skip to content
ახალი ამბები

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 28 თებერვალს ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვარლამ გოლეთიანმა, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 28 წლის აქტივისტმა, საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უკან წაიღოს ჰესების პროექტთან დაკავშირებით ხელმოწერილი „უკანონო, არასწორი, ანტისახელმწიფოებრივი“ დადგენილება.

გოლეთიანმა აღნიშნა, რომ რიონის ხეობის, „ჩვენი ყველას კოლექტიური საკუთრების“ უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იცნოდნენ და შეკრებილებს მოუწოდა, „ყველანაირი პარტიების გარეშე, დროშების გარეშე, სიმბოლიკების გარეშე“ გაერთიანდნენ პრობლემის მოსაგვარებლად.

აქტივსტის თქმით, აქციის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით, ხელისუფლება ჰესის მოწინააღმდეგეებს, პოლიციასა და თურქულ კომპანიას შორის დაპირისპირების პროვოცირებას მოახდენს. „ჩვენ ჩავთვლით ლეგიტიმურად ჩვენს მოქმედებას, რომ ნამდვილად უკვე ისინი გადმოდიან იერიშზე და არ ითვალისწინებენ ქართველი ხალხის პოზიციას და დავუპირისპირდებით შესაბამისად“, – განაცხადა გოლეთიანმა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ უბიძგოს ხალხს თავისი ღირსების ქვის სროლით დაცვისკენ.

„ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არ მოგვწყინდება არასოდეს“, – მიმართა გოლეთიანმა მთავრობას და გააფრთხილა, რომ თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ორ კვირაში ჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისის პიკეტირებას მოახდენენ.

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. ფოტო: კადრი საინფორმაციო ინტერნეტგამოცემა „მაუწყებელის“ ვიდეოდან

ქუთაისელებისა და რიონის ხეობის მოსახლეობის გარდა, აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი ქუთაისში ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც ჩავიდა.

„ხალხი არის ასეთი პროექტების წინააღმდეგ… ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს უკვე. ბათუმშიც გეტყვით, რა ხდება: ქალაქის სკოლები, ბაღები, ბულვარი, ყველაფერი მიითვისა ხელისუფლებამ და გადასცა ე.წ. ინვესტორს… სისტემა ებრძვის ხალხს…“, – განაცხადა ბათუმელმა აქტივისტმა, ირმა ზოიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „მათი სახელით, მათ ქონებას ასხვისებს, აძლევს კონკრეტულ ფულიან ადამიანებს“ და ხალხი რჩება „ყველაფრის გარეშე, მეორეხარისხოვნები“.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მოიცავს ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მდინარე რიონზე. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ადგილობრივები წლებია, სეისმურად აქტიურ ზონაში მსხვილმასშტაბიანი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან, პროტესტი განსაკუთრებით რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა, როდესაც თურქულმა კომპანია „ენკა რენიუებლზმა“ (Enka Renewables), რომელიც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ადგილობრივები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ხოლო მთავრობამ კომპანიისთვის ხეობაში მუშაობაზე გადაცემული ნებართვები და ლიცენზიები გააუქმოს.

პროექტის მოწინააღმდეგეთა თანახმად, ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები.

მოწინააღმდეგეები ასევე შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ახლომდებარე სოფლებს, ასევე იქ არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას დატბორავს და შეიცვლება მიკროკლიმატი, რომელიც საჭიროა ყურძნის გარკვეული სახეობების მოსაყვანად და მათგან ნაწარმოები განთქმული ქართული ღვინოების, მათ შორის, ტვიშის დასამზადებლად.

  • წაიკითხეთ მეტი ჰესების პროექტისა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტების შესახებ.

აქტივისტთა ნაწილი უკვე 120 დღეზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში, ჰესის მშენებლობის ადგილთან ახლოს, კარვებში მორიგეობს, რათა მშებელობის პროცესს ხელი შეუშალონ. სამუშაოები იანვრის ბოლოს განახლდა, რამაც პოლიციასთან ახალი დაპირისპირებები გამოიწვია.

28 თებერვლის აქცია თავდაპირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში, „ენკას“ ოფისთან იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა იგი ქუთაისში გადაიტანეს. აქტივისტები შიშობდნენ, რომ შესაძლო პროვოკაციები შეიცავდა რისკს, აქცია პოლიციასთან ან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეტაკებებში გადაზრდილიყო.

ამასთან, 28 თებერვლიდან მოყოლებული, სოფელ ნამახვანში კარვებში უფრო დიდი, 80-100 ადამიანმდე ჯგუფები იმორიგევებენ. აქტივისტების თქმით, თუკი კომპანია ისევ განაახლებს სამუშაოებს, ისინი შესაბამის ტექნიკას წინ გადაუდგებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button