1989 წლის მარტ-აპრილი: დუმილი ქარიშხლის მოლოდინში
რედაქციისგან: 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირში, გარდაქმნის პოლიტიკა დაიწყო, რომელიც ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად, ასევე გულისხობდა დემოკრატიის ზოგადი პრინციპების დაშვებასაც. ამის პარალელურად, წლიდან-წლამდე, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, სუსტდებოდა საბჭოთა კავშირი რაც პირდაპირ აისახებოდა მასში შემავალი რესპუბლიკების პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სიტყვის თავისუფლების დაშვების პირობების მიუხედავად, საბჭოთა ქართულ პრესაში, ყველაფერი მაინც მკაცრი კონტროლით იბეჭდებოდა და ხშირად, უბრალოდ არ შუქდებოდა ან მიიჩქმალებოდა რეალური ფაქტები და მოვლენები.
სტატიის მოსამზადებლად, დამუშავებულია პერიოდული გამოცემები : “კომუნისტი”, “ახალგაზრდა-კომუნისტი”, “ლიტერატურული საქართველო” 1989 წლის 20 მარტიდან 4 აპრილამდე პერიოდში.
1988 წელს, აფხაზებმა დააფუძნეს სახალხო სოციო-პოლიტიკური მოძრაობა „აიდგილარა“, რომელიც ძირითადად აფხაზურ ინტელიგენციას აერთიანებდა. 1989 წლის 18 მარტს, “აიდგილარას” ორგანიზებით, დაბა ლიხნში სახალხო კრება გაიმართა და მოსკოვში გაიგზავნა წერილი, რომელშიც სხვადასხვა ისტორიულ ბრალდებას აყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ და ამავდროულად ითხოვნდნენ აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის ამაღლებას. ეს წერილი პირველად პრესის ფურცლებზე 1989 წლის თებერვალში დაიბეჭდა, მაგრამ განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. იმავე წლის 24 მარტს, წერილი კვლავ დაიბეჭდა აფხაზურ პრესაში, რომელსაც წინასგან განსხვავებით, ქართული საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სახალხო მღელვარებისდა მიუხედავად, საბჭოთა ქართული პრესა სრულად დუმდა ამ საკითხზე. გამონაკლისი მხოლოდ მწერალთა კავშირის, ოფიციალური ბეჭდური ორგანო, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ იყო.
26 მარტის ნომერი, პოლიტიკურად დატვირთული გამოვიდა. ჟურნალის მთავარ გვერდზე გამოტანილია ინფორმაცია საქართველოს კომპარტიის სხდომის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის საკითხი იქნა განხილული. მეორე გვერდზე კი ქვეყნდება სტატია „დაგმეს აფხაზ ექსტრემისტთა გამოხდომები“,
სტატიაში ვკითხულობთ: „25 მარტს, თბილისში, გამარჯვების პარკში ხალხმრავალი მიტინგზე განიხილეს დადგენილება გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში გამართული ანტიქართული მიტინგისა, რომლის სულისკვეთებაც არსებითად და პრინციპულად ეწინააღმდეგება სკკპ XXVII ყრილობასა და საკავშირო XIX პარტიული კონფერენციის მიერ დასახულ პარტიისა და მთავრობის კურსს […] მიტინგი შესავალი სიტყვით გახსნა რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარემ, მწერალმა და ისტორიკოსმა აკაკი ბაქრაძემ […] ილაპარაკეს საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავჯდომარემ, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ელდარ შენგელაიამ, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” დირექტორმა ჯანსუღ ჩარკვიანმა […]. სტატიის ავტორის მიხედვით, მიტინგზე, ასევე სიტყვით გამოვიდა ზვიად გამსახურდია, ლევან სანიკიძე, ზურაბ ქაფიანიძე, ნოდარ ნათაძე, მალხაზ კაკაბაძე, გურამ ყორღანაშვილი დ ა.შ. “მიტინგის მონაწილეებმა მიმართვა გააგზავნეს […] გენერალურ მდივანს მიხეილ გორბაჩოვისა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სახელზე, რომელიც ამავე საღამოს გადაიცა საქართველოს ტელევიზიით.”
გაზეთის მეოთხე და მეექვსე გვერდზე, ქვეყნდება ენათმეცნიერ თამაზ გამყრელიძისა და ისტორიკოსს გრიგოლ გიორგაძის სტატიები, რომელშიც ისინი პასუხს სცემენ აფხაზებს, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ “ქართველთა” შიშით რუსი მეცნიერები ვერ აქვეყნებდნენ ნაშრომებს, ასეთად კი ასახელებდნენ პროფესორ გეორგი ტურჩანინოვის წიგნს, რომელშიც ის ცდილობდა რიგი უძველესი წარწერები წაეკითხა აფხაზურად – მისი წიგნი არ გამოიცა.
მოცემულ არგუმენტს, საკუთარ სტატიაში, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქართველი მეცნიერები და ნაშრომის გამოუცემლობის მიზეზად ასახელებენ მის სამეცნიერო ნაკლოვანებებს. სტატიაში ისინი დეტალურად განიხილავენ ტურჩინოვის ნაშრომს და ააშკარავებენ მის მეცნიერულ სისუსტეს.
“უმეცრება თუ პროვოკაცია?” – ასეთი სათაურით აქვეყნებს აკაკი ბაქრაძე საკუთარ სტატიას, რომელშიც ის, განიხილავს აფხაზი ისტორიკოსის იური ვორონოვის [რედაქციისგან: იური ვორონოვის ნაშრომები, მართლაც სავსეა ფალსიფიკაციითა და ქართველოფობიური ტექსტებით] ნაშრომს „В мире архитектурных памятников Абхазии“. ბაქრაძე პასუხობს ვორონოვის არგუმენტებს, რომელიც ცდილობს აფხაზეთის ისტორია წარმოაჩინოს საქართველოსგან ცალკე მდგარ სუბიექტად და ცდილობს დაანახოს მკითხველს მისი ფასლიფიკატორული გუნება.
გაზეთის ბოლო გვერდზე, მკითხველს აცნობენ გაგრაში, 1988 წლის 3 დეკემბერს, შოთა რუსთაველის ბიუსტის დაზიანების შესახებ. წერია, რომ ამის გამო ჯერ არავინ დასჯილა.
ამასობაში, 28 მარტს, გაგრაში, ადგილობრივმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ ამაზეც თბილისურ პრესაში არაფერი დაწერილა. პირველ აპრილს “წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ” ლესელიძეში საპროტესტო აქცია გამართა, რომლის დროსაც აფხაზები თავს დაესხნენ დემონსტრანტებს.
1989 წლის პირველ აპრილს, გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებზე, პირველად გამოჩნდა სტატიები, რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ ერთი თავისებურებით – არაა ნახსენები, თუ კერძოდ რა ხდება, მაგრამ საუბარია გარკვეულ „დაძაბულობაზე“.
30 მარტს, აფხაზეთს ეწვივნენ ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, მეორე მდივანი ბორის ნიკოლსკი, ცკ-ს მდივანი ნუგზარ ფოფხაძე და სხვები. მეორე დღეს, კი ისინი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც ბევრ სხვა თემასთან ერთად, განიხილეს „აფხაზეთის ასსრ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კულტურული დონის ამაღლება“. იქვე, ქვეყნდება სახალხო არტისტის, ზურაბ ჯაფარიძისა და შრომის გმირის ივანე ალექსაშვილის მცირე კომენტარები, რომლებშიც საზოგადოებას მოუწოდებენ დაფიქრებისკენ და ხაზს უსვამენ ქართულ-აფხაზურ ისტორიულ ძმობას.
“კომუნისტის” 2 აპრილის ნომერში, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მხოლოდ რეჟისორი თემურ ჩხეიძე წერს, რომელიც აკრიტიკებს აფხაზურ მხარეს და ითხოვს კონფლიქტში ისტორიკოსთა ჩართვას, გარდა ამისა ის ამბობს: „უთუოდ სხვისი ხელი ურევია, მაგრამ ვინ არის იგი, რა უნდა იმას, ვინც ეს არარეალური მე-16 რესპუბლიკის საკითხი წამოაყენა – ისტორიულადაც და დღევანდელობის თვალსაზრისითაც ეს ხომ გაუმართლებელია. გადავხედოთ მოსახლეობის შეფარდებას – ეს ხომ არ შეიძლება არ იცოდნენ და არ გაითვალისწინონ მათ, ვინც ამ წამოწყების თაოსანია“.
1989 წლის 4 აპრილს, გაზეთ “კომუნისტში”, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი ძალიან მოკლე ცნობა იბეჭდება, რომელიც იტყობინება : “3 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაიმართა თათბირი რესპუბლიკის იდეოლოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწალებლების ხელმძღვანელთა და პარტორგანიზაციების მდივანთა მონაწილეობით. განიხილეს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მომხდარი უკანასკნელი ამბების შესაბამისად იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის გაძლიერების საკითხები […]“.
1989 წლის, მარტსა და აპრილში, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, საბჭოთა ცენტრალურ პრესაში თითქმის არ შუქდება.
სიტუაცია კი კრიტიკულად მძიმეა – ერთის მხრივ, აფხაზეთში იმართება აქციები, რომელიც დაპირისპირებებით სრულდება, ხოლო მეორეს მხრივ სულ, მალე, საპროტესტო მუხტი იზრდება თბილისშიც.
კომუნისტური პარტია და სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, ცდილობენ განმუხტონ დაძაბულობა, თუმცა სულ უფრო კარგავენ კონტროლს სიტუაციაზე. ქართული საბჭოთა პრესა ამ დაბნეულობის ანარეკლია: “გლასნოსტის” პირობებში მათ პრინციპში კი შეუძლიათ მოვლენების დეტალური აღწერა, მაგრამ პარტიის დიქტატით სრულად ჩქმალავენ მათ. ეს დღევანდელი ისტორიკოსებისათვის იმდროინდელი მოვლენების კომპლექსურ შესწავლას ფრიად ართულებს…