რესპუბლიკის ამბები

თფილისში ფრონტზე დაღუპულები დაკრძალეს

გაზ. ერთობა, 1921 წლის 24 თებერვალი, N42

გმირთა დასაფლავება

ჯერ კიდევ დილის ცხრა საათიდან იწყო ქუჩაში ხალხმა დენა და 10 საათზე უკვე ტევა აღარ იყო.

აი გაისმა სამხედრო ორკესტრის სამგლოვიარო ხმა, გამოჩნდა მთელი რიგი კუბოებისა.

გაისმა ხალხში საშინელი გმინვა და წყევლა-კრულვა მტარვალთა მიმართ.

საშინელი სურათია თხუთმეტი ახალგაზრდის გაციებული, დასახიჩრებული გვამები!

ხალხი თავჩაქინდრული, ბევრი ცრემლებ მორეული უსიტყვოთ მიჰყვება უკან.

აი სამხედრო ტაძრის ეზოც, სადაც გათხრილია ვეება საფლავი გმირთა მისაღებათ.

მთელი ეზო, მთელი გარშემო ქუჩები სავსეა ხალხით.

გმირებს ნელ-ნელა მწყობრათ უშვებენ საფლავში. თვალებზე ცრემლებ მორეულნი, საშინლად დაღვრემილნი უცქერიან ამ სურათს ორივე ახლო მდგომი დამფუძნებელი კრების წევრები.

აი ჩაუშვეს უკანასკნელი კუბოც და გაისმა მედგარი ხმა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის კარლო ჩხეიძისა.

„გმირებო! ჩვენ მოვედით აქ, რომ ერთხელ კიდევ შევეკითხოთ ჩვენს თავს: ვინ მოგცათ თქვენ ამდენი ძალა, ამდენი  გამბედაობა, ამდენი სამშობლოს სიყვარული?

ეს მოგცათ თქვენ ქართველმა ერმა, იმ ერმა, რომელსაც აგერ რამდენიმე საუკუნეა, რაც ამხნევებს და ასულდგმულებს ერთი იდეა, იდეა უკვდავებისა.

ამ უკვდავების იდეის აღმოფხვრა ქართველი ერის გულიდან მოინდომეს დღეს ამავე ერის მოღალატეებმა, ისევ ქართველებმა და ამისთვის წამოიყვანეს თქვენზე უცხო ქვეყნის ჯარები…

თქვენ მათ უკვე გაეცით პირველი საკადრისი პასუხი.

შემდეგ სხვები, თქვენისთანა გმირები გასცემენ მათ კიდევ შესაფერ პასუხს.

ქართველო დედებო, თქვენი სამშობლო არ დაობლებულა. ის ბევრს თქვენისთანა გმირებს წარმოშობს.

და საბოლოოთ გამარჯვებული მოვა აქ, თქვენს საფლავთან და მუხლ მოდრეკით ჩამოგძახებთ: გაიხარეთ გმირებო! ქართველი ერის უკვდავების იდეა კვლავ ცოცხალია!…“

(საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ბიულეტენი).

23 თებერვალს, დღის 3 საათზე სამხედრო ტაძრის ეზოში ძმათა სასაფლაოში დაკრძალულ იქნა მამულისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულნი გმირები.

დილის ცხრა საათიდან ხალხმა ჯგუფ-ჯგუფად იწყო თავის მოყრა მიხეილის საავადმყოფოსთან, სადაც ათ საათზე მწყობრათ მოყვანილ იქნა სამხედრო ნაწილები რამოდენიმე ორკესტრით. დილის ათ საათზე პროცესია დაიძრა საავადმყოფოდან და გაემართა კიროჩნის ქუჩით, ვერის აღმართით და რუსთაველის პროსპექტით სამხედრო ტაძრისაკენ. პროცესიის წინ მიჰქონდათ მრავალი გვირგვინები. სამხედრო ტაძართან პროცესიას უცდიდა მრავალი ხალხი. ტაძრის შესავალთან პროცესიას შეხვდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელი კრების წევრები, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა წარმომადგენლები და აგრეთვე ზოგიერთი უცხო სახელმწიფოთა მისიები.

პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს ქათალიკოსმა პატრიარქმა ლეონიდემ.

სამ საათზე ცხედრები გამოასვენეს ტაძრიდან და ჩაუშვეს ძმათა საფლავში.

საფლავი შემკობილ იქნა მრავალი გვირგვინებით. დაწვრილებით შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button