რესპუბლიკის ამბები

ზაქარია ჭიჭინაძე: ვისია ზაქათალა?

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 19 იანვარი, N13

ვისია ზაქათალა?

[1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა  და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების დამატების მიხედვით, მართალია რუსეთი ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა აქვე აღნიშნავდა, რომ ზაქათალას ოლქის მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით რუსეთის შუამავლობით  უნდა შექმნილიყო ქართულ-აზერბაიჯანული კომისია. ამავე დამატების მიხედვით ორივე მხარეს ეკრძალებოდა ოლქში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანა. ამ დროისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მცირე სამხედრო ჯგუფები იმყოფებოდნენ ოლქში. 1920 წლის ბოლოდან საბჭოთა აზერბაიჯანმა ფარულად დაიწყო ოლქში  ჯარის ნაწილების შეყვანა, ქართულმა მხარემ საპროტესტო ნოტა გაგზავნა მოსკოვსა და ბაქოში და მოითხოვა პროვოკაციების შეჩერება. ზაქათალის საკითხის გარშემო 1920 წლის ბოლოსა და 1921 წლის დასაწყისში არაერთი სტატია გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის მიხედვით ზაქათალის ოლქს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში ენიჭებოდა ავტონომიური მმართველობის უფლება. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ზაქათალის თემს აზერბაიჯანის თათრები გვედავებიან, ამ დავას ქართველი ბალშევიკებიც იწყებენ; გაზ. „კომუნისტის“ მუხანათებმა ამ საკითხის გარშემო განგაში ასტეხეს ისინი ისეთ ყალბ ცნობებს ავრცელებენ, რომლებიც სრულიადაც არ შეეფერება სინამდვილეს.

ზაქათალა არის კახეთის თემი, ამ კუთხეს ძველათ ერქვა „კამბეჩოვანი“, მერე ამ კამბეჩოვანის გამო ამ თემს სწორეთ იმ ალაგას, სადაც დღეს ზაქათალა გახლავთ მას დაერქვა „ზაქთა თალა“, ეს იგი კამბეჩების პატარა ზაქების საძოვარი. ამის ცნობა ხომ „ქართლის ცხოვრებაშიაც“  არის, მაგრამ ამის შეგნება ბალშევიკებს არ უნდათ.

მეორე ცნობა გახლავსთ კიდევ რაც პატივცემულ დიმიტრი ჯანაშვილსაც აქვს მოყვანილი, რომ ამ თემს ძველათ ეწოდებოდა „ჰერეთი“, ეს ვრცელი ისტორიული გამოკვლევა დაიბეჭდა 1900 წელს, ჟურნალ „მოგზაურში“. აქვე ამავე ისტორიულ გამოკვლევაშიაც არის მოყვანილი შემდეგი ისტორიული ცნობა ზაქათალის თემის შესახებ.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ამ ადგილას, სადაც დღეს ზაქათალა რის, იქ, იმ ადგილის მფლობელი იყო ვინმე ქართველი ზაქარია, ამიტომ ამის შემდეგს დროში, ანუ XVII საუკუნეში, თათრებთაგან ეწოდა ზაქარიას მაგიერ თათრულათ „ზაქათალა“. თათრულათ ზაქარას ეწოდება ზაქი, აქედან არის ეს სიტყვა წარმომდგარი და იგი არის ქართველების საკუთრება, მაგრამ ბალშევიკებმა არც ეს იციან თურმე.

წავედით კიდევ ქვემოთ:

ზაქათალა არის ქართველების საკუთრება, აქ არის დაშთენილი ქართული ძველი ეკლესიები, რომლებიც ნაშენებია ქრისტიანობის მიღების პირველ საუკუნეებში, აქ სოფლებს ეწოდება ქართული სახელები; მთებს, ტყეებს და ყოველ კუთხეს.

ბალშევიკებმა უნდა იცოდნენ ისტორია და ჰქონდეთ გაგება იმისა, რასაც სჩემობენ: XVII საუკუნის დამდეგიდან, კახეთს შემოესია სპარსეთის ტირანი, შაჰ-აბასი, ამან ააოხრა ნამეტურ კახეთი, ზაქათალის თემი, სულად დაარბია და ნახევარზე მეტი ქართველობა აქედამ სპარსეთში გადაასახლა, ამ ბოროტებაში მას ლეკებიც ეხმარებოდენ. ზაქათალის თემში მაინც ქართველს რიცხვი იმოდენა დარჩა, რომ ყველა სოფელში თუმც არა მრავლათ მაინც ქართველთა რიცხვი სჩანდა. რაკი იმ დროდამ კახეთი უძლურ იქმნა, ამიტომ სპარსელებმა და ამათთან ერთად ლეკებმა იმძლავრეს და აქაური ქართველობა სულ გაათათრეს და ზოგიც გაალეკეს, ამის შემდეგ იქ სპარსელებმა და ლეკებმა დევნა უწყეს როგორც ქართულს ენას, ისევ ქართულს ნაშთებს, თითქმის ყველაფერს და ასე ამგვარათ  სპარსთა და ლეკების წყალობით ეს ძირეული ქართველების კუთხე XVII საუკუნიდან გახდა სპარს-ლეკების ბუნაგათ, ამ დრომდის კი ეს კუთხე იყო საქართველოს და ქართველი ერის საკუთრება.

ამგვარათ წაართვეს სპარსელებმა და ლეკებმა ქართველებს საკუთარი მიწა, საქართველოს ადგილები და დღეს თუ საქართველოს მთავრობა ადერბეიჯანის მთავრობის ზაქათალის და მის თემს ართმევს, ესენი ართმევენ თავიანთ მამა-პაპეულის საკუთრებას, თავიანთ სამშობლო საქართველოს ტერიტორიას და არა ადერბეიჯანის საკუთრებას.

ზაქარია ჭიჭინაძე

მსგავსი/Related

Back to top button