ახალი ამბები

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტმა ახალი მთავრობის ძველი შემადგენლობა დაამტკიცა

24 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობის ძველ შემადგენლობასა და მის ასევე ძველ მეთაურს, გიორგი გახარიას, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, 11 დეკემბერს მუშაობას ოფიციალურად შეუდგა, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა ახალი კაბინეტი, იმავე შემადგენლობით, 18 დეკემბერს წარუდგინა. ცვლილება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს შეეხო, ამ პოსტზე დროებით გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა, რომელიც თეა წულუკიანის გადადგომის შემდეგ, მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. დიდი ალბათობით, ლორთქიფანიძე პოსტს რამდენიმე თვეში დატოვებს, რამდენადაც იგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ქვემოთ მთავრობის სრული შემადგენლობაა წარმოდგენილი:

  • მიხეილ ჩხენკელი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
  • ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
  • გოჩა ლორთქიფანიძე – იუსტიციის მინისტრი;
  • ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი;
  • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • თეა ახვლედიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მინისტრობის კანდიდატებს 21-22 დეკემბერს კომიტეტების ფარგლებში მოუსმინეს. პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია კი – დეპუტატების წინაშე, 23 დეკემბერს, ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე წარსდგა. გახარიას დღეს რიგგარეშე სესიაზეც მოუსმინეს.

გიორგი გახარიამ დღეს კანონმდებლებს უთხრა, რომ მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს კვლავ ცალკე სამინისტროდ გამოყოფას გეგმავს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს, მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს შეუერთდა.

გიორგი გახარიამ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს ახალი სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვისაც“ წარუდგინა. ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მთავარი ამოცანაც 2024 წელს ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებაა, შემდეგ ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საერთაშორისო ფორმატების გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მანვე „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან“ ნდობისა და „ხიდების აღდგენის“ კონტექსტში „სამშვიდობი ინიციატივების“ მიმართულებით მუშაობის გაგრელდების აუცილებლობაც აღნიშნა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე“, – დაამატა მან.

პრემიერმა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას, თქვა, რომ „ნატოსთან თანამშრომლობა, [მის] სრულ წევრობამდე, ნებისმიერი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტია“. მანვე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოებისა და ეკონომიკური, აგრეთვე დემოკრატიის მიმართულებებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ქვეყნის უსაფრთხოებისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მთავარ წინაპირობებად გიორგი გახარიამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა, პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიციის, აგრეთვე დამოუკიდებელი პროკურატურისა და არმიის არსებობა დაასახელა.

თავის სიტყვაში გიორგი გახარიამ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება მთავრობის ოთხწლიანი გეგმის პრიორიტეტებად დაასახელა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების „ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მანვე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით არსებული პროგრამების დახვეწაზე და გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. „საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა არ ჰქონდეთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმირება განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის ნაწილში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი სახელმწფო აპარატის არსებობის, საჯარო სექტორის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოხელეებით დაკომპლექტებისა და სხვადასხვა მიმართულებით რეფომების გატარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

სიტყვის დასასრულს, გიორგი გახარიამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციაც ახსენა და თქვა, რომ „კომფორტული არ არის“, როდესაც ისინი სხდომას არ ესწრებიან, რადგანაც „ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიასა და კამათში“. მანვე ოპოზიციური პარტიები იმ „დესტრუქციული ქმედებებისთვისაც“ გააკრიტიკა, რომლებიც „სახელმწიფოს წინააღმდეგ“ არის მიმართული. „თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“, – მოუწოდა მან ოპონენტებს.

ოპოზიციის შეფასება

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ოპოზიციაში შეაფასეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მმართველი გუნდი ოპოზიციის მიმართ „ზიზღის“ გავრცელებაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიცია ახალ პარლამენტს „ლეგიტიმაციას“ არ ანიჭებს. „ერთპარტიული პარლამენტები ზოგადად მთავრდება ხოლმე რეჟიმის შეცვლით“, – დაამატა მან.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და მის ლეგიტიმურობას არცერთი ოპოზიციური პარტია აღიარებს, „მთავრობის დამტკიცება აჩენს სერიოზულ კრიზისს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“.

მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას „საბჭოთა გეგმა-სადღეგრძელო“ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა. „გპირდებით ყველაფერს, შევასრულებთ არაფერს“, – დაამატა მან.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სადეპუტატო მანდატები 9 პოლიტიურმა სუბიექტმა მოიპოვა, თუმცა ამ დრომდე სხდომებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან. რვავე ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარს ამბობს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ცესკო თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ. მმართველი გუნდი ოპოზიციის ამ მოთხოვნებს არ იზიარებს.

ასევე წაიკითხე: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button