skip to content
ახალი ამბები

არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისთვის, EECMD-ი კანონპროექტის დაჩქარებულ განხილვას ითხოვს  

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) 29 თებერვალს მოუწოდა პარლამენტს, დაიწყოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, იმისათვის რომ გაიზარდოს არჩევნებში სხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა. კანონპროექტი ორგანიზაციამ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეიმუშავა და პარლამენტს 2023 წლის 21 ნოემბერს წარუდგინა.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ. EECMD-ს ინფორმაციით, 860 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაშია, ხოლო მათგან გასულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 ათასმა შეძლო.

ორგანიზაციის თქმით, პარლამენტს კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია, და სანაცვლოდ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა 60 დღით გაახანგრძლივა. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც EECMD-ს განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს არჩვნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, იმისათვის რომ გაიზარდოს არჩევნებში სხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა და განმტკიცდეს ნდობა არჩეული პარლამენტის მიმართ“, – აცხადებს ორგანიზაცია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, EECMD-ს მიაჩნია, რომ საარჩევნო უბნების მცირე რაოდენობა, რომლებიც იხსნება ძირითადად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ასევე მათი სიშორე იმ ძირითად პრობლემებს შორისაა, რაც საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობას ურთულებს, ხოლო ამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ ზემოთხსენებული კანონპროექტის მიღებითაა შესაძლებელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button