skip to content
ახალი ამბები

ნამახვანში ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

იმერეთის რეგიონის სოფელ ნამახვანში დღეს პოლიცია და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხლა-შემოხლა აქტივისტების მიერ მშენებლობის ტერიტორიაზე ტექნიკის შესვლისთვის ხელის შეშლას მოჰყვა.

ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამ უკანასკნელის მიერ გზის გადაკეტვის გამო გუშინაც მოხდა. ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, სამართალდამცავებმა მშენებლობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში სოფელ გუმათში გზა ნაწილობრივ ჩაკეტეს და აქციის მონაწილეების გარდა ყველას აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას. აქტივისტებმა გზის სრულად გადაკეტვით უპასუხეს, რასაც საბოლოოდ პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

თურქულმა კომპანიამ Enka Renewables, რომელიც ჰესის მშენებლობას კურირებს, განაცხადა, რომ კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოა, რაც მცირე დროით საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას ითვალისწინებდა.

ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივთა პროტესტის მიუხედავად ერთი თვის წინ მაინც განახლდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში მომხდარი აფეთქებები ლანდშაფტს სერიოზულად აზიანებდა.

პროტესტი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ჰესის პროექტის წინააღმდეგ უკვე ოთხი თვეა გრძელდება, აქტივისტები მშენებლობის ადგილის მახლობლად კარვებში მორიგეობენ და პროექტის შეჩერებას ცდილობენ.

აქტივისტები მოითხოვენ, რომ კომპანიამ Enka Renewables დატოვოს რიონის ხეობა, ასევე გაუქმდეს მთავრობის განკარგულებები ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლებებისა და სამშენებლო ლიცენზიების გაცემის თაობაზე. ადგილობრივები ასევე მოითხოვენ, რომ ჯვარი, რომელიც მშენებლობის ადგილის მახლობლად მდებარეობდა, თავის ადგილას დააბრუნონ.

აქტივისტებმა მომდევნო აქცია 28 თებერვალს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში, Enka-ს ოფისის მახლობლად დააანონსეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button