რევკომის გადაწყვეტილებით აკაკი ხოშტარიას სახლი მწერალთა კავშირს გადაეცემა
გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 4 მარტი, N3
ქართველ ხელოვანთა კრება
1 მარტს საღამოს 5 საათზე აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგეევის ქუჩა) [დღეს მწერალთა სახლი, მაჩაბელის 13 – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] შესდგა ქართველ ხელოვანთა კრება. კრებას დაესწრნენ ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლები: მწერლები, მუსიკოსნი, მსახიობნი და მხატვარნი. პოეტმა პავლო იაშვილმა კრებას განუცხადა, რომ საქართველოს რევკომს განზრახვა აქვს აკაკი ხოშტარიას სახლი მთელი თავისი ინვენტარით გადასცეს ქართველ მწერალთა კავშირს, რომელიც მოაწყობს ხელოვნების სასახლეს. ამ საკითხის საბოლოოდ გამოსარკვევად კრებამ აირჩია კომისია 5 კაცისაგან შემდგარი, რომელშიაც შევიდნენ: მწერალთა კავშირის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი, პოეტი პავლო იაშვილი, კოპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მხატვარი მოსე თოიძე და კ. ანდრონიკაშვილი. ეს კომისია დელეგაციის სახით წარუდგება საქართველოს რევკომს და მოახსენებს ქართველ მწერალთა კავშირის გეგმას ხელოვნების სასახლის დაარსების შესახებ.
3 მარტს დღის 1 საათიდან დანიშნულია ქართველ ხელოვანთა მორიგი სხდომა აკაკი ხოშტარიას ბინაზე. სხდომაზე გამორკვეული იქნება ფრიად საყურადღებო საკითხები და ყველა ქართველ ხელოვანთ სთხოვენ დაესწრნენ ამ კრებას.