რესპუბლიკის ამბები
13-14 მარტი, 1921: წითელმა არმიამ სამტრედია და ფოთი დაიკავა, საჯავახოში ქართულ ნაწილებს მოხალისეები უერთდებიან
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
13 მარტი
რუსებმა დაიკავეს სამტრედია. სამტრედიის სადგურზე მტერს ხელში ჩაუვარდა 21 ორთქმავალი და 20 ვაგონი.
აფხაზეთიდან მომავალი რუსული ნაწილები საღამოს 8 საათზე შევიდნენ ფოთში.
გრძელდებოდა თურქული ნაწილების შემოსვლა ბათუმში, ერთმა ბატალიონმა და საარტილერიო ბატარეამ დაიკავეს ბათუმის შემოგარენის სიმაგრეები, ხოლო ერთი ასეული გაგზავნილ იქნა ქობულეთში. ორი ბატალიონი და ერთი ასეული კი განლაგდა აჭარის ხიდთან.
14 მარტი
დიმიტრი ჟლობას შენაერთების პირველმა კოლონამ გადალახა გოდერძის უღელტეხილი, რათა გაჭრილიყო ბათუმისაკენ ქართული არმიის ზურგში.
ქართულ ნაწილებს, რომელიც განალაგებული იყო საჯავახოს ხაზზე, უერთდებოდნენ ადგილობრივი მოხალისეები.