skip to content
რესპუბლიკის ამბები

აპრილი, 1921: შვედი სოციალისტების ლიდერი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N2, სტამბული/პარიზი

სოციალისტები და საქართველო, „ერის მკვლელობა“ (წერილი ბრანტინგისა)

[კარლ იალმარ ბრანტინგი – შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, 1920, 1921-1923 და 1924-1925 წლებში იკავებდა შვედეთის პრემიერ მინისტრის პოსტს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ის, რაც ხდება დღეს საქართველოში უნდა აღელვებდეს ყველა ქვეყნის მუშათა კლასს.

პირველი ცნობები, რომელნიც სხვათა შორის იტყობინებოდნენ თფილისის აღებას რუსეთის ბოლშევიკების მიერ სიმართლეს მოკლებული აღმოჩნდა [1920 წლის დეკემბერში გაჩნდა მცდარი ცნობები იტალიურ და ბრიტანულ პრესაში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. ამის შემდეგ უმტყუნა თუ არა მას ბედმა და ქართველი ხალხის მოგერიებითი ძალა გასტეხა მართლა მტერმა თუ არა, ჩვენ ჯერ ამის ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ცხადია ის, რომ პატარა, მშვიდი ქვეყანა, სადაც სამი წელიწადია არსებობს სოციალისტური მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს ერის დიდი უმრავლესობა, და რომელიც იცავს მშვიდობიანობას და თავისუფლებას, გახდა საგანი მხეცური შემოტევისა მოსკოველ ვაჟბატონების და მათი ამყოლ-დამყოლების მხრივ.

ტელეგრამა, რომელიც გამოგზავნილი იყო საქართველოს სოციალისტური და პროფესიონალური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ, მათი წარმომადგენლის [ლადო ახმეტელაშვილის] მიმართ ბერლინში იტყობინება: „მოსკოვის მთავრობამ დაარღვია ზავის პირობა საქართველოსთან. ომის გამოუცხადებლათ საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია ჩვენს ქვეყანას. ძველი პოლიტიკა მოსკოველ მეფეებისა გრძელდება კომუნისტური დროშის ქვეშ და სცდილობს დაიმონავოს წვრილი მეზობელი ერები. საქართველოს მუშები და გლეხები პროტესტს აცხადებენ ამ თავდასხმის წინააღმდეგ და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლების და სოციალისტური იდეალების შესანარჩუნებლათ. ჩვენ მოველით მორალურ დახმარებას და ვიმედოვნებთ, რომ მთელი სოციალისტური ქვეყანა ჩვენს მხარეზე იქნება“.

ერთ ნოტაში, რომელიც მიღებულია საქართველოს წყაროებიდან და რომელიც სხვათა შორის გამოქვეყნებულია, ბერლინელ „ფრაიჰაიტში“, კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული მოსკოვის მთავრობის ცნობა, ვითომ ეს იყოს არა ომი რუსეთის, არამედ უთანხმოება ქართველ-სომეხთა შორის და რევოლუციონური მოძრაობა თვით საქართველოში.

„ყოველ სიტყვაში საზიზღარი სიცრუეა. სომხეთსა და აზერბაიჯანს არ შეუძლია თავდასხმის წარმოება იმ შემთხვევაშიც, რომ ეს მათი სურვილიც იყოს. მაგრამ სრულიადაც არ შეადგენს მათ დანიშნულებას. თავდასხმის ბრძანება სწორეთ მოსკოვიდან იყო მიღებული. რუსეთის საბჭოთა ჯარების მიერ არის დაპყრობილი სომხეთი და აზერბეიჯანი, და ეს ჯარები იქნა გამოყენებული იმ მიზნით, რომ ყელი გამოსჭრან საქართველოს პატარა მშვიდობიან ერს. მოსკოვის მთავრობას არ ყოფნის გაბედულობა, რომ პირდაპირ მიიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა ომის, რადგან საქართველოს მეთაურობენ სოციალისტები, რომელთა სახელი დიდი ხნიდან ცნობილია და პატივცემული ყოველ რუსის მუშის მიერ, რომელმაც კი კითხვა იცის“.

კარლ კაუცკი, რომელიც ეხლახანს დაბრუნდა საქართველოდან, აქვეყნებს ვენის „არბაიტერ ცაიტუნგ“-ში მოწოდებას ყველა ქვეყნის მუშათა მიმართ საქართველოს სასარგებლოდ. ინტერნაციონალურ ბიურომ, კამილ ჰიუსმანსის [ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი, მეორე ინტერნაციონალის გენერალური მდივანი, 1920 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იკავებდა ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრის პოსტს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] საშუალებით მოუწოდა ყველა თანამოაზრეებს მხარი დაუჭირონ საქართველოს და ენერგიულ პროტესტი გამოაცხადონ ამ ყოვლად დაუშვებელ თავდასხმის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებს საბჭოთა რუსეთი. „იმ ცნობების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საქართველოში მდგომარეობის შესახებ – სწერს ის – ჩვენ შეგვიძლია კატეგორიულად ვაღიაროთ, რომ ეს შემოსევა არის უსაზიზღრესი უარყოფა კეთილ-სინდისიერების ინტერნაციონალურ ურთიერთობაში და უტიფარი ძალმომრეობა მშვიდობიანობის მიმართ. მთელი ინტერნაციონალი მოვალეა მორალურათ მხარი დაუჭიროს ჩვენ მამაც ამხანაგებს ამ დიდ განსაცდელის დროს“.

ამ საშიშარ ნგრევის პროცესში, რომლისგან ჯერ კიდევ კაცობრიობას თავი ვერ დაუღწევია მიუხედავათ სამშვიდობო მოლაპარაკებისა, ვინაიდან მიღებული არ იქნა ინტერნაციონალური მოთხოვნილებანი მუშათა კლასისა სამართლიანი და ხანგრძლივი ზავის სასარგებლოდ, მოთხოვნილება საქართველოსი, რომ იგი მიღებული ყოფილიყო ერთა ლიგაში არ იქნა დაკმაყოფილებული და დროებით გადაიდო. მიუხედავად ამისა ჟენევის კონგრესის მონაწილეთა მხურვალე სიმპატია ამ პატარა ერის მხარეზე იყო. და ახლა დადგა დრომ როდესაც უნდა გამოჩნდეს ცარიელი სიტყვები იყო ეს თანაგრძნობა, თუ შეერთებული ძალები მუშათა კლასის და ყველა პროგრესული ელემენტების არ დაიშურავენ თავს, რომ  ხელი ააღებინონ რუსეთის მოძალადე რეჟიმს იმ ძალმომრეობაზე, რომელიც მან მთელი კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა უხეში ძალით საქართველოს დაპყრობით.

მსგავსი/Related

Back to top button