skip to content
რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელი კრების წევრები ფრონტზე იმყოფებიან

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 22 თებერვალი, N40

დამფუძნებელი  კრების წევრები

ყველა დამფუძნებელი კრების წევრები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ომში [ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ კრების ათამდე წევრი, მათ შორის რაღა თქმა უნდა სახალხო გვარდიის მეთაურები ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დგებუაძე. გარდა უშუალოდ ბრძოლის ყოველდღიურად მებრძოლთა გასამხნევებლად ფრონტზე დადიოდენენ მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და კრების წევრები- რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. 19 თებერვალს პირველად მათ ახარეს ხალხს ჩვენი ჯარების ბრწყინვალედ გამარჯვება. დილაა. ახლად ფრონტიდან დაბრუნებული დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე აღფრთოვანებული ახარებს სასახლესთან მოზღვავებულ ხალხს გამარჯვებას; ამბობს გრძნობით სავსე სიტყვას, რომელსაც ასე ათავებს: „საქართველოს დემოკრატიამ უნდა გაანთავისუფლოს ამ ბალშევიკურ ტირანიისაგან არა მარტო საქართველოს არამედ მთელი აღმოსავლეთი“. ქალები ვეღარ ითმენენ და ალექსანდრე ლომთათიძეს შუბლზე კოცნიან. ისმის მათ შორის გამარჯვების გამარჯვებით გამოწვეული სასიხარულო ქვითინიც.

აგერ კიდევ მოიქროლა ფრონტიდან თოფით ხელში დამფუძნებელი კრების წევრმა გაბრიელ ცისკარიშვილმა [რამოდენიმე დღეში გაბო ცისკარიშვილი ფრონტზე ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომელიც თვითონ მონაწილეობდა ომში და გახარებული მოაძახის: გავიმარჯვეთ, 200-მდე ტყვე დაგვრჩა, მტერი უთავბოლოდ გარბის, ჩვენი მხრივ სრულიად უმნიშვნელო მსხვერპლია“.

მოისმინეს სასახლიდან აღგზნებული, აღფრთოვანებული სიტყვა სპირიდონ კედიასი, რომელიც სიხარულით და მამულიშვილური გრძნობით დამწვარი ცრემლებს ღვრის.

-კაცო, შალვა ქარუმიძის რაზმს თავი უსახელებია; თურმე ლომივით ეკვეთნენ მტერს ფშავ-ხევსურები.

მიქრის ეტლით პავლე საყვარელიძე და ყველას გასძახის გამარჯვების ხმას.

ამ დროს მოხუცი სილიბისტრო ჯიბლაძე გაიძახის: „ქართველ ერს სიკვდილი არ უწერია, მან უნდა გაიმარჯვოს“. ისმის ვაშას ძახილი და დაუსრულებელი ტაშის გრიალი. აგერ კიდევ მიეშურებიან ფრონტზე რამდენიმე დეპუტატი.

გრიგოლ ვეშალეპი ახალგაზრდებისაგან შემდგარ მოხალისეთა ახალ-ახალ რაზმებს ისტუმრებს ფრონტზე.

ხალხი ხედავს, რომ მისი ბედის მესაჭენი მასთან არი  ჭირშიაც და ხლინშიაც, ეს აორკეცებს გამარჯვების იმედს.

მსგავსი/Related

Back to top button