Placeholder canvas
მოსაზრებაწერილები

ყურადღება! საზღვარი

რატომ უნდა ვიცოდეთ საზღვრების ისტორია

ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენს უშუალო სამეზობლოში სასაზღვრო საკითხები ცხელი კონფლიქტების საბაბად რამდენჯერმე იქცა. მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის ექო ჯერაც გაისმის და ახლა უკვე უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე აალდა კონფლიქტი. სულ ცოტა ხნის წინათ, აპრილის ბოლოს, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალები შეეტაკნენ ერთმანეთს სასაზღვრო საკითხის გამო. ამ ვითარებაში, საქართველოს საზღვრების დღევანდელი ადგილმდებარეობის ისტორიის ცოდნა უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც “სამოქალაქო საქართველომ” ისტორიკოს ბექა კობახიძეს სთხოვა ამ საკითხის უფრო ღრმად განხილვა.


ავტორი: ბექა კობახიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


კავკასიაში პოლიტიკის კეთებისას, ელექტორალური მხარდაჭერის მობილიზაციისთვის, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობისას თუ სხვა შემთხვევებში ცალკეული სახელმწიფოები და პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ისტორიულ წარსულს. თანამედროვე ეპოქაში ნაციონალისტური პოპულიზმი ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი და მასებისთვის გასაგები არგუმენტია. ის ბევრად უფრო დიდ გასაქანს პოვებს ამომრჩეველში, ვიდრე, მაგალითად, მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა „მოსაწყენი“ ციფრები.

ტერიტორიული პრეტენზიებისა თუ ამბიციების ისტორიული წარსულით ლეგიტიმაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ისტორიული ნარატივი კი კავკასიის ყველა ერსა თუ სახელმწიფოს თავისი აქვს. ამ ნარატივთა შეპირისპირება ურთიერთგამომრიცხავ სურათს იძლევა, რადგან თითოეულ ტერიტორიას ერთდროულად სამიდან ხუთამდე სახელმწიფო მიიჩნევს საკუთარ ისტორიულ მიწად. რეგიონის ყველა სახელმწიფოს ჰქონია ისტორიაში საკუთარი „ოქროს ხანა“ და ისტორიული საზღვრების მოხაზვისას ადგილობრივი ისტორიკოსები სწორედ დიდების პერიოდს იღებენ ამოსავალ წერტილად.

მაგალითად, სომხები იხსენებენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ტიგრან მეორე დიდის მმართველობისას კასპიიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმულ სომხეთს; თურქეთის მმართველ ელიტებში ნეო-ოსმალური სენტიმენტები სარგებლობენ პოპულარობით. ოსმალეთის იმპერიის მმართველობა ხომ სამ კონტინენტს – ევროპას, აზიასა და აფრიკას სწვდებოდა; აზერბაიჯანში იხსენებენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებში არსებულ სახანოებს და, ამის საფუძველზე, ქვეყნის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი – ხალხს ეუბნება, რომ ერევანი ისტორიული აზერბაიჯანია; რუსეთში იმპერიის საზღვრები ენატრებათ, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დღეისთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს; ცხინვალსა და ვლადიკავკაზში იქმნება „დიდი ალანიის“ მითები, ხოლო აფხაზები საკუთარ ისტორიულ დედაქალაქად ქუთაისს ხედავენ.

ასეთი ხედვები, ნოსტალგიები და მისწრაფებები არ არის უნიკალური კავკასიისთვის. სხვა რეგიონთა დიდ თუ პატარა ერებსაც ჰქონიათ წარსულის დიდება. მაგალითად, ლიეტუვის დიდი სამთავროს გავლენა მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში შავ ზღვამდე ვრცელდებოდა; პოლონეთის უნიატური სახელმწიფო კი ლიეტუვასაც მოიცავდა, დასავლეთ უკრაინასაც და ბელარუსსაც; ალბანელები სახელოვანი სკანდერბეგის მიერ მეთხუთმეტე საუკუნეში ოსმალთა არმიების რამდენიმეგზის დამარცხებას იხსენებენ და ამით ამაყობენ.

ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანათა ისტორიოგრაფიები და საზოგადოებები საკუთარ ისტორიათა გათანამედროვებას („კონტემპორარიზაციას“) ცდილობენ, თითქოს ტიგრან მეორის სომხეთი თანამედროვე სახით სომხური სახელმწიფო იყო, ან თითქოს ვიტაუტას დიდის ლიეტუვის სამთავროს თანამედროვე ლიეტუვასთან ჰქონდეს პირდაპირი კავშირები.

ყველა ეს ერთეული თანამედროვე, მოდერნულ ერთა ჩამოყალიბებამდე არსებული შუასაუკუნეობრივი იმპერიული წარმონაქმნებია, სადაც ადამიანებს არ ჰქონდათ მკაფიო ეროვნული იდენტობა და არც ეროვნული სახელმწიფოები არსებობდა. მაგალითად, ლიეტუვის სამთავროს ენა საერთოდ არ ყოფილა ლიეტუვური; ხოლო ოსმალეთის იმპერიაში მოსახლეობის კატეგორიზაცია ხდებოდა არა ეთნიკური კუთვნილების, არამედ სარწმუნოების მიხედვით.

შუასაუკუნეობრივ სახელმწიფო წარმონაქმნებში ადამიანებს არ ჰქონდათ მკაფიო ეროვნული იდენტობა და არც თანამედროვე გაგებით ეროვნული სახელმწიფოები არსებობდა.

არც თანამედროვე საქართველო და ქართველები წარმოადგენენ გამონაკლისს ამ მხრივ. „საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე“ საუბრისას რიგით ჩვენებურს ალბათ „ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღუამდე და ოვსეთიდან სოერად არეგაწამდე“ რუკა ახსენდება და მას შენატრის.

გავრცელებული ე.წ. “ნიკოფსიიდან დარუბანდამდის” რუკა

სინამდვილეში, შირვანის (დღევანდელი აზერბაიჯანის) ტერიტორიაზე ქართველებს არასდროს უცხოვრიათ. არც მანამდე და არც შემდეგ ეს პროვინცია საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ის 1123-24 წლებში დაიკავა დავით აღმაშენებელმა, მაგრამ ტფილისის ტახტის მმართველობა ამ პროვინციაში მალევე შეწყდა.

არც ის ვიცით დანამდვილებით, თუ რამდენად იდგა, მაგალითად, ნიკოფსიის ციხეში ქართული გარნიზონი, იკრიბებოდა გადასახადები საქართველოს სამეფოს სასარგებლოდ და ვრცელდებოდა ადმინისტრაციული მმართველობა.

ბოლო სომხური სამეფო კავკასიის ტერიტორიაზე მეთერთმეტე საუკუნეში განადგურდა. მეთორმეტე საუკუნის დამდეგს, დავით აღმაშენებელმა აიღო ქალაქები ანი (ანისი), კარი (ყარსი) და ადგილობრივ სომხებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა. თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ისტორიული სომხეთის ეს ტერიტორიები საქართველოს სამარადჟამო „ისტორიულ კუთვნილებად“ იქცა. დავითმა შექმნა კავკასიური იმპერია, რომელიც შორს იდგა თანამედროვე სახის ეროვნული სახელმწიფოებრიობისგან. სწორედ ამიტომ, ის იწოდებოდა არა საქართველოს მეფედ, არამედ „მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშად“.

რუკებით მანიპულაციის ტენდენციები იკვეთება არამხოლოდ შუა საუკუნეებთან ან ანტიკურ ისტორიასთან, არამედ სულ უახლეს წარსულთან მიმართებითაც.

ასე, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთმა ახალგაზრდა კაცმა საზოგადოებას აუწყა, რომ გოტინგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში იპოვა ერთა ლიგის მიერ აღიარებული საქართველოს რუკა! უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის მუზეუმში დღემდე კიდია ეს რუკა ასეთივე სათაურით.

პარიზის კონფერენციაზე სდრ დელეგაციის მიერ წარდგენილი მოთხოვნათა რუკა. ლევილისა და ჰარვარდის კოლექცია.

სინამდვილეში, ორივე შემთხვევაში საუბარია პარიზის სამშვიდობო კონფერენციისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (სდრ) დელეგაციის მიერ 1919 წლის 14 მარტს წარდგენილ საქართველოს მოთხოვნათა რუკაზე. აქ საქართველოს ტერიტორიული მოთხოვნები მოხაზული იყო, ფაქტობრივად, თამარ მეფის დროინდელ საზღვრებში.

 ასეთივე რუკები წარადგინეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც. მაგალითად, სომხეთი ითხოვდა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე ტერიტორიას (ტიგრან დიდის სომხეთს); აზერბაიჯანი ითხოვდა შავ ზღვაზე გასასვლელს ბათუმითურთ. ყველას კარგად ესმოდა, რომ სამივე რესპუბლიკა მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებდა და ვერც ერთი მათგანი სრულად ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული. არც ფაქტობრივად და არც იურიდიულად სდრ-ის იურისდიქცია ასეთ ვრცელ ტერიტორიაზე არასდროს გავრცელებულა. უფრო მეტიც, ერთა ლიგას არათუ არ უღიარებია ასეთ საზღვრებში სდრ, არამედ ამ საკითხზე არასდროს უმსჯელია და არც ჰქონდა ამ ორგანიზაციას ამისი უფლებამოსილება. თუმცა ეს რუკა ისევ ვრცელდება საზოგადოებაში, როგორც ერთა ლიგის მიერ აღიარებული, ისევ უხარიათ ადამიანებს და ის ისევ არის გამოკიდებული ქვეყნის მთავარ მუზეუმში.

ისტორიისა და მითოლოგიური „ისტორიული საზღვრების“ სწორი გაგება არ არის განყენებული ერუდიციული ცოდნა, არამედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ გასაღებს  კავკასიის ტერიტორიაზე კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისთვის. ქართველებმა და მეტადრე საქართველოს მმართველმა ელიტებმა კარგად უნდა იცოდნენ როგორც საკუთარი საზღვრების ისტორია, ასევე მეზობლების ხედვა და არგუმენტაცია სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით.

ისტორიისა და მითოლოგიური „ისტორიული საზღვრების“ სწორი გაგება არ არის განყენებული ერუდიციული ცოდნა, არამედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ გასაღებს კავკასიის ტერიტორიაზე კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისთვის.

ისტორიის მანძილზე საქართველოს საზღვრები ყოფილა ვრცელი და ყოფილა მცირე. ოქროს ხანის „დიდი საქართველო“ არ წარმოადგენდა მოდერნული ტიპის ეროვნულ სახელმწიფოს. ამიტომ, „საქართველოს ისტორიული/ეროვნული საზღვრები“ ძალიან პირობითი ცნებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება სპეკულაციისა და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისთვის. საქართველოს შემთხვევა არ არის უნიკალური, მსგავსი დისკუსიები და ისტორიული დიდების ფეტიში მიმდინარეობს რეგიონისა თუ კონტინენტის სხვა სახელმწიფოებშიც.

თანამედროვე საზღვრის ისტორია

თანამედროვე სახით საქართველოს საზღვრები ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს და საბჭოთა მმართველობის პირველ წლებში. სდრ-მ იომა რუსეთთან, სომხეთთან და ოსმალეთთან. 1918 წლის 31 დეკემბერს სომხეთთან ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობით არსებული „შეხების ხაზი“ სამუდამო აღმოჩნდა და დღესაც იმავე წერტილზე გადის სახელმწიფო საზღვარი. ანალოგიურად, 1919 წლის მარტში დენიკინთან ომის შედეგად, ფსოუ/მეხადირის ზოლი იქცა სახელმწიფო საზღვრად, რომელიც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა აღიარა.

ქართულ საზოგადოებასა და ისტორიოგრაფიაში ხშირია სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ჯერ ბრიტანელებმა დაიჭირეს საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია, ხოლო შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობამ მეზობლების სასარგებლოდ „გააჩუქა“ საქართველოს მიწები. საქმეს თუ შევხედავთ გლობალურ მასშტაბში, ეს ასე არ არის.

სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლებში დემოგრაფიული ვითარება იმდენად ჭრელი იყო, რომ ნებისმიერი რაიონის ცალსახად რომელიმე მათგანისთვის მინიჭება ჭირდა. ამასთანავე, ბრიტანელები და ბოლშევიკები ითვალისწინებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ ადმინისტრაციულ დაყოფასაც. მაგალითად, ახალქალაქში მოსახლეობის უმრავლესობა სომხური იყო, მაგრამ რეგიონი ინფრასტრუქტურულად და ეკონომიკურად მიბმული იყო ტფილისს. ამიტომ, ის დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. მეორე მხრივ, სომხური უმრავლესობით დასახლებულ და ტფილისის ყოფილი გუბერნიის შემადგენლობაში მყოფ ლორეს მეტი ბმა ჰქონდა ერევანთან. შესაბამისად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში სადავო უბანი გაყვეს მოდავე რესპუბლიკებს შორის.

როგორც ბრიტანელებმა, ასევე ბოლშევიკებმა სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკას მისცეს რაღაც, მაგრამ არავის მისცეს ყველაფერი. შესაბამისად, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთში, მძაფრია რწმენა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა პატარა რესპუბლიკებს ისტორიული ტერიტორიები წაართვეს. სომხეთს ბრიტანელებმა მისცეს ლორეს სამხრეთი ნაწილი, შუა ზოლი ნეიტრალური დატოვეს, ჩრდილოეთი ქართველებმა დაიკავეს; სამაგიეროდ, ბრიტანელებმავე, საქართველოს მისცეს ახალქალაქი და არდაგანის რაიონის ჩრდილოეთი. ეს იმის გათვალისწინებით, რომ არდაგანი ყარსის სომხური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

საბჭოთა რუსეთმა სომხეთს გადასცა ლორეს ნეიტრალური ზონა, მაგრამ საქართველოს დაუტოვა ახალქალაქი. ამასთანავე, 1921 წელს თურქეთთან მოლაპარაკების პროცესში, სომხური ყარსი დაუთმეს ათათურქს, იმისთვის რომ ბათუმი ბოლშევიკებს შეენარჩუნებინათ. რასაკვირველია, ეს არ გაკეთებულა საქართველოს „ხათრით“. საბჭოთა სახელმწიფოსთვის ბათუმს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ყარსს.

ყველაზე წაგებული ამ გადანაწილებებიდან, ალბათ, სომხეთი გამოვიდა; ყველაზე მოგებული – აზერბაიჯანი. ამ უკანასკნელს ბოლშევიკებმა გადასცეს საქართველოსთან სადავო ზაქათალის ოლქი და ყარაიაზის უბანი. სომხეთთან დავაში აზერბაიჯანს ერგო ყარაბაღი. ეს გადაწყვეტილებები ეკონომიკური გარემოებებით იყო ნაკარნახევი: ზაქათალასა და ყარაიაზში ისედაც აზერბაიჯანული უმრავლესობა სახლობდა, ხოლო სომხებით დასახლებული ყარაბაღი ძველთაგანვე განჯას იყო მიბმული, როგორც ინფრასტრუქტურულად (გზები, რკინიგზები), ასევე ეკონომიკურად. სამაგიეროდ, სომხეთს დაუტოვეს ზანგეზურის (სიუნიქის) რეგიონი და ამის გამო აზერბაიჯანს არ მიეცა ნახჭევანთან პირდაპირი ბმის საშუალება.

კავკასიაში საზღვრების გამო დღესაც ბევრს ომობენ და დავობენ. ეს ხელს უშლის რეგიონს, ჩამოყალიბდეს ერთიან ეკონომიკურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების და კეთილდღეობის სივრცედ. ამის საპირისპირო მაგალითია ბალტიის სამი რესპუბლიკა და პოლონეთი. მათ 1990-იანი წლების დასაწყისში ერთობლივად დაგმეს საზღვრების სტალინური გადანაწილება, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ აღიარებდნენ არსებულ იურიდიულ საზღვრებს და რეგიონში შექმნიდნენ კეთილდღეობის სივრცეს. კავკასიაში რუსეთი არ აღიარებს საქართველოს იურიდიულ საზღვრებს, ხოლო სომხეთი არ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. შედეგად, ხშირად, ეკონომიკისა და დოვლათის ნაცვლად იწარმოება ომი და სიკვდილი. ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საზღვრების ისტორიის განსხვავებული გაგება და ინტერპრეტაციაა, რომლის მეტ-ნაკლებად ობიექტურ და მოკლე ახსნას ამ სტატიაში შევეცადე.

საქართველოს დღევანდელი საზღვრების წარმოშობის შესახებ კი დაწვრილებით აქ წაიკითხავთ:

Back to top button