რესპუბლიკის ამბები

ნოე ჟორდანია მოქალაქეებს მიმართავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 17 თებერვალი, N37

მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მოწოდება

საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის საოლქო შტაბებს, ბატონ საგანგებო რწმუნებულს [ბათომის ოლქში] აფხაზეთის კომისარიატს, საქართველოს ყველა მოქალაქეებს.

მოხდა უსასიზღრესი მუხანათური თავდასხმა, გაბოროტებულ სომხეთს მიემხრო აზერბეიჯანი და იქ მდგომმა ბოლშევიკურმა ჯარებმა შემოგვიტია აღმოსავლეთში. იცოდეთ, რომ მათი გამარჯვება ნიშნავს ერის თავისუფლების, ხალხის შრომის და ნაამაგარის დაღუპვას და ჩვენი ბალშევიკების  მშიერ ბრბოების უსაშინლეს ტირანიაში ჩავარდნას.

დადგა ჟამი ჩვენი ყოფნა არ ყოფნისა. ჩვენი ბედი ჩვენ ხელთ არის, გამოვიჩინოთ ძველებური ქართველური მამაცობა, თავის დადება, ერთობა და მტერი ძლეული იქნება.

საქართველოს არა ერთხელ განუცდია უცხო ლაშქართა შემოსევა, მაგრამ ისინი უკვე გაურეკია. აიღეთ ხმალი ხელში, აამუშავეთ ქალი და კაცი, შექმენით ახალ ახალი რაზმები, დაიცავით შიგნით სასტიკი წესიერება. ალაგმეთ მოღალატეები და ორგულნი. იცოდეთ, რომ გამარჯვებული ბალშევიკები გაგძარცვავენ და გაგჟლეტენ. მათ გასტეხს მხოლოდ თქვენი მხნეობა და თავის დადება. შეაჩერეთ ჩვეულებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მუშაობა და მოკიდეთ ხელი მარტოთ-მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი, აი რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში მარტო არ დავრჩებით. შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო ხალხო „ხელი ხმალს იკართ მტერთა ისმიან ხმიანი“ საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება.

მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button