skip to content
ახალი ამბები

ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნით, 14 მარტს ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მოძრაობის „რიონის ხეობის გადასარჩენად“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ მათ უპასუხოდ დატოვეს აქტივისტების შეკითხვები და 12 მარტის შეხვედრიდან „გაიქცნენ“. გოლეთიანის თქმით, აქტივისტებთან შეხვედრის მოულოდნელად დატოვებით ნათია თურნავამ ათასობით ადამიანი შეურაცხყო.

„მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, რის ფასად, რა დევს სასწორის მეორე მხარეს ისეთი, რამაც ჩვენ უნდა დაგვათმობინოს საკუთარი მიწა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, მომდევნო ფართომასშტაბიანი აქცია წინა ორი აქციისგან განსხვავებით, ქუთაისის ნაცვლად უკვე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

გარდა ეკონომიკის მინისტრის გადაგომის შესახებ ახალი მოთხოვნისა, აქციის მონაწილეები უკვე სამ თვეზე მეტია ითხოვენ, რომ ინვესტორმა რიონის ხეობა დატოვოს და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააუქმოს ის განკარგულებები, რომელთა საფუძველზეც ტერიტორიაზე საკუთრების უფლებები და მშენებლობის ნებართვები გაიცემა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებთან და აქტივისტებთან დიალოგის წარმოება დაავალა, 12 მარტს განაცხადა, რომ მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია ინვესტორთან, რომ ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა გადაიდოს, სანამ პროექტის უსაფრთხოებას დამატებით არ შეისწავლიან. მისივე თქმით, მთავრობა და ინვესტორი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“, რომელიც, მთლიანობაში, 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება და ის მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. თუმცა, აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად, პროექტის განხორციელება მაინც გრძელდება.

პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია „ენკას“ და ნორვეგიულ ჯგუფ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ იმერეთსა და ლეჩხუმში „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და მართვის უფლება 2019 წელს მიანიჭა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button