რესპუბლიკის ამბები

გაზ. „ერთობა“: საბჭოთა რესპუბლიკების დიპლომატიურ მისიების შემადგენლობაში დამნაშავეები და აგენტები შედიან

გაზ. ერთობა, 1921 წლის 21 იანვარი, N14

საქართველო და საბჭოთა სახელმწიფონი

ჩვენი რესპუბლიკის ურთიერთობა საბჭოთა სახელმწიფოებთან სულ უფრო და უფრო რთულდება. ისე დღე არ გავა, რომ რაიმე მრისხანე და წყრომით სავსე ნოტა არ მოვიდეს რომელიმე მათგანისაგან, მაგრამ რაც უფრო მრავლდება ამ ნოტების რიცხვი, მით უფრო აშკარა ხდება, რომ არავითარი წყრომის საბუთი საბჭოთა რესპუბლიკებს საქართველოს წინააღმდეგ არ მოეპოვებათ, რომ ყველაფერი ის, რასაც ისინი უსაყვედურებენ საქართველოს, წარმოადგენს საჩხუბარი მიზეზის ძებნას და შარის მოდებას. განსაცვიფრებელის მოთმინებით და აუღელვებლობით არღვევს საქართველოს მთავრობა ყოველ აბეზარი მეზობლის მიერ მოგონილს ჭორს, ყოველს მოდებულს შარს. იმ საპასუხო ნოტებიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობა უგზავნის საბჭოთა სახელმწიფოებს, სრულიად აშკარა ხდება, რამდენათ უსაფუძვლოა ყოველი მათი გამოსვლა, რამდენათ დაუსაბუთებელია ყოველი მათი ნაბიჯი, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული.

საქართველოს მთავრობის უკანასკნელ საპასუხო ნოტაში მოყვანილია იმისთანა ფაქტები, რომლების გამოქვეყნებაც სრულიად აშკარად ჰყოფს, თუ რა სწადიათ საქართველოს მეზობლებს, რა მოტივით არის ნაკარნახევი ყოველი მათი ნაბიჯი საქართველოს მიმართ. მთავარი მუხლი საბჭოთა სახელმწიფოებისა საქართველოს მიმართ, როგორც ვიცით, ის იყო, რომ მთავრობა აპატიმრებდა დიპლომატიური მისიის წევრებს და თანამშრომელთ. საქართველოს მთავრობის უკანასკნელი ნოტა ცხადჰყოფს, თუ რა „თანამშრომლები“ და „წევრები“ ჰყოლიათ ჩვენს რესპუბლიკაში გამოგზავნილ მისიებს. ამ უკანასკნელთ ორიგინალურად გაუგიათ თავისი დანიშნულება საქართველოში: მათ მზრუნველობის საგანს ის კი არ შეადგენს, რომ მოაწესრიგოს და მოაგვაროს თავისი სახელმწიფოს ურთიერთობა საქართველოსთან  (ასეთი დანიშნულება აქვს ყოველ მისიის გაგზავნას სხვა სახელმწიფოში), თავისი დანიშნულება მათ ისე გაუგიათ, რომ საბჭოთა დროშის ქვეშ შეძლება მიეცეთ კომუნისტებს არა ლეგალურ მუშაობა გასწიონ საქართველოს დამოუკიდებლობის დასამხობად.

კომუნისტები, რომლების საქართველოს მთავრობის მიერ დაპატიმრებულნი და საქართველოდან გაძევებულნი იყვნენ მისი დამოუკიდებლობის დამამხობელი მუშაობისთვის, ყალბი პასპორტებით უკან ბრუნდებიან და „მისიის წევრის“ სახელით უნდათ განაგრძონ ისევ ის მუშაობა, რომელშიაც „ხელი შეუშალა“ მათ საქართველოს მთავრობამ, გადასახლებული კომუნისტი საჯაია ერთი თვის შემდეგ უკან დაბრუნდა „ადერბეიჯანის მისიის პირველი სეკრეტარის ქეთევანიძის“ სახელით და ადერბეიჯანის მისიის მფარველობის ქვეშ და საბჭოთა რუსეთის ფულით აწყობს ჩვენში ტერორისტულს ჯგუფს, ამავე მისიის „თანამშრომლები“ მეჩიტოვი და მიროტაძე თავის თანამშრომლობას იმაში ხედავენ, რომ არა-ლეგალურ აგიტაციას ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ. უკანასკნელი, როგორც კომუნისტი, რამდენჯერმე ყოფილა დაპატიმრებული და, რაკი ვეღარ გაუგრძელებია თავისი მუშაობა, როგორც კომუნისტური პარტიის წევრს მას თავი შეუფარებია აზერბეიჯანის მისიისათვის, ამნაირად მოუნდომებია „შეუალობის“ შეძენა და კომუნისტური აგიტაციის განახლება. მამედ ჰუსეინ მამედოვი „ნარკოფინის კოლეგიის წევრის“ სახელით ბათომის მხარეში ქართველ მუსულმანობას ამხედრებს საქართველოს წინააღმდეგ და ამ მიზნით ხარჯავს აუარებელს ფულს.

ასეთია საბჭოთა სახელმწიფოების მისიების მოღვაწეობა. ცხადია, რა მიზნები აქვს ამ მისიების ყოფნას საქართველოში. შეიძლება იფიქროს ვინმემ, რომ მისიები შეცდომაში ყოფილან შეყვანილნი თავის თანამშრომელთა მიერ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხსენებული ფაქტები გამოაშკარავებულია, მას შემდეგ, რაც ცხადია, რა „თანამშრომლებთან“ და რა „მისიის წევრებთან“ გვაქვს საქმე, საბჭოთა რესპუბლიკების მისიები მოვალენი არიან აღიარონ თავისი შეცდომა და ბოდიში მოიხადონ იმ ზიანისთვის, რომელიც მათ თავის შეცდომებით საქართველოს მიაყენეს. საბჭოთა სახელმწიფოების მისიები ასე არ სჩადიან: იგინი პირიქით, თავის მოვალეობად და მთავარ დანიშნულებათ იმას სთვლიან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ყოველი კომუნისტის დაპატიმრების გამო საპროტესტო ნოტები უნდა გზავნონ და ამით შესაძლებელი გახადონ კომუნისტური მუშაობის გაწევა საქართველოს საზღვრებში. რა ვუყოთ, თუ ეს ეწინააღმდეგება საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის დადებულს ხელშეკრულებას: ყველამ იცის, თუ რა თვალით უცქერიან შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს საბჭოთა სახელმწიფოების მთავრობანი და საზოგადოთ, კომუნისტები. იქ, სადაც შეიარაღებული ძალით ვერას გახდებიან, ისინი ცდილობენ შეთანხმება მოახდინონ, მისიის ნიღაბ ქვეშ შეგზავნონ შეთანხმებულ სახელმწიფოში თავის აგენტები, აუარებელი ფულის საშუალებით გააჩაღონ მის წინააღმდეგ აგიტაცია და ამ გზით მოახდინონ მისი გადატრიალება და საბჭოთა რუსეთის მიერ დამორჩილება. ცხადი ხდება ისიც, თუ რა აზრი აქვს იმ არსად გაგონილს მრავალ რიცხოვნებას, რომელიც საყოველთაო ყურადღებას იპყრობს საბჭოთა სახელმწიფოების მისიებში.

საქართველოსა და საბჭოთა სახელმწიფოების ურთიერთობა სრულიად გამორკვეული და აშკარაა, არავითარი ნოტები აღარ არის საჭირო: კომუნისტურმა რესპუბლიკებმა მრავალრიცხოვანი მისიებითაც ვერაფერი გააწყეს და ვერ მოახერხეს ჩვენი რესპუბლიკის აფეთქება და დღეს ისინი შარებს ეძებენ საქართველოს მიმართ. ასეთია ის ხანა, რომელშიაც იმყოფება საქართველოს ურთიერთობა საბჭოთა სახელმწიფოებთან.

მსგავსი/Related

Back to top button