skip to content
ახალი ამბები

ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას სამუშაოების განახლებას დაძაბულობა მოჰყვა 

3-4 აპრილს რიონის ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ პოლიციის თანხლებით ნახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა და ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.

ახალ დირექტორსა და პროექტის მოწინააღმდეგე ადგილობრივებს შორის ნამახვანში მშენებლობის ადგილის მახლობლად შეკამათების პარალელურად, პოლიციამ ქუთაისიდან და ლეჩხუმის მხრიდან ხეობაში მიმავალი გზები ჩაკეტა და პროექტის ოპონენტებს არ მისცა საშუალება, რომ საპროტესტო აქციის ადგილობრივ მონაწილეებს შეერთებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 3 აპრილს პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით სამართალდამცველებმა ორი აქტივისტი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ხეობაში ასევე არ შეუშვა აქტივისტების ადვოკატები – ნორა მურღულია და დალი სულაქველიძე, რომლებიც მანქანით გადაადგილდებოდნენ. ამის შემდეგ, მათ ადგილობრივებამდე მისაღწევად ფეხით გადაადგილება მოუხდათ.

მედიის ინფორმაციით, 3 აპრილს პოლიციამ საპროტესტო აქციის ტერიტორიის მახლობლად რადიოსიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა განათავსა, შედეგად, აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ხეობიდან ინფორმაციის გავრცელებაში ხელი შეეშალათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

ამას გარდა, პოლიციამ ხეობის სამხრეთ შესასვლელის მახლობლად აქტივისტები, რომლებიც ხეობაში მოემართებოდნენ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა.

ახალი დირექტორი ხეობაში ჩავიდა

მერაბ ლომინაძე ნამახვანში ჰესის მშენებელი კომპანია ENKA Renewables-ის ახალი დირექტორია, საიდანაც 90% თურქულ კომპანია ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს, ხოლო 10% ნორვეგიულ Clean Energy Group-ს ეკუთვნის.

ლომინაძემ კომპანიის წინა, თურქი დირექტორი მარტში მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ადგილობრივების შესახებ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ მიუღებელ განცხადებას უთანხმოება მოჰყვა. ქართველი დირექტორით ჩანაცვლების იდეა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააჟღერა, რომელმაც ამის მიზეზად პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი პროტესტის შემდეგ, ადგილობრივებთან უკეთესი კომუნიკაციის საჭიროება დაასახელა. აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით მათი ქსენოფობიაში დადანაშაულება სცადა.

„აქ შეიძლებოდა მოსვლა ისე, რომ არავისთვის არაფერი მეკითხა და მართლა ის დუბინკები… მე წინააღმდეგი ვარ მაგის, რომ დაპირისპირება მივიდეს მაგ დონემდე“, – მიმართა ახალმა დირექტორმა ადგილობრივებს.

აქტივისტების განცხადებით, ადგილზე არა კომპანიის დირექტორი, „იქნებოდა ეს თურქი, თუ ქართველი“, არამედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩასულიყო და ადგილობრივებისთვის მოესმინა.

„კომპანიის დირექტორი თუ მენეჯერი არ არის ჩვენი ადრესატი და არც არასდროს ყოფილა. ჩვენი მოთხოვნები გაცილებით დიდია, ვიდრე მას შეუძლია შიდა ბრძანებით რამე შეცვალოს“, – განუცხადა ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პოლიციის თანხლებით, ლომინაძის ხეობაში ჩასვლა „უბრალოდ მუქარაა და მეტი არაფერი“. „უბრალოდ თვალსაჩინოდ დაგვემუქრნენ, თუ რა გველოდება შემდგომ“, – დაამატა მან.

ლომინაძემ აქტივისტების წინააღმდეგ მუქარის მცდელობის ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებულ სამუშაოებზე კვლევა განხორციელდება.

თავის მხრივ, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ხეობას და გარემოს გამოუსწორებელ ზიანს მოსამზადებელი სამუშაოებიც მოუტანს.

პოლიციამ ქუთაისიდან და ლეჩხუმის მხრიდან ხეობაში მიმავალი გზები ჩაკეტა, ფოტო: მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ Facebook-ის გვერდიდან
4 აპრილის საპროტესტო აქცია სოფელ გუმათში, სადაც პოლიციაა მობილიზებული, ფოტო მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ Facebook-ის გვერდიდან

4 აპრილს აქტივისტებმა სოფელ გუმათში აქცია გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მის შესასვლელთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განათავსა, აქციამ დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

აქტივისტებმა სამორიგეოდ კიდევ ერთი კარავი გუმათშიც აღმართეს და თბილისში აქციის გამართვის იდეაც გააჟღერეს.

უფლებების სავარაუდო დარღვევა, რეაქციები

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის დაგმო ხეობაში ინტერნეტის შეზღუდვა და ხელისუფლებას, რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთ განცხადებაში, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ – პოლიციას ხეობის დაუყონებლივ დატოვება, ხოლო კომპანია „ენკას“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს. განცხადების თანახმად, სამუშაოები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების უგულვებელყოფით დაიწყო.

4 აპრილს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვით „მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა“.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ „სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა“.

სახალხო დამცველს თავის მხრივ, კომპანია „ენკამაც“ მიმართა, რომ „შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან [კომპანიის] თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები“. „ენკას“ განცხადებით, მისი თანამშრომლები აქციის მონაწილეთა მხრიდან „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ ქვეშ იმყოფებიან.

კომპანიის ახალმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ პროექტის მოწინააღმდეგეები კომპანიის თანამშრომლების ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button