ძველი ამბები

შულავერის რევკომის წევრები სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 23 თებერვალი, N41

ერის მოღალატენი

სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ, რომ 16 თებერვალს შულავერში შესდგა ბალშევიკური რევოლუციონური კომიტეტი, რომელმაც გამოაცხადა თავისი თავი საქართველოს მთავრობათ და მოუძღვის საბჭოთა რუსეთის ჯარს საქართველოს მშრომელთა წინააღმდეგ. ამ კომიტეტში შედიან საქართველოს მშრომელთა ცნობილი მოღალატენი: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და ბესო კვირკველია. ამ მოღალატეთა სიას ამშვენებენ ფაიკ ომარი და ამაიკ ნაზარეტიანი.

როგორც სჩანს “იდეურ ბალშევიკებს თურმე ეჭვიც აღარ ეპარებოდათ, რომ მათი დამშეული “წითლები” ტფილისს აიღებდნენ და ძალა-უფლებას ხელში ჩაიგდებდნენ. საქართველოს მშრომელი ხალხის მოღალატეებს სამინისტროს პორტფელებიც განაწილებული ჰქონიათ თურმე.

ცნობილ ფილიპე მახარაძეს ნოე ჟორდანიობა უნდოდა…

მაგრამ მოსტყუვდნენ მოღალატენი; საქართველოს დემოკრატიამ კარგად იცის ვის უნდა ჩააბაროს თავისი ბედი. ქართველ ერს ნათლად აქვს წარმოდგენილი თუ რა მოელის მას მახარაძე-მდივან-ორახელაშვილების ხელში. მიტომ არის, რომ ის დღეს ლომივით იბრძვის და მტერს სასტიკად ამარცხებს.

“საქართველოს ახალ მთავრობას” შულავერიდან სასახლე ელანდებოდათ, მაგრამ სულ მალე დაიმხობა იქაც, ამ საქართველოს დემოკრატიის მოღალატეთა, თავის ერის გამყიდველთა ტახტი.

ძრწოდეთ და გეშინოდეთ უბადრუკნო ქართველი ერის საუკეთესო შვილთა სისხლში ხელებ გასვრილნო!

დადგა თქვენი აღსასრულის დღე.

დე, განოყიერდეს საქართველოს მიწა-წყალი ერის მოღალატეთა ლეშებით, მაგრამ თქვენ ღირსნი არა ხართ საქართველოს მიწისა…

თქვენ დიდი ხანია რაც მოკვდით სამშობლოსათვის და დღეს მხოლოდ საქართველოს დემოკრატია უკანასკნელათ “გიგალობთ” სულთათანას.

მსგავსი/Related

Back to top button