skip to content
ახალი ამბები

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საქართველოს 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება. ცვლილებები კულტურისა და სპორტის, ასევე სასჯელაღსრულებისა და დევნილთა სამინისტროებს ეხება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველ პარტიასთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციების შემდეგ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი გაუქმდება.

ბახტაძის თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. კერძოდ, დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით, რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყმება. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

ცვლილებების შედეგად, სამინისტროები, სავარაუდოდ, შემდეგი სახელწოდებებით დარჩება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისრო;
  • ფინანსთა სამინისტრო;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • თავდაცვის სამინისტრო;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
  • იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტრო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტრუქტურულ ოპტიმიზაციასთან ერთად, ეტაპობრივად შემცირდება სამთავრობო ხარჯებიც და ის მშპთან მიმართებით 3.9 %-ზე ჩამოვა [მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 4.5%-ია]. მისივე თქმით, ეს არის „საუკეთესო პრაქტიკა“ და „საერთაშორისო გამოცდილება“, რომლითაც „წარმატებული ეკონომიკები იმართებიან“. მისივე განმარტებით, ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები სხვადასხვა ინიციატივების სახით, ისევ საზოგადოებას მოხმარდება.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ეკონომიკური გამოწვევებისთვის, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – დასძინა მანვე.

რაც შეეხება იმას თუ ვინ დატოვებს თანამდებობას და ვინ შეინარჩუნებს პოსტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, დღეს მამუკა ბახტაძეს ამაზე არ უსაუბრია. მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ახალ სახეებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები დასრულებულია და მათ საზოგადოება პარლამენტში წარდგენისას იხილავს. მისივე განცხადებით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობა საქართველოს პარლამენტს დღესვე მიმართავს.

მამუკა ბახტაძის კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 20 ივნისს მოიპოვა. თუმცა, მთავრობის არსებული შემადგენლობა დროებითია და მას შემდეგ, რაც სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button