skip to content
რესპუბლიკის ამბები

ჯარსა და გვარდიას საქართველოს იურიდიულად აღიარებას ულოცავენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 1 თებერვალი, N23

სალამი ჯარსა და გვარდიას

დამფუძნებელი კრების 30 იანვრის სხდომის დახურვის წინ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, ნოე ხომერიკს წინადადება შეაქვს, რომ დამფუძნებელი კრების სახელით მისალმების დეპეშა გაეგზავნოს ჯარსა და გვარდიას, რაც ერთსულოვანი ტაშით იქმნა დაფარული. ამის შემდეგ დეპუტატები, მთავრობის წევრები და სხდომაზე დამსწრე საზოგადოება დამფუძნებელი კრების დარბაზიდან აღფრთოვანებული გამოიშალნენ ეროვნული ჰიმნის გალობით.

სალამი საქართველოს რესპუბლიკის ჯარს და გვარდიას

გილოცავთ დიდად სამხიარულო ამბავს. იანვრის 27-ს. უმაღლესმა საბჭომ ევროპის დიდ სახელმწიფოებისა იურიდიულად იცნო ჩვენი ნორჩი სახელმწიფო. საქართველო ამიერიდან სწორუფლებიანი წევრია ძველ სახელმწიფოთა ოჯახის. აწი, ისე როგორც აქამდის მედგრათ დაიცავთ რესპუბლიკის საზღვარგარეშე მტრისგან. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამიერიდან მარტონი აღარ ვართ. გაუმარჯოს სახელოვან ჯარს და გვარდიას. გაუმარჯოს ჩვენს დამოუკიდებელ, უფლებრივად ცნობილ სახელმწიფოს.

სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე

სალამი ჯარსა და გვარდიას დამფუძნებელი კრებისგან

სამხედრო მინისტრს [ჭიჭინაძეს] და მთავარ სარდალს [გენერალ ოდიშელიძეს] შემდეგი დეპეშა გაეგზავნა:

გთხოვ დაუყონებლივ გადასცეთ ჯარსა და გვარდიას: უდიდესი სიხარულით აღსავსე, დამფუძნებელი კრება მოგილოცავთ თქვენ ჩვენი ქვეყნის ერთგულნო დარაჯნო საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულათ ცნობას ევროპის სახელმწიფოთა უმაღლესი საბჭოს მიერ, თქვენმა თავდადებამ და თქვენმა დაღვრილმა წმინდა სისხლათ მოუპოვა ჩვენს სამშობლოს სრული თავისუფლება და ამიერიდან საქართველო შეიქმნა სრულ-უფლებიანი წევრი მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ოჯახისა.

გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, გაუმარჯოს თქვენ შეუდრეკელ სიმტკიცეს.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე

მსგავსი/Related

Back to top button