ძველი ამბები

საქართველოს რევკომი: ეკლესიის ქონება ხალხის კუთვნილებადაა გამოცხადებული

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 21 აპრილი, N41

ეკლესიის სახელმწიფოსგან ჩამოშორება

მენშევიკებმა თავის ბატონობის სამი წლის განმავლობაში ვერ შესძლეს სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების და სკოლაში სარწმუნოების გავლენის მოსპობის საქმის მოგვარება. ეკლესია ძველებურად სახელმწიფოებრივ უფლება-მოსილ ორგანიზაციად ივლება და ხაზინიდანაც ღებულობდა დახმარებას (სახელმწიფო ეკლესიას აძლევდა თანხას კულტურული ძეგლების მოვლისა და დაცვისათვის ასევე ცალკეულ მაზრაში საერობო თვითმმართველობის გამართვამდე კვლავ ეკლესია  ადგენდა დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების სარეგისტრაციო აქტებს, რისთვისაც იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა) ეკლესიებს და მონასტრებს შემორჩენილი ჰქონდათ საუკუნეობით დაგროვილი სახალხო ქონება, რომელიც დაუზოგველად იფლანგებოდა სასულიერო პირების მიერ მათი წოდებრივი და პირადი საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. სკოლაში სამღვთო სჯულის სწავლება მხოლოდ არა სავალდებულოდ, მაგრამ მაინც ნებადართულად გამოაცხადეს; ასე რომ არ იყო მოსპობილი შესაძლებლობა გაუგებარ, გამოუსადეგარ კლერიკალურ აზროვნების გავრცელებისა სკოლის საშუალებით; ფაქტიურად მრავალ სკოლებში საეკლესიო საგნები ისწავლებოდა და მასწავლებლებადაც მღვდლები იყვნენ.

 ასეთ არა ნორმალურობას ერთბაშად ეღება ბოლო რევკომის დეკრეტით, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში. სარწმუნოება კერძო, სინდისის საქმედაა აღიარებული, ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან, აქამდე მის განკარგულებაში მყოფი ქონება ხალხის კუთვნილებადაა გამოცხადებული, ხოლო სკოლიდან სავსებით განდევნილია სარწმუნოებრივ-საეკლესიო ელემენტები.

ეჭვი არ არი, რომ საბჭოთა ხელისუფლების მტერნი ამ დეკრეტს ტენდენციურად გააშუქებენ, გამოიყენებენ სააგიტაციოდ ხალხის იმ წრეებში, რომელნიც, კულტურული ჩამორჩენილობის გამო, ჯერ კიდევ სავსებით ვერ გათავისუფლებულან რელიგიურ წარმოდგენებისა და ამგვარივე სულიერ განწყობილებისაგან. მაგრამ რევოლუციონური მთავრობა რკინის ხელით დასაწყისშივე აღკვეთს პროვოკაციულ მიზნით წარმოებულ მოსალოდნელ გამოსვლებს;

ამასთანავე სათანადო პროპაგანდის საშუალებით განუმარტავს ხალხს დეკრეტის ნამდვილ შინაარსს, რომელშიაც საკმაო გარკვეულობითაა აღნიშნული, რომ ამა თუ იმ სარწმუნოების აღიარება როგორც კერძო საქმე ხელუხლებელია და მასთან აგრედვე სარწმუნოების უარყოფასთანაც, არ არის დაკავშირებული არავითარი უფლებრივი და ნივთიერი შეზღუდვა თუ უპირატესობა. მთავარი საქმე კი ის არის, რომ სხვა და სხვა ცრუმორწმუნეობის ნაცვლად, ხალხში გავრცელებულ იქნეს საღი, საბუნებისმეტყველო ცოდნა და მეცნიერული შეხედულებანი. და უნდა ითქვას, ჩვენში საკმაოდ ნიადაგია ასეთი კულტურული მუშაობის საწარმოებლად.

ჩვენ ხალხის უმრავლესობა არასოდეს არ ყოფილა ვიწრო რელიგიური ფანატიზმით გამსჭვალული, იგი უფრო რეალისტურ მსოფლმხედველობის და ინტერესების მატარებელია, ვინემ მისტიური გრძნობით და საიმქვეყნო იდეალებით გატაცებული. ამით აიხსნება ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჩვენში სარწმუნოებრივ ბრძოლას და განხეთქილებას ძველადაც არ ქონია ადგილი, ბოლო ხანებში კი რელიგიურმა ინდიფერენტიზმმა ფართო მასსებში უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. სახალხო განათლების მიზანია დააჩქაროს ხალხში ჭეშმარიტი, საერო ცოდნის გავრცელება. ამას დიდათ შეუწყობს ხელს ხსენებულ დეკრეტის ცხოვრებაში საჭირო სისწრაფით და სავსებით გატარება.

მსგავსი/Related

Back to top button