. როგორც ამ საგარეო, ისე შინაური პოლიტიკის კითხვებზე ჩვენ ვერ წავიკითხავდით თავის საკუთარ ფირმის ქვეშ გამოსულ „ერთობაში“ იმაზე მეტს, რასაც აწვდიან მკითხველებს დღეს „ახალი სხივი“-დან „ერთობელები“. იქ უხვათ მოიპოვება იგივე ბრალდებება ჩვენი რუსიფიკატორობაში, „ტერიტორიის გაცემაში“, ცდა გაქცეულ მთავრობის ჭეშმარიტი ზრახვების დამალვის, მათი მიფუჩეჩების, ამ მხრივ საჭირო საზოგადოებრივი სიფხიზლის მოდუნების, როგორც მეთაურშიმ ისე ფელეტონში, ისევ პროვოკატორულ „შეკითხვებში“ და საზოგადოთ მთელ ნომერში პირველი პწკარიდან უკანასკნელამდე.

ჩვენ ვიცით რომ კრიტიკა რევოლუციონური მთავრობის, მისი შესაძლებელი შეცდომების მომავალში საჭირო იქნება თუ ასეთ შეცდომებს ექნება ადგილი მის მოღვაწეობის დროს შექმნილ რთულ პირობებში.  ჩვენი ამხანაგების პრესა რუსეთში, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირების გამოსვლა ამას ამტკიცებს. მარა ერთია კრიტიკა და მოღვაწეობა ერთობელების, წარმოებული ახალი წესწყობილების დასარღვევათ მის დასაღუპავათ, მის განსამტკიცებლათ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ დამარცხებულმა ერთ ალაგას ერთობელებმა თავი ამოჰყონ მეორე ალაგას და „ახალი სხივის“ ნიღბის ქვეშ აკეთონ მათ ის საქმე, რომლის მუშაობაზე ერთხელ უკვე კისერი მოიმტვრიეს.

ნ. კრედო.

დამოუკიდებელი სოციალდემოკრატები“ 1920-1921 წლებში სოციალდემოკრატიულ პარტიაში არსებული შიდაოპოზიციური ფრაქციისახალი სხივისწვერები იყვნენ. გაზეთიახალი სხივი“ 1920 წლის მაისში გამოსცეს დამფუძნებელი კრების წევრებმა კირილე ნინიძემ, მუხრან ხოჭოლავამ, ნიკიფორე იმნაიშვილმა და სხვებმა. 1920 წლის ბოლოდან განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობაახალი სხივისწევრებსა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტს შორის. „ახალი სხიველებიმოითხოვდნენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულიყო პარტიაში შიდა დემოკრატიული მართვის სისტემა, მინისტრებს აკრძალვოდათ  პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობა. 1921 წლის 11 თებერვალს დამფუძნებელი კრების 10 წევრმა წარადგინა დეკლარაცია, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ისინი ტოვებდნენ სოციალდემოკრატიულ პარტიას და ქმნიდნენ დამოუკიდებელ ფრაქციას, შემდგომში ფრაქციას კრების კიდევ 2 წევრი შეუერთდა, ფრაქციის განცხადებით პარტიის წევრთა 1/3 მათი მიმდევარი იყო და ტოვებდნენ სოციალდემოკრატიულ პარტიას. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა.

მსგავსი/Related

Back to top button