skip to content
რესპუბლიკის ამბები

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში ჟურნალი გამოსცა

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1, კონსტანტინეპოლი/პარიზი

რედაქციისაგან

საქართველოში წითელი არმიის შემოსვლით გაუქმდა თავისუფალი აზრი და დამოუკიდებლობა საქართველოს რესპუბლიკის.

ქართველ მოქალაქეს დღეს უფლება აქვს მხოლოთ იგემოს „ბედნიერება“ კომუნისტური სამოთხის, მაგრამ არ შეუძლიათ თავის მსჯავრი გამოსთქვას მის შესახებ. მისი გონებრივი საზრდო დღეს მხოლოდ-ღა კომუნისტთა დაუსრულებელი ბაქიაობის და დემაგოგიის მოსმენაა. არც სწორი ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაზე, არც სწორი აზრი მის გასაშუქებლად, რაც მას დაატყდა თავს კომუნისტური უხეში ძალის შემოსვლით: ერთიც და მეორეც აკრძალული ხილია. რუსული წითელი არმია გახდა ბატონი ერის და მოკარნახე მისი აზრების. ჯაჭვი დაადვეს ხალხის ნებას და კლიტე მის გონებას.

მაგრამ ქართველი ხალხი ვერასოდეს ვერ შეურიგდება ამ უსაშინლეს მონობას და უხეშ მებატონეთა თარეშს.

მისი მისწრაფებაა – კვლავ გახდეს მჭედელი თავის ბედის და მესვეური თავის მომავლის.

ასეთ პირობებში მთავრობა, რომელსაც მთელი საქართველოს ხალხი სამი წლის განმავლობაში ერთსულოვნად უჭერდა მხარს და დარწმუნებული ვართ დღესაც უჭერს, ვალდებული იყო ეზრუნა, რომ მისი მისწრაფების განხორციელებისთვის ხელი შეეწყო და პირველ-ყოვლისა მიეწოდებია მისთვის ნამდვილი ცნობები და უტყუარი სურათი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის.

და აი მთავრობასთან დაარსებული პოლიტიკური კომისია [კომისია ძირითადად სტამბულსა და პარიზში საქმიანობდა, კომისიის თავმჯდომარეობა ნოე ხომერიკს დაეკისრა, კომისიის საქმიანობაში ჩართული იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომელიც ცდილობს შეაერთოს ყველა ჯგუფები და მიმდინარეობანი ჩვენი დამოუკიდებლობის ნიადაგზე, შეუდგა ჟურნალის გამოცემას, რომ თავისუფალი აზრი და სწორი ცნობები აუწყოს სიმართლეს მოწყურებულ საქართველოს.

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩენ ღრმად გვრწამს და თითეულ პატიოსანი ქართველი, თავის ხალხის გულშემატკივარი, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო, დღეს უხეშ ძალისგან გათელილი, კვლავ დაუბრუნდება დამოუკიდებელ ცხოვრებას და სახელმწიფოებრივ შემოქმედებას. და ჩვენი საზრუნავია ამ დღის მოახლოვება. ამისთვის კი საჭიროა პირველყოვლისა გონების მოკრეფა, წარსულის დაფასება, აწმყოს გაგება და მათი საშუალებით მომავლის გათვალისწინება ე.ი. შეგნება იმ გზის, რომელიც მიგვიყვანს ახლო და მალე სრულ გათავისუფლებამდე.

თავისუფალი საქართველო, დამოუკიდებელი საქართველო, საქართველოს ხალხის ნებისყოფის თანახმად მოწყობილი, მისი ნდობით აღჭურვილ მართველობით და მისგან მოწონებულ დემოკრატიულ წეს-წყობილებით – აი ჩვენი ლოზუნგი, აი რას ვემსახურებით ჩვენ.

ჩვენი პროგრამა ამ მხრივ სადაა და მარტივი: მოძალადე რუსის „წითელი“ ჯარის გაყვანა საქართველოდან, და ხალხის თვით-გამორკვევის უფლების აღდგენა – აი ამას მოვითხოვთ ჩვენ და აქეთკენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს.

სამი წლის ბრწყინვალე ისტორია დამოუკიდებელ საქართველოსი და ხალხის უნარი, რომელიც მან გამოიჩინა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ერთის მხრით, ერთსულოვანი თანაგრძნობა პროლეტარული ევროპის და სერიოზული დაინტერესება ჩვენის მდგომარეობით დიდი ევროპიული სახელმწიფოების მიერ მეორე მხრით, აი ეს გვიმტკიცებს ჩენ იმედს – რომ  დასახული მიზანი მიღწეულ იქნება.

საქართველო ღირსია დამოუკიდებლობის და იგი აღსდგება მკვდრეთით – აი ჩვენ ურყევი რწმენა.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას!

მსგავსი/Related

Back to top button