skip to content
რესპუბლიკის ამბები

განათლების სამინისტრო: 1918-20 წლებში 920 ახალი სკოლა გაიხსნა

გაზ. ბათომის ცხოვრება, 1921 წლის 19 იანვარი, N13

სკოლების რიცხვი

სრულიად საქართველოს მასწავლებელთა ყრილობაზე სახალხო განათლების სამინისტროს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საქართველოს სკოლათა რიცხვის შესახებ შემდეგი ცნობაა.

ძველ რუსულ რეჟიმს ჩვენში ფეხის შემოდგომიდან 1917 წლამდე დასავლეთ საქართველოში სულ დაუარსებია 497 სკოლა, განახლებულ საქართველოს კი 1918 წლიდან გაუხსნია 326 სკოლა.

ამჟამად იმერეთში* არსებობს სულ 923 სკოლა.

აღმოსავლეთ საქართველოში იყო 344 სკოლა, ახლა არსებობს 620 სკოლა. სოხუმის ოლქში იყო 64 სკოლა, ახლა არის 205 სკოლა. საქართველოში წინად იყო 824 სკოლა ახლა არის 1745 დაწყებითი სკოლა.**

მასწავლებელთა რიცხვს უმატნია ერთი-ორად. ქუთაისის გუბერნიაში წინად იყო 72 000 მოწაფე ახლა არის 140 000 მოწაფე, თბილისის გუბერნიაში იყო 25 000 არის 37 000 მოსწავლე. იმედის მომცემი და სასიხარულო ციფრებია.

სახალხო განათლების მხრით ჩვენი წარმატება ცივი ციფრებით აშკარად სჩანს. სხვანაირად არც შეიძლებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპია პირველდაწყებით საყოველთაო უფასო სწავლა განათლება და საერთოდ მთელ ხალხში ფართე განათლების შეტანა, რომ ამით ქართველი ხალხის შეგნება სასურველ საფეხურზე დავაყენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი განსხვავებაა სკოლების წინანდელ და დღევანდელ რიცხვს შორის ჩვენ მაინც ვერ დაგვაკმაყოფილებს. დასავლეთ საქართველოში სადაც მცხოვრებთა რიცხვი ნახევარ მილიონამდეა 1000 სკოლა საკმარისი ვერ იქნება, ჯერჯერობით აუცილებელია სკოლათა რიცხვი ორიათასამდე მაინც ავიდეს. აგრეთვე მეტად მცირეა სკოლების რიცხვი აღმოსავლეთ საქართველოში, ამ საქართველოს კულტურულ ცენტრში, რაც სამწუხაროა და უთუოდ უნდა გადიდდეს.

სამინისტროს ცნობებიდან არა სჩანს თუ რა ტიპის სკოლები დაარსდა ან როგორ სწავლა განათლებას აძლევენ ჩვენ სოფლებს.

როგორც ცნობილია ჩვენ იმ თავიდანვე ვსაჭიროებდით უმთავრესად სპეციალ ცოდნის მომცემ სკოლებს, რომ სოფლის სკოლებში კურს დამთავრებულ ყრმათ შესძლებოდათ სოფლის მეურნეობის დარგში მუშაობა ახალ იარაღით თავის მამის გვერდში ამოდგომა.

განყენებული საერთო ცოდნა სოფლისთვის გამოსადეგი არ არის, სახალხო განათლების საქმეში ამ გარემოებას უნდა მეიქცეს უმთავრესი ყურადღება, სკოლამ სოფლის ხალხი უნდა დააინტერესოს როგორც რეალურ ხელ შესახებ სარგებლის მომტანმა წყარომ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეც იქნება და სოფლის ახალი თაობა აღიზრდება ისეთ ცოდნით, რომელიც სკოლის კედლებიდან პირდაპირ დაიწყებს სოფლის კეთილდღეობისთვის შრომას..

ირაკლი.

*ყოფილ იმერეთის გუბერნიაში, ბათომისა და სოხუმის ოლქის გამოკლებით;

**ამ რიცხვში არ შედის უმაღლეს დაწყებითი, 4 კლასიანი სკოლები, რომელთა რიცხვი 1918-1920 წლებში  127-დან 179-მდე გაიზარდა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნები

 

მსგავსი/Related

Back to top button