Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

26-27 იანვარი, 1921: ანტანტამ საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ აღიარა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 1 თებერვალი, N23

საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო

ევგენი გეგეჭკორის დეპეშა

(საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება)

ამ ჟამად ევროპაში მყოფმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რადიო დეპეშით   აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ 27 იანვარს უმაღლესმა საბჭომ იურიდიულად (de iure) სცნო საქართველოს რესპუბლიკა.

დამფუძნებელ კრებაში

30 იანვარს დამფუძნებელი კრების მორიგი სხდომა გაიხსნა ნაშუადღევს 1 საათზე…

დღის წესრიგშია კონსტიტუციის განხილვა. სხდომას თავმჯდომარეობს ალექსანდრე ლომთათიძე. ივანე გომართელი მოხსენებას აკეთებს კონსტიტუციის მე-7 თავის (ფინანსების) შესახებ. სხდომა ჩვეულებრივათ მიმდინარეობს. მოხსენება 40 წამი [წუთი) გაგრძელდა.

ამ დროს დამფუძნებელი კრების კულუარებში უკვე ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ ეს-ეს არის იტალიის მისიის წარმომადგენელმა მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორის მიერ გამოგზავნილი რადიო დეპეშა გადასცა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ იურიდიულად ცნობის შესახებო.

ივ. გომართელის მოხსენების შემდეგ სიტყვა ეძლევა განცხადებისთვის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სიტყვა

(მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ტრიბუნაზე ასვლას დამფუძნებელი კრება მხურვალე ტაშით ხვდება)

მოქალაქენო! მომეცით ნება მოგილოცოთ ის ამბავი, რომელიც ეხლა მივიღეთ: ჩვენ გვატყობინებს ევგენი გეგეჭკორი იტალიის მისიის საშუალებით, რომ ამ თვის 27 უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველო იურიდიულად (ტაში, ოვაციები, ისმის ხმები: „ვაშა“).

ამ აქტით იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში, ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო (ტაში). ჩვენ აქამდის თვითონ ვთვლიდით ჩვენს თავს სახელმწიფოდ, ჩვენ თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად. ამიერიდან კი, ამ ჩვენს აზრს ამ ჩვენს დებულებას, რომელიც ჩვენ ვიღიარეთ ამ სამი წლის წინად, დასთანხმდენ მოწინავე სახელმწიფოები და ჩვენ შევედით საკაცობრიო ოჯახში, როგორც სრულწლოვანი და სრულუფლებიანი, სახელმწიფო სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის.

ჩვენ ამიერიდან არ გვეშინია არავითარი საფრთხის, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოს ცნობა არის აქტი არა წუთიერი, არამედ არის აქტი მუდმივი.

თქვენ იცით, რომ ბელგია იქმნა დაპყრობილი, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ბელგია, როგორც სახელმწიფო არ იქმნება აღდგენილი (ტაში). ამ ჩვენ გართულებულ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ეს ჩვენი იურიდიული ცნობა უდრის დახმარებას, და აი, უნდა უძღვნა სალამი და გულითადი მადლობა გამოვუცხადო იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთაც აი ახლა, ამ აქტით, ჩვენ ხელი გამოგვიწოდეს და ჩვენს მდგომარეობაში აგვამაღლეს.

ვუძღვნი მადლობას ინგლისის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს (ტაში და ხანგრძლივი ოვაციები იტალიის მისიის მიმართ).  აგრეთვე მადლობა უნდა ვუძღვნა ამ სახელმწიფოთა აქაურ წარმომადგენლებს, რომელთაც, ჩვენ ვიცით, დიდი მონაწილეობა მიიღეს ამ საქმეში და აქედან ამ აქტის სასარგებლოდ აწვდიდნენ იქ ცნობებს და ერთნაირად ეწეოდენ პროპაგანდას თავის ოფიციალურ წრეებში. ამ საქმეში მიიღეს მონაწილეობა აქ მყოფმა პოლკოვნიკმა სტოქსმა, შევალიემ და იტალიის მისიამ (ტაში). დღეიდან ჩვენ გვმართებს, რასაკვირველია, უფრო მეტი და გაორკეცებული მუშაობა, სიმაგრე და ერთი ფრონტის შექმნა ყოველგვარ საგარეო საფრთხის წინააღმდეგ, და ეხლა კიდევ უფრო გვმართებს დავაჩქაროთ ჩვენი მუშაობა. ახლა, კი დროა,  მივიღოთ რაც შეიძლება ადრე კონსტიტუციური სახეც, ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ დღეიდან შეგვიძლია გულდამშვიდებით, უფრო მუყაითად ვიშრომოთ და მოვუწოდოთ ყოველ ჩვენ თანამშრომელთ, ყველა იმათ, ვინც აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენ სახელმწიფოს აშენებაში და აგრეთვე მთელ ჩვენ ხალხს, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოსადმი ნდობა და მისი ყველა სახელმწიფოების მიერ აღიარება, როგორც სრულუფლებიან სახელმწიფოსი, გავამართლოთ ჩვენი მუშაობით და ჩვენი სიმტკიცით (ტაში და ოვაციები).

ალექსანდრე ლომთათიძის სიტყვა

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენ ხალხს, ჩვენ ერს აუსრულდა მოლოდინი. მას ჰქონდა უფლება, რომ ასეთი ამბავი მოსვლოდა ევროპიდან, როგორიც აქ თქვენ მთავრობის თავმჯდომარემ მოგახსენათ. ჩვენმა ერმა იცოდა, რომ მისი დაუღალავი ბრძოლა ამ უდიდესი გამარჯვებით დამთავრდებოდა. დღეს, მოქალაქენო, როდესაც ეს ამბავი გადაგორდება ჩვენ ხალხში, არ დარჩება არც ერთი, ვისაც კი უყვარს თავისუფალი სამშობლო, თავისუფალი საქართველო, რომელიც თავის გულითად მადლობას და სალამს არ გაუგზავნის იმ ხალხთ და სახელმწიფოთ, რომელთაც უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ჩვენ ამ გამარჯვების მოპოვებაში.

ჩვენი ხალხი, მთელი ერი, საქვეყნოთ აცხადებს, რომ ის პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას, რომელიც ეკისრება მას ამ საერთაშორისო ხასიათის აქტით, რომელიც თქვენ აქ მოგხსენდით.

ჩვენი ხალხი დაუღალავათ იშრომებს და იმუშავებს, რომ ააყვავოს, გააძლიეროს, დაიცვას მტრისაგან თავისი თავისუფალი სამშობლო და ევროპის ხალხებთან ერთად საკაცობრიო იდეალების გზაზე ძლევამოსილად იაროს.

ნება მომეცით ბატონებო, რომ დამფუძნებელი კრების და მაშასადამე, მთელი ერის სახელით მადლობა გამოუცხადოთ ყველა იმათ, ვინც დაეხმარა ქართველ ერს ამ უდიდესი გამარჯვების მოპოვებაში და უპირველესად ყოვლისა უმთავრესად, რასაკვირველია, ინგლისს და მის ხალხს, საფრანგეთს და მის ხალხს, იტალიას და მის ხალხს გაუმარჯოს მათ (მქუხარე ტაში და ხანგრძლივი ოვაციები უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლობისადმი).

გაუმარჯოს ევროპის დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიას, გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს (ოვაციები და ვაშას ძახილი ფარავენ თავმჯდომარის სიტყვებს).

გაუმარჯოს იმ პატარა ქვეყანას, რომელიც დღეიდან დაამშვენებს დიდ ევროპის დიდ ქვეყნებს თავის დაუღალავი შრომით, მუშაობით ნიჭით და უნარიანობით (ტაში და ოვაციები).

ჩვენი სალამი არ შეიძლება ამ ტრიბუნიდან ამ დიდებულ ჟამს არ მიუძღვნათ ჩვენ შეიარაღებულ ძალას – გვარდიას და ჯარს (ტაში, ოვაციები და „ვაშას“ ძახილი კვლავ ფარავენ თავმჯდომარის სიტყვას).

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button