skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

ოპოზიციის მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადების, ახალ პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტისა და რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების შუამავლობით პოლიტიკური დიალოგი დაიწყო.

იმ 9 პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს, დღეს დაახლოებით 15:00 საათისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ და არგუმენტები გაცვალეს. შეხვედრას შუამავლობას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც უწევდა.

დაახლოებით ოთხსაათიან შეხვედრაზე მმართველ პარტიას მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენდა. მოლაპარაკების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანია“ და დაამატა, რომ „ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი“.

თალაკვაძემ დიალოგის გაგრძელების გზით, „საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგებამდე“ მისვლის იმედი გამოთქვა, და ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდის დიდი სურვილია, მხარეებმა „პოზიციები დააახლოვონ“. „დღევანდელი შეხვედრაც გარკვეულწილად ამას ემსახურებოდა“, – აღნიშნა მანვე.

„ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომლებიც ყველა მხარეს ჰქონდა… რაც შეეხება საკითხებსა და პოზიციებს, რომლებიც არის განსხვავებული, აქ ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ყველამ ერთად გადავამოწმოთ ყველა ის კითხვა, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული. ჩვენ გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ პირველივე შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმების მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს, ამიტომ მან მოლაპარაკების კიდევ ერთ რაუნდზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც თალაკვაძის თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება. „დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მოლაპარაკებების მაგიდა არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკოსებმა საერთო ენა უნდა გამოძებნონ“, – დასძინა მან და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს მხარდაჭერისა და შეხვედრის ფასილიტატორობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, „პასუხისმგებლიანი“ პოლიტიკური ძალები კომპრომისის მოძებნას უნდა შეეცადონ. მანვე აღნიშნა, რომ ამის სივრცე ნამდვილად არსებობს, თუმცა დასძინა, რომ კომპრომისი იმის ხარჯზე ვერ შედგება, რაც „არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო“.

„ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის, საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“, – ხაზი გაუსვა დავით ბაქრაძემ.

მიუხედავად ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციებს შორის „დიდი განსხვავებისა“, მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში, „ქვეყნის ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე“, მხარეები „შეთანხმებისკენ წასვლას“ მოახერხებენ. მანვე არც ის გამორიცხა, რომ, შესაძლოა, „შეთანხმება ვერ შედგეს“ და დაამატა, რომ „ამის მაღალი ალბათობა არსებობს“.

„ეს არის ისეთივე რთული პროცესი, შეიძლება კიდევ უფრო რთულიც, როგორიც იყო წლის დასაწყისში არსებული მოლაპარაკებები, რომელიც დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით… [თუმცა], როგორც პასუხისმგებლიან ოპოზიციას ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე, ამიტომ ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი“, – თქვა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესში „პასუხისმგებლობის ძალიან დიდი ნაწილი არის მმართველი გუნდის მხარეს, [თუ] რამდენად გაიაზრებენ ისინი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმეს“.

შეხვედრის დროს ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნებას გაუსვეს ხაზი სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და ალეკო ელისაშვილმა. მათვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა, ასევე დაგეგმილი საპროტესო აქციები კვლავ ძალაშია.

შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა მედიასთან არ უსაუბრია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს, რომლის მიერ ორი დღის წინ, პოლიტიკური პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანაზე განცხადებას ოპოზიციური პარტიებში, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაშაძემ ისიც თქვა, რომ „ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგი, ჩაიშალა“. საპასუხოდ, ოპოზიციაში თქვეს, რომ მათ ამ დიალოგის შესახებ არაფერი იცოდნენ.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, ლელომ, პატრიოტთა ალიანსმა, მოქალაქეებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ 31 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა, ახალ პარლამენტს კი – ბოიკოტი გამოუცხადეს. მას შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა, საქართველოს მასშტაბით, არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს. დანარჩენი ოპოზიციისგან დინსტანცირდა და დამოუკიდებელი საპროტესტო აქციები დაგეგმა პატრიოტთა ალიანსმა. თუმცა, აშშ-ის ელჩის საცხოვრებელ სახლში გამართულ დიალოგს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი სხვა ბარიერგადალახული შვიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად დაესწრო.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
 

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button